პირადი ცხოვრების ხელშუხებლობა
რა არის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კოვენციის მე-8 მუხლის თანახმად
„ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას
როგორ წარმოიშვა პირადი ცხოვრების უფლება?
პირველი სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას უკავშირდება, 1881 წლის მიჩიგანის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება იყო. სასამართლომ ზიანის ანაზღაურება დააკისრა პირს, რომელიც ქალის მშობიარობას მისი თანხმობის გარეშე აკვირდებოდა. სასამართლოს განმარტებით, ქალს ლეგიტიმური უფლება ჰქონდა, საკუთარ სახლში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გარანტიები ჰქონოდა.
“მარტო დარჩენის უფლება” მოგვიანებით ერთ-ერთ სასამართლო გადაწყვეტილებაში მოსამართლე თომას ქულიმაც ახსენა, ხოლო საბოლოოდ ამ ცნების განვითარება სემუელ უორენისა და ლუის ბრანდეისის მიერ ჰარვარდის უნივერსიტეტის სამართლის ჟურნალში 1890 წელს გამოქვეყნებულ სტატიას უკავშირდება. სტატიის საფუძველი კი ბატონი უორენის ქალიშვილის ქორწილის შესახებ ბოსტონის პრესაში გამოქვეყნებული უამრავი ჭორი გახდა, რამაც ისე გააბრაზა მამა უორენი, რომ ის მის მეგობარ ლუის ბრანდეისს დაუკავშირდა. მათმა ერთობლივმა სტატიამ კი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სამართლებრივ განვითარებაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა. სტატიაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ, თუ ადრე თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდ ფიზიკურ შეზღუდვას მოიაზრებდა, მოგვიანებით სამართალში “პირის სულიერი მხარის, მისი გრძნობებისა და ინტელექტის” შეზღუდვის ცნებები შემოვიდა და დღესდღეობით ის მარტო დარჩენის უფლებასაც გულისხმობს.
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა მედიაში
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გაშუქებისას ჟურნალისტებმა შემდეგი სტანდარტები უნდა გაითვალისწინონ:
- დაიცვან ბალანსი ინფორმაციის თავისუფლებასა და ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ლეგიტიმურ მოლოდინს შორის;
- გამიჯნონ;
- გამიჯნონ საჯარო და კერძო სივრცე;
- არ შეიჭრან სხვის მწუხარებასა და ტრაგედიაში;
- დაიცვან არასრულწლოვანთა ინტერესები;
- გამოიყენონ პროპორციული საშუალებები მასალის მოსაპოვებლად.
ბალანსის დარღვევა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასა და ინფორმაციის მოპოვების უფლებას შორის შეიძლება გამართლებული იყოს მხოლოდ:
- საჯარო ინტერესის შემთხვევაში, როდესაც საზოგადოების კანონიერი ინტერესების დაცვის სიკეთე აღემატება მიყენებულ ზიანს;
- საზოგადოების კანონიერი ინტერესების დაცვა არის ამ მიზნის მიღწევის პროპორციული საშუალება.
საზოგადოების ლეგიტიმური ინტერესი
საჯარო და კერძო პირები
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, “ერთმანეთისაგან უნდა განვასხვავოთ კერძო პირები და პირები, რომლებიც საჯარო კონტექსტში საქმიანობენ, როგორებიც არიან პოლიტიკური ფიგურები ან საჯარო პირები. შესაბამისად, კერძო პირს, საზოგადოებისათვის უცნობ ადამიანს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცულობის განსაკუთრებული მოლოდინი უნდა ჰქონდეს, რაც საჯარო პირებზე არ ვრცელდება”.
საჯარო პირებს თმენის მეტი ვალდებულება აქვთ, რადგან:
- საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში ისინი საკუთარი ნებით ექცევიან, როცა თავადვე აცხადებენ თანხმობას, საჯარო განხილვის ობიექტებად იქცნენ, სულ მცირე იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელთაც მათ საჯარო ფუნქციაზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ;
- საჯარო პირების საქმიანობის გათვალისწინებით, მათ მიმართ საზოგადოების ინტერესი მაღალია.
თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საჯარო პირებს პირადი ცხოვრების უფლება არ გააჩნიათ. ჟურნალისტმა თავი უნდა შეიკავოს იმგვარი ინფორმაციის გამოქვეყნებისაგან, რომელიც პირის საჯარო ფუნქციის განხორციელებას არ უკავშირდება. გამონაკლისი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვება, როცა სახეზეა საჯარო ინტერესი. მაგალითად, თუ საჯარო პირის პირადი ცხოვრება გავლენას ახდენს მისი საჯარო ფუნქციის განხორციელებაზე, ამ შემთხვევაში საჯარო ინტერესი გადასწონის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას.
კერძო და საჯარო სივრცე
ამავდროულად, ადამიანი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას საჯარო თავშეყრის ადგილებშიც არ კარგავს. არის ისეთი ადგილები, სადაც, ხალხმრავლობის მიუხედავად, ყველას უნდა ჰქონდეს პირადი სივრცის დაცულობის მოლოდინი. მაგალითად, საქმეზე სერ "პოლ მაკარტნი ჟურნალ “ჰელლოუს” წინააღმდეგ" დიდი ბრიტანეთის პრესის საჩივრების კომისიამ მიუთითა, რომ სალოცავი სწორედ ის ასგილია, სადაც ნესბიმიერ ადამიანს განმარტოების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს და ჟურნალისტებმა პატივი უნდა სცენ ამ უფლებას.
როგორც კერძო, ასევე გარკვეულ შემთხვევაში საჯარო ტერიტორიაზე (საჯარო სკოლა, საავადმყოფო და სხვა) ჟურნალისტს ფოტო ან ვიდეო გადაღებისთვის მესაკუთრის/ადმინისტრაციული პერსონალის წინასწარი ნებართვა ესაჭიროება. გამონაკლისი ამ წესიდან მხოლოდ მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესის შემთხვევაშია დასაშვები.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, ზოგიერთი ქმედება ან ვითარება იმდენად პირადი ხასიათისაა, რომ მისი ჩაწერა ან გადაღება თვით საჯარო თავშეყრის ადგილებშიც კი შეიძლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ხელყოფად ჩაითვალოს, მაგალითად, ადამიანის ემოციური მდგომარეობა ტრაგედიის ან სხვა შემთხვევების დროს.
დრონით გადაღება
"დრონების", ანუ უპილოტო საფრენის აპარატების გამოყენების საკითხს ევროკავშირის სპეციალური რეგულაცია აწესრიგებს. რეგულაციის თანახმად, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის რისკის შესამცირებლად, "დრონს" უნდა ჰქონდეს ისეთი ფუნქციები, რომლებიც იმთავითვე პირადი ცხოვრების უფლების პრინციპების დაცვაზეა (privacy by design and by default) მორგებული.
ასევე, რეგულაცია რამდენიმე შემთხვევაში "დრონის" სავალდებულო რეგისტრაციას მოითხოვს, მათ შორის, თუ ის საფრთხეს უქმნის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას.
ევროპის ავიაციის უსაფრთხოების სააგენტოს რეკომენდაციებით, გადაღების დროს დაშორება "დრონსა" და ადამიანებს შორის, საფრენი აპარატის წონის გათვალისწინებით, საშუალოდ 50 მეტრი უნდა იყოს. აღნიშნული სტანდარტი საქართველოში 2017 წელს მიღებული რეგულაციების საფუძველზე მოქმედებს, რომელთა თანახმად, "დრონით" გადაღება დასაშვებია:
- პირის ან პირთა ჯგუფის თავზე ან ნებისმიერი პირისაგან ჰორიზონტალურად არანაკლებ 50 მეტრის დაშორებით;
- შენობა-ნაგებობისაგან ჰორიზონტალურად არანაკლებ 50 მეტრის დაშორებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც "დრონის" პილოტი თავად არის სახლის მესაკუთრე ან არსებობს მესაკუთრის თანხმობა.
პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, გამონაკლისი მხოლოდ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს თანხმობითაა შესაძლებელი.
მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 35-ე მუხლის წესები
დორსტეპინგი. დორსტეპინგი არის, ეთერში განთავსების მიზნით, ინტერვიუს ან სატელეფონო საუბრის წინასწარი გაფრთხილების გარეშე ჩაწერა. დორსტეპინგი გაუმართლებელია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს ვარაუდი, რომ რესპონდენტის ღიად ჩაწერა ხელს შეუშლის ჟურნალისტურ გამოძიებას. დორსტეპინგის წესები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაზე ან ვოქს-პოპებზე არ ვრცელდება.
პირადი ტრაგედიის გაშუქება. მედიამ არ უნდა გადაიღოს ან გაავრცელოს მასალა, რომელშიც ასახულია უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულები ან პიროვნება პირადი ტრაგედიის ან მწუხარების დროს, მათ შორის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ან დაკრძალვაზე, თუ ეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ხელყოფს.
არასრულწლოვნები. მაუწყებელთა ქცევის კოდექსი ადგენს, რომ ჟურნალისტებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ 18 წლამდე ასაკის პირების პირადი ცხოვრების დაცვას. 18 წლამდე ასაკის პირები არ კარგავენ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას მათი მშობლების პოპულარობის ან სკანდალური იმიჯის, ან სკოლაში მომხდარი მოვლენების გამო.
18 წლამდე ასაკის პირის პირად ცხოვრებაში ჩარევა და ინტერვიუს ჩაწერის დროს მისთვის შეკითხვის დასმა დასაშვებია მხოლოდ მათი მშობლის, მეურვის ან მზრუნველის თანხმობით.
ფარული მეთოდებით გადაღება. საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისიწნებით, მაუწყებელთა ქცევის კოდექსი ფარული მეთოდების გამოყენებით ინფორმაციის მოპოვებას მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში უშვებს, მათ შორის, თუ:
ა) როდესაც მოვლენა საზოგადოებრივი ინტერესის საგანია, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ახალი მტკიცებულებები იქნება მოპოვებული და ეს აუცილებელია პროგრამის სიზუსტის უზრუნველსაყოფად;
ბ) საზოგადოებრივი ინტერესის შემცველ საკითხებზე სოციოლოგიური კვლევის ჩასატარებლად, როდესაც სხვა გზით შეუძლებელია იმ დამოკიდებულების თუ მოსაზრების გამოვლენა, რომელიც კვლევის საგანია;
გ) კომედიური და გასართობი პროგრამების მოსამზადებლად, სადაც ფარული ჩაწერა ერთ-ერთი ჩვეული მეთოდია, არ წარმოადგენს პირის პირად ცხოვრებაში უხეშ ჩარევას და არ იწვევს მნიშვნელოვან გაღიზიანებას, სტრესს ან უხერხულობას.