მედია ეთიკა
ეთიკა მორალის შესახებ ფილოსოფიური მეცნიერებაა. მედია ეთიკა პროფესიული ღირებულებების საფუძველზე შემუშავებული წესების ერთობაა, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა წესებია დასაშვები და რა მიუღებელი. ჟურნალისტთა ფუნქციები, უფლებები და ვალდებულებები ეთიკის კოდექსებშია თავმოყრილი და პროფესიული სტანდარტების სახელმძღვანელო პრინციპებს ქმნის. ეთიკის კოდექსები, რომელთა მიზანი პროფესიის ავტონომიის და საზოგადოების ინტერესების დაცვაა, სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სახელწოდებით გვხვდება: ქცევის კოდექსი, ეთიკური სტანდარტები, ეთიკის ქარტია და სხვა.
ეთიკური კოდექსების მიზნები
- საზოგადოების ინფორმირება პროფესიული ქცევის წესების შესახებ და მედიის სანდოობის გაზრდა;
- მომხმარებელთა უფლებების დაცვა;
- მედიის ხარისხის გაუმჯობესება და კარგი ჟურნალისტური პრაქტიკის დამკვიდრება;
- პროფესიული სოლიდარობის გრძნობის განვითარება;
- სახელმწიფოს ჩარევის თავიდან აცილება.
ეთიკური კოდექსების საკვანძო პრინციპები
- სიზუსტე - ჟურნალისტმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იყოს სამართლიანი და ზუსტი. მან არ უნდა გაავრცელოს მოსაზრება და ვარაუდი, როგორც დადასტურებული ფაქტი, არ დაამახინჯოს ინფორმაცია ფაქტების შერჩევითა და სუბიექტური ინტერპრეტაციით.
- სამართლიანობა და მიუკერძოებლობა - ჟურნალისტმა წინააღმდეგობრივი საკითხები ნეიტრალურად და სამართლიანად უნდა გააშუქოს, ფაქტები სულ მცირე ორ დამოუკიდებელ წყაროსთან გადაამოწმოს, კრიტიკის ობიექტს კი კომენტარის გაკეთების შესაძლებლობა მისცეს.
- პასუხის უფლება - ფაქტობრივი შეცდომის აღმოჩენის და დადასტურების შემთხვევაში, მედიამ დაუყოვნებლივ და თანაზომადი ფორმით უნდა გამოაქვეყნოს შესწორება.
- წყაროების კონფიდენციალობა - საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა წყაროს კონფიდენციალობის დაცვას ეფუძნება. ჟურნალისტმა წყაროების ანონიმურობა უნდა დაიცვას .
- დისკრიმინაციის დაუშვებლობა - მედიამ თავი უნდა შეიკავოს ისეთი მასალის გამოქვეყნებისგან, რომელიც გააღვივებს სიძულვილს და შეუწყნარებლობას რასის, ენის, სქესის, რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილების, სოციალური და გეოგრაფიული წარმომავლობის, პოლიტიკური შეხედულების გამო.
- პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა - ადამიანის პირადი ცხოვრება, საცხოვრებელი სახლი, ჯანმრთელობა და პირადი კორესპონდენცია დაცულია. ჟურნალისტმა უნდა დაიცვას ბალანსი ინფორმაციის თავისუფლებასა და ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ლეგიტიმურ მოლოდინს შორის.
- ბავშვები - მედიამ არ უნდა გამოიყენოს მშობლების ცნობადობა ან საზოგადოებრივი მდგომარეობა ბავშვის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების ერთადერთ საფუძვლად. ჟურნალისტმა არ უნდა აიღოს ინტერვიუ 16 წლამდე ასაკის ბავშვისგან მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე.
- კრიმინალი - დანაშაულის გაშუქების შემთხვევაში, პიროვნების გვარის ან სხვა მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის გამოქვეყნება მხოლოდ მაშინ არის დასაშვები, როცა საქმე საზოგადოებრივ ინტერესს უკავშირდება. ეჭვმიტანილი პირი არ უნდა გამოცხადდეს დამნაშავედ, ვიდრე სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს არ გამოიტანს.
- დანაშაული და ანტისოციალური ქმედება - მედიამ არ უნდა გააშუქოს ისეთი მასალა, რომელმაც შესაძლოა, წააქეზოს ან წაახალისოს დანაშაული ან გამოიწვიოს არეულობა და ანტისოციალური ქმედება.
- რეკლამა - სარეკლამო მასალა მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს სარედაქციო მასალისგან.
- ფარული საშუალებები და შეცდომაში შეყვანა - ფარული მეთოდით ინფორმაციის მოპოვება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს დასაბუთებული საზოგადოებრივი ინტერესი და სხვა საშუალებებით ინფორმაციის მოპოვება შეუძლებელია.
- საავტორო უფლებები - პლაგიატი დაუშვებელია. ჟურნალისტმა ყოველთვის უნდა მიუთითოს გამოყენებული მასალის ავტორი.
- პირადი გამორჩენა - ჟურნალისტმა ბოროტად არ უნდა გამოიყენოს თავისი მდგომარეობა პირადი სარგებლის მისაღებად, რაც ჩრდილს მიაყენებს მის პროფესიულ დამოუკიდებლობას.