მედიის როლი და ფუნქციები
მედია (ლათინური medium) კომუნიკაციის ერთ-ერთი არხია, რომლითაც სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია - გასართობი და საგანმათლებლო მასალა, სტატისტიკური მონაცემები, რეკლამა და სხვა ვრცელდება. პირისპირ კომუნიკაციის ნაცვლად, ინფორმაციისა და სხვადასხვა შინაარსის მასალების გავრცელება რამდენიმე ფორმით ხდება:
- ბეჭდვითი - გაზეთი, ჟურნალი, ბიულეტენი, წიგნი, კომიქსი და სხვა;
- ვიზუალური - ტელევიზია, ფილმი, ფოტო, ნახატი;
- აუდიო - რადიო, მუსიკა, CD, MP3 ფაილები;
- ციფრული - ინტერნეტი, სოციალური მედია, ელექტრონული ფოსტა, ვიდეო-თამაშები.
მედიის 7 ძირითადი ფუნქცია
- ინფორმირება. მედიის მთავარი ფუნქციაა მოქალაქეების უზრუნველყოფა ინფორმაციით, რომელიც მათ თვითმმართველობისა და თავისუფლებების რეალიზებისთვის ესაჭიროებათ. დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანები გადაწყვეტილებებს ინფორმაციის საფუძველზე იღებენ, ამდენად ინფორმირებული მოქალაქე დემოკრატიული პროცესის მნიშვნელოვანი აქტორია. მედიას კი, საზოგადოების მრავალფეროვანი, სანდო და ზუსტი ინფორმაციით უზრუნველყოფის მხრივ, საკვანძო ფუნქცია აკისრია.
- ცოდნა. მედია საზოგადოებას არა მხოლოდ ინფორმაციას უნდა აწვდიდეს, არამედ უხსნიდეს კონტექსტს და აძლევდეს ცოდნას, თუ რა გავლენა აქვს პოლიტიკის ამა თუ იმ გადაწყვეტილებას თუ რეგულაციას მის ცხოვრებაზე.
- მეთვალყურეობა (“მოდარაჯე ძაღლი”). მედიას მეოთხე ხელისუფლებასაც კი უწოდებენ, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ხელისუფლების სამი შტოს - საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო - საქმიანობის მეთვალყურეობა და კონტროლია. ეს ფუნქცია ინგლისური სიტყვა Watchdog-იდან მომდინარეობს, რაც “მოდარაჯე ძაღლს” ნიშნავს. მედია ხელისუფლების საქმიანობას და გზავნილებს სკეპტიკური პოზიციიდან აფასებს და მის ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.
- სახალხო ფორუმი. მედია საზოგადოებას საჯარო კრიტიკისა და მსჯელობის პლატფორმას სთავაზობს, რომელიც მოსაზრებათა მრავალფეროვნებას უნდა უზრუნველყოფდეს და პლურალიზმს უწყობდეს ხელს. საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საჯარო დებატები ფაქტებს უნდა ეფუძნებოდეს და მედია ამ პროცესში შუამავლის ანუ მოდერატორის როლს უნდა ასრულებდეს.
- ადვოკატირება. მედია ადვოკატირება მედიის მეშვეობით გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მოხდენას გულისხმობს.
- გართობა. გართობა მედიის ერთ-ერთი ფუნქციაა. მომხმარებელი ხშირად მედიისგან დაძაბულობის მოხსნა და გასართობ შინაარსს მოელის. ფილმების, სერიალების, სპორტული პროგრამებისა და სხვადასხვა გასართობი შოუების ფორმით მედია რეკრეაციულ ფუნქციას ასრულებს.
- გაყიდვა. მედია პროდუქციის, მომსახურებისა და იდეების პოპულარიზაციისა და რეალიზაციის სივრცეა, ანუ რეკლამის გავრცელების და აუდიტორიისთვის გარკვეული სერვისის შეთავაზების მთავარი საშუალებაა.