სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება
გამოხატვის თავისუფლებას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სისტემაში განსაკუთრებული ადგილი უკავია და მას უფლებათა უფლებასაც კი უწოდებენ. მიზეზი მარტივია: გამოხატვის და ინფორმაციის თავისუფლების გარეშე სხვა უფლებები გარანტირებული ვერ იქნება და ის მნიშვნელოვანია დემოკრატიულ საზოგადოებაში პლურალიზმისა და თვითმმართველობის უზრუნველსაყოფად.
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება და ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას:
- ჰქონდეს შეხედულებები;
- მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და მოსაზრებები
საჯარო ხელისუფლების ჩარევის გარეშე და შეზღუდვების მიუხედავად.
მე-10 მუხლით გარანტირებულ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისთვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან ზნეობის დაცვისათვის, სხვათა რეპუტაციის ან უფლებათა დაცვისთვის, საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის შენარჩუნებისთვის, თუ ასეთი შეზღუდვა არის ერთდროულად:
- კანონით გათვალისწინებული;
- ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს;
- აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გარანტიები
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების სრულფასოვანი რეალიზებისთვის მნიშვნელოვანია მყარი საკანონმდებლო გარანტიების არსებობა, რომელიც შემდეგ პრინციპებს დაეფუძნება:
- ცილისწამების დეკრიმინალიზაცია. ცილისწამების სისხლის სამართლის წესით დასჯა 1) არაპროპორციული სასჯელია რეპუტაციისთვის მიყენებული ზიანის კომპენსაციისთვის; 2) არადემოკრატიულ ან გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებში, შესაძლოა, გამოყენებული იყოს კრიტიკული აზრის ჩასახშობად; 3) აქვს “გამყინავი ეფექტი”, როცა სასჯელის შიშით ჟურნალისტი/მოქალაქე თვითცენზურას მიმართავს და თავს იკავებს კრიტიკული აზრის, ინფორმაციის გამოქვეყნებისგან. ამიტომ მნიშვნელოვანია, ცილისწამება დასჯადი იყოს სამოქალაქო წესით და არა სისხლის სამართლის წესით.
- ფაქტის და მოსაზრების გამიჯვნა. კანონმდებლობაში ფაქტისა და მოსაზრების ერთმანეთისგან გამიჯვნა და აზრის აბსოლუტური პრივილეგიით დაცვა გამოხატვის თავისუფლების დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტია. აზრი არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს. ფაქტი არის ის, რაც გადამოწმებას ექვემდებარება და გამყარებულია მტკიცებულებებით. მოსაზრება არ არის დაცული, თუ ფაქტი, რომელსაც ის ეფუძნება, არსებითად მცდარი აღმოჩნდება და განზრახ არის გავრცელებული.
- სასამართლო გარანტიები. სასამართლო დავისას მოპასუხე უნდა იყოს არა ჟურნალისტი, რომელმაც მოამზადა მასალა, არამედ მესაკუთრე, რაც, ერთი მხრივ, ჟურნალისტების დაცულობას შეუწყობს ხელს, მეორე მხრივ, მედიაში თვითრეგულირების მექანიზმების დამკვიდრებას. სათანადო მოპასუხედ ვერ ჩაითვლება მედია, თუ მან მხოლოდ ტექნიკურად უზრუნველყო მასალის გავრცელება, ასევე, პირთა განუსაზღვრელი წრე, რომელშიც მოსარჩელე ერთმნიშვნელოვნად არ არის იდენტიფიცირებული და სახელმწიფო და ადმინისტრაციული ორგანო.
- მტკიცების ტვირთი. სასამართლო დავისას მტკიცების ტვირთი მოსარჩლეს უნდა დაეკისროს, რომელმაც უნდა დაამტკიცოს, რომ მოპასუხემ მცდარი ფაქტები გაავრცელა და რომ ეს განცხადება მის პატივსა და ღირსებას ლახავს. განსხვავებული სტანდარტი მოქმედებს საჯარო პირის შემთხვევაში, რომელმაც დამატებით უნდა ამტკიცოს, რომ არსებობდა ბოროტი განზრახვა (actual malice) ან უხეში დაუდევრობა: ფაქტების სინამდვილესთან შეუსაბამობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი განცხადების გავრცელება გამოიწვია.
- კონფიდენციალური წყაროების დაცვა. თუ კონფიდენციალურ წყაროებს არ ექნებათ იმის გარანტია, რომ მათი ვინაობა დაცული იქნება, ისინი თავს შეიკავებენ ჟურნალისტებისთვის ისეთი ინფორმაციის გამჟღავნებისგან, რომელიც სასიცოცხლოა დემოკრატიულ საზოგადოებაში თვითმმართველობის განხორციელებისთვის. კონფიდენციალური წყაროს გამჟღავნება, უკიდურეს შემთხვევაში, სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა იყოს შესაძლებელი.
- მამხილებლის (Whistleblower) დაცვა. მამხილებლის დაცვა გულისხმობს პირის გათავისუფლებას პასუხისმგებლობისგან, თუ კანონით დაცული საიდუმლოს გამხელა მიზნად საზოგადოების კანონიერი ინტერესების დაცვას ისახავდა და დაცული სიკეთე აღემატება მიყენებულ ზიანს. ევროსასამართლოს განმარტებით, მამხილებლის საქმიანობას შეუძლია, საზოგადოებას ააცილოს უფრო დიდი ზიანი, ვიდრე კონკრეტული ინფორმაციის დაუცველობამ.