მედიის მფლობელობის და დაფინანსების გამჭვირვალობა
დემოკრატიულ საზოგადოებაში მედიის საკუთრებისა და დაფინანსების გამჭვირვალობა ძლიერი პლურალიზმის აუცილებელი ინსტრუმენტებია. მედია პლურალიზმის ფართო გაგება, სხვა საკითხებთან ერთად, ეკონომიკურ განზომილებასაც მოიცავს, რამაც შესაძლოა, მედია გამოცემების სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფის და ფუნქციონირების რისკები შექმნას. მფლობელობისა და დაფინანსების წყაროების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია შესაძლებლობას გვაძლევს, მედია ბაზრის სიცოცხლისუნარიანობა შევაფასოთ და განვსაზღვროთ, თუ რამდენად ახდენენ გავლენას სარედაქციო გადაწყვეტილებებზე პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები, მათ შორის მედია საშუალებების მფლობელები და რეკლამის დამკვეთები.
“მედია პლურალიზმისა და მედია მფლობელობის გამჭვირვალობის შესახებ” ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია CM/Rec(2017x)xx, მედია გამოცემების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობის უზრუნველყოფისა და მედიის ანგარიშვალდებულების გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, წევრი სახელმწიფოებისათვის სპეციალურ კრიტერიუმებს ადგენს. ევროპის საბჭო წევრ სახელმწიფოებს ისეთი კანონმდებლობის მიღებისა და განხორციელებისაკენ მოუწოდებს, რომელიც შემდეგი ინფორმაციის გამჟღავნების ვალდებულებას დააწესებს:
- მედიის შემოსავლების წყაროების, მათ შორის სახელმწიფოს და დაფინანსების სხვა მექანიზმების, ასევე (სახელმწიფო) რეკლამის შესახებ;
- სხვა მედია საშუალებებთან ან სარეკლამო კომპანიებთან, პოლიტიკურ პარტიებთან ან სახელმწიფოსთან არსებული სტრუქტურული ან სახელშეკრულებო თანამშრომლობის შესახებ, მათ შორის სახელმწიფოს მიერ დაკვეთილ რეკლამასთან მიმართებით.
ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებულ სახელმძღვანელო პრინციპებში მოცემულია რამდენიმე რეკომენდაცია წევრი სახელმწიფოებისათვის იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გახდეს მედიის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი საზოგადოებისათვის, მათ შორის ადგილობრივ კანონმდებლობაში შესაბამისი დებულების ინტეგრირების გზით.
- სახელმძღვანელო პრინციპი #1: მედიის შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობა: “ეს უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ დაცული იყოს იმ პირთა ან ორგანოების უფლებები და ლეგიტიმური ინტერესები, რომელთაც კანონით გამჭვირვალობის ვალდებულება აქვთ. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გამჭვირვალობის ვალდებულების დაბალანსებას ვაჭრობისა და ინდუსტრიის თავისუფლების პრინციპთან მიმართებით, ასევე მონაცემთა დაცვის, კომერციული საიდუმლოების დაცვის, მედიის ინფორმაციის წყაროს კონფიდენციალობის და სარედაქციო საიდუმლოების დაცვასთან მიმართებით.”
- ამავდროულად, ასეთი კანონმდებლობის შემუშავების წინაპირობა სხვადასხვა ტიპის მედია საშუალებების მიმართ (სამაუწყებლო, ბეჭდური და ონლაინ მედია) განსხვავებული რეგულაციებისა და პოლიტიკის არსებობას გულისხმობს. რეკომენდაციის მიხედვით, ვალდებულებების ზღვარი შეიძლება ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით განისაზღვროს, როგორიცაა მედია საშუალების კომერციული ხასიათი, ფართო აუდიტორიაზე წვდომა, სარედაქციო კონტროლის განხორციელება, გამოცემის ან ტრანსლაციის სიხშირე და სისტემატურობა და სხვ.
სამაუწყებლო მედია
სხვადასხვა ქვეყნებში ინფორმაციის გასაჯაროების განსხვავებული ვალდებულებები მოქმედებს. სავალდებულო ინფორმაცია, რომელიც გასაჯაროებას ექვემდებარება, როგორც წესი, მოიცავს დეტალებს აქციათა მფლობელების/მეწილეების და მედიაკომპანიაში მათი კუთვნილი წილის რაოდენობაზე, პირდაპირი და არაპირდაპირი სარგებლის, მფლობელების პოლიტიკური ან სხვა კავშირების, სხვა კომპანიებში მედია ორგანიზაციის წილებზე, შემოსავლის წყაროებზე და სხვა. შემოსავლის რაოდენობა, როგორც წესი, წლიურ ანგარიშებში აისახება, თუმცა შემოსავლის წყაროები ყოველთვის იდენტიფიცირებული არ არის.
გამჭვირვალობის ვალდებულებები საქართველოში მხოლოდ სამაუწყებლო მედიაზე ვრცელდება. “მაუწყებლობის შესახებ” კანონში 2011 წელს შესული ცვლილებების თანახმად, ოფშორულ კომპანიებს მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის (ავტორიზაციის) ფლობა ეკრძალებათ, ხოლო მაუწყებლებს ბენეფიციარი მესაკუთრეების ვინაობის გამჟღავნების ვალდებულება ეკისრებათ. ფინანსური გამჭვირვალობის თვალსაზრისით, კანონში 2013 წელს შეტანილი ცვლილებების შედეგად, ყველა მაუწყებელს საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისათვის დაფინანსების წყაროების შესახებ კვარტალური ანგარიშის წარდგენის ვალდებულება დაეკისრა, მათ შორის რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან, მფლობელის ან სხვა პირის მიერ განხორციელებული შემოწირულობებიდან მიღებული შემოსავლის შესახებ. კვარტალური ანგარიშები ხელმისაწვდომია კომისიის ვებ-გვერდზე. მაუწყებლები ასევე ვალდებულები არიან, კომისიას წარუდგინონ და საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდებზე გამოაქვეყნონ წლიური ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, ლიცენზიის პირობებისა და ქცევის კოდექსის შესრულების, ასევე წინა წლის დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს აუდიტის დასკვნა უნდა დაერთოს. მაუწყებლებს ასევე აქვთ ვალდებულება, მარეგულირებელს წარუდგინონ ინფორმაცია გასული წლის აქტივებისა და პასივების, აგრეთვე გასულ წელს განხორციელებული ინვესტიციების (მათი ოდენობისა და ინვესტორთა მითითებით) შესახებ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების მოდელები
-
აღჭურვილობის/მომსახურების მიღების ლიცენციის გადასახადი;
-
უნივერსალური საყოფაცხოვრებო ლიცენციის გადასახადი;
-
საშემოსავლო გადასახადის დაქვითვა;
-
საპარლამენტო გრანტები;
-
მიზნობრივი მოსაკრებელი.
ონლაინ მედია
მფლობელის შესახებ ინფორმაციის მედია საშუალების ვებ-გვერდზე გამოქვეყნების ან საზოგადოებრივი რეესტრისთვის წარდგენის ვალდებულება მედიის მფლობელის შესახებ საზოგადოების ინფორმირების ეფექტიანი მექანიზმია. ავსტრიაში, ხორვატიაში, ლუქსემბურგსა და თურქეთში ანგარიშგების ვალდებულება მედიის სამივე სექტორს ეხება. 2011 წელს ავსტრიამ “მედიის შესახებ” კანონში ცვლილებები შეიტანა და შესაძლებელი გახადა ყველა ტიპის მედიის მფლობელი შესახებ ინფორმაციის პირდაპირ საზოგადოებისათვის გამჟღავნება. ხორვატიაში უცხოურ და ადგილობრივ მედიას მფლობელის შესახებ ინფორმაციის ონლაინ ხელმისაწვდომ ოფიციალურ საკანონმდებლო მაცნეში (Official Gazette) ყოველწლიური გამოქვეყნება ევალება. ინფორმაცია მოიცავს საკუთრებაში არსებულ წილებს, პირდაპირ და არაპირდაპირ სარგებელს, ზოგად მონაცემებს ფინანსებთან და აუდიტორიასთნ დაკავშირებით.
დიდი ბრიტანეთი კარგი მაგალითია იმისა, თუ რამდენად მარტივად ხელმისაწვდომია საჯარო ინფორმაცია კომპანიის მფლობელის შესახებ. ყველაზე დიდი მედია კორპორაციები: Guardian Media Group, Independent News and Media, Trinity Mirror, News International და სხვები არამხოლოდ ინფორმაციას აქვეყნებენ მფლობელების შესახებ, არამედ ფინანსურ შემოსავლებსა და დეტალურ ფინანსურ ანგარიშსაც, მათ შორის, ონლაინ საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლის შესახებ.
ციფრული მედიის დაფინანსების მოდელები სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია. ესენია ძირითადად:
- რეკლამაზე დაფუძნებული მოდელი;
- სააბონენტო მოდელი;
- შემოწირულობაზე დაფუძნებული მოდელი;
- ქრაუდფანდინგზე დაფუძნებული მოდელი;
- ან რამდენიმე ჩამოთვლილი მოდელის კომბინაცია.
შემოწირულობებზე და ქრაუდფანდინგზე დაფუძნებული მოდელები მხოლოდ იმ ორგანიზაციების და კერძო პირების შემოწირულობაზე არიან დამოკიდებულნი, რომლებიც კონკრეტულ სარედაქციო პოლიტიკას უჭერენ მხარს და შემოწირულობას საზოგადოებრივი კეთილდღეობისათვის ახორციელებენ. ქრაუდფანდინგის ერთ-ერთი პირველი გამოცდილება ჰოლანდიურ ვებ-გვერდ De Correspondent-ს ჰქონდა. 2013 წელს ვებ-გვერდმა ქრაუდფანდინგის მეშვეობით 8 დღეში 15 000 ადამიანისაგან 1 მილიონ ევროზე მეტი მოაგროვა და მას შემდეგ მისი ფასიანი აბონენტების რიცხვი 47 000-მდე გაიზარდა.
ბეჭდვითი მედია
მიუხედავად იმისა, რომ “მედიის შესახებ” მონტენეგროს კანონი ადგენს ბეჭდური მედიის ტირაჟის თაობაზე ინფორმაციის გასაჯაროების ვალდებულებას, მედიაპლურალიზმის მონიტორინგის ცენტრის 2016 წლის ანგარიშში აღნიშნულია მედიის გავრცელებისა და გაყიდული რაოდენობის შესახებ სანდო და გადამოწმებადი მონაცემების სიმცირე, ვინაიდან გამჭვირვალობის ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქცია მხოლოდ ელექტრონული მედიისათვის არის გათვალისწინებული. მსგავსი ტენდენცია შეინიშნება ხორვატიაშიც, სადაც “მედიის შესახებ” კანონი ბეჭდურ მედიას ტირაჟის შესახებ მონაცემების ხელმისაწვდომ სივრცეში გამოქვეყნებას ავალდებულებს. სანქციების არარსებობის გამო ეს დებულება პრაქტიკაში არ გამოიყენება, ვინაიდან მკითხველების შესახებ ზოგადი ინფორმაცია, მონტენეგროსაგან განსხვავებით, ხორვატიაში ხელმისაწვდომი არ არის.
სახელმწიფოს სუბსიდირება ბეჭდურ მედიაში. ბეჭდურ მედიაში სახელმწიფო სუბსიდირების სისტემა ევროპაში ფართოდ არის გავრცელებული. სახელმწიფო სახსრების ბეჭდური მედიისთვის გამოყოფა გაზეთების გაქრობის თავიდან აცილების, მედია პლურალიზმისა და მრავალფეროვნების მიზნებით არის გამართლებული. საერთაშორისო ორგანიზაცია “მე-19 მუხლი” (Article XIX) ორი ტიპის სუბსიდიას განასხვავებს:
1. არაპირდაპირ სახელმწიფო დახმარებას შეღავათიანი საგადასახადო განაკვეთის დაწესების ან გადასახადისაგან გათავისუფლების ფორმით, რომლისგანაც მთელი ბეჭდური ინდუსტრია იღებს სარგებელს;
2. პირდაპირ სუბსიდიას, როდესაც სახელმწიფო სესხს ან თანხას ურიცხავს კვალიფიციურ გაზეთს, რომელსაც შეზღუდული რაოდენობის გამოწერა ან რეკლამიდან შეზღუდული ოდენობის შემოსავალი აქვს, ან უმცირესობათა გამოცემებს.
სუბსიდირების სისტემა პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, საფრანგეთის მთავრობამ პლურალიზმისა და ინფორმაციის წყაროების ფართო სპექტრზე ხელმისაწვდომობის მიზნით დანერგა. ბეჭდური მედიის სუბსიდირების სისტემა დამახასიათებელია ისეთი ქვეყნებისთვის, რომლებიც სოციალური კეთილდღეობის მოდელზე არიან ორიენტირებული, მაგალითად, ავსტრია, ნორვეგია, შვედეთი და ფინეთი. ამავდროულად, ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა გერმანია და გაერთიანებული სამეფო, სადაც ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკაა და ძლიერი ბეჭდური გამოცემები არსებობენ, განვითარდა არაპირდაპირი სუბსიდირების სისტემა, რომელიც გამოცემებს დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან ათავისუფლებს.
ევროპის ქვეყნებში პირდაპირი სუბსიდიების განაწილება, როგორც წესი, საკანონმდებლო დონეზეა დარეგულირებული და მის აღსრულებას დამოუკიდებელი უწყება უზრუნველყოფს. პირდაპირი სუბსიდიები, ძირითადად, ფარავენ ისეთი საქმიანობის ხარჯებს, როგორიცაა, ბეჭდვა, გავრცელება, მიწოდება და სხვა.
- ორგანიზაცია "მე-19 მუხლის" რეკომენდაციები ბეჭდური მედიისათვის სახელმწიფო დახმარების გამოყოფის შესახებ სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების შემდეგ კრიტერიუმებს მოიცავს:
-
სახელმწიფო სუბსიდიის გამოყოფა ბეჭდური მედიისათვის კანონის საფუძველზე უნდა ხორციელდებოდეს;
-
საკანონმდებლო რეგულაციის მიზანი მედია პლურალიზმის, კულტურლი და ლინგვისტური მრავალფეროვნების შენარჩუნება უნდა იყოს;
-
პირდაპირი ან არაპირდაპირი სუბსიდიები კანონმდებლობის საფუძველზე, სამართლიანად და ნეიტრალურად უნდა განაწილდეს. კანონი ცალსახად უნდა კრძალავდეს სუბსიდირებას პოლიტიკური კონტენტის ან გაზეთის სარედაქციო პოლიტიკის მიხედვით;
-
არაპირდაპირი სუბსიდიები ყველა გაზეთისა და ჟურნალისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს;
-
პირდაპირი სუბსიდიების განაწილება უნდა მოხდეს დამოუკიდებელი ორგანოს მიერ სამართლიანი და ნეიტრალური კრიტერიუმების საფუძველზე;
-
სახელმწიფო სახსრების განაწილებაზე პასუხმგებელი ორგანო ანგარიშვალდებული უნდა იყოს პარლამენტის წინაშე და სახელმწიფო სახსრების განაწილების თაობაზე საჯარო ანგარიშს ყოველწლიურად წარადგენდეს;
-
ბეჭდური მედია გამოცემები, რომლებიც იღებენ სახელმწიფო სახსრებს, მათი სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, უნდა დაექვემდებარონ ყოველწლიურ აუდიტს, ხოლო აუდიტის დასკვნები საჯაროდ უნდა გამოქვეყნდეს;
-
გაზეთს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, პირდაპირ სუბსიდიაზე უარის თქმის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს.