სიძულვილის ენის მახასიათებლები
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1997 წელს მიღებული რეკომენდაციის თანახმად, სიძულვილის ენა მოიაზრებს გამოხატვის ყველა ფორმას, რომელიც ავრცელებს, აქეზებს, ხელს უწყობს ან ამართლებს რასობრივ შუღლს, ქსენოფობიას, ანტისემიტიზმს ან შეუწყნარებლობაზე დაფუძნებული შუღლის სხვა ფორმებს, ნაციონალიზმის, ეთნოცენტრიზმის, დისკრიმინაციისა და უმცირესობათა ან მიგრანტთა მიმართ გამოხატული მტრობის ჩათვლით.
მნიშვნელოვანია იმ მეთოდების ცოდნა, რომელთაც რადიკალური ჯგუფები საზოგადოებაში შეუწყნარებლობის ატმოსფეროს შექმნისა და სხვადასხვა ჯგუფების მიმართ სიძულვილის გაღვივების მიზნით იყენებენ.
სიძულვილის ენის იდენტიფიცირება
- სიძულვილის ენის იდენტიფიცირება შემდეგი მახასიათებლებით არის შესაძლებელი:
- გაუცხოება (ისინი vs. ჩვენ) - სიძულვილის იდეოლოგიისთვის დამახასიათებელია სამიზნე ჯგუფის ან ჯგუფების გაუცხოება და დიქოტომიის - “ისინი ჩვენს საპირწონედ” შექმნა. ხდება სამიზნე ჯგუფებზე უპირატესობის ხაზგასმა, მათი იდენტობის საფრთხედ წარმოჩენა და, საფრთხეებთან ბრძოლის მიზნით, აუდიტორიის მობილიზება.
- ობიექტი სუბიექტის ნაცვლად - მედია პლატფორმები, რომელთა სარედაქციო პოლიტიკა განსხვავებული იდენტობის ჯგუფების მიმართ დეკლარირებულად შეუწყნარებელია, როგორც წესი, უგულვებელყოფენ იმ ჯგუფების წარმომადგენელთა მოსაზრებებს, რომელთაც აშუქებენ. შესაბამისად, ამ ჯგუფების წარმომადგენლები ჟურნალისტური მასალის განსჯის ობიექტები არიან და არა სუბიექტები, რომლებიც, როგორც მხარე, სარედაქციო მასალებში საერთოდ უგულვებელყოფილნი არიან.
- დაშინების ტაქტიკა - საზოგადოების რადიკალიზაციის მიზნით, ულტრამემარჯვენე ჯგუფები და მედია პლტფორმები საფრთხეებთან დაკავშირებით განგაშის ვითარებას ქმნიან და საზოგადოებაში შიშებს თესავენ, რა მიზნითაც ყალბ ინფორმაციებს ავრცელებენ, ან ამა თუ იმ ჯგუფის ინდივიდუალური წევრის ქმედების მთელ ჯგუფზე დაუსაბუთებელ განზოგადებას ახდენენ. დაშინების ტაქტიკა ხშირად გამოიყენება მიგრანტებთან მიმართებით.
- ისტორიული ტრავმის გაღვივება - ფსიქოლოგები და სოციოლოგები ისტორიულ ტრავმას განმარტავენ, როგორც მრავალთაობიან ტრავმას, რომელსაც კონკრეტული კულტურული ჯგუფები განიცდიან. ისტორიული ტრავმის გაღვივებისთვის დამახასიათებელია წარსულის მოვლენების და პრობლემების თანამედროვე კონტექსტში გადმოტანა და კონკრეტული ეთნიკური თუ ეროვნული ჯგუფის, ასევე სახელმწიფოს წინააღმდეგ ემოციურ ნიადაგზე შუღლის გაღვივება. ამ დროს ხშირად სიძულვილის ენის გამოყენება და რეალური პრობლემებიდან ყურადღების წარსულზე გადატანა, ასევე ცალკეული ჯგუფების წინააღმდეგ საზოგადოების მობილიზება ხდება.
- ვიქტიმიზაცია - წარსულის განდიდების პარალელურად ხდება თვითვიქტიმიზაცია და მიზნის დასახვა, რომ წარსული დიდების დაბრუნება მხოლოდ “უცხოთა” დამარცხებით და განადგურებით არის შესაძლებელი.
- გენეტიკური უპირატესობის განგების ნებით ახსნა - მოძველებულ და დამახინჯებულ ანთროპოლოგიურ ან გენეტიკურ თეორიებზე დაყრდნობით, რასისტული ჯგუფები ამტკიცებენ, რომ მათი გენეტიკური უპირატესობა ღვთიური თუ ბუნებითი ნებით არის განპირობებული, ხოლო სხვა ჯგუფები მოკლებულნი არიან ადამიანურობას. ამ შემთხვევაშიც ხდება მტრის განადგურების და სათანადო ადგილის დაკავების მიზნის დასახვა.
- ფსევდო-მეცნიერება და ანეკდოტური მტკიცებულებები - იქმნება არაერთი ონლაინ პლატფორმა, მათ შორის ვებ-გვერდები და სოციალური ქსელის გვერდები, რომლებიც მოძველებულ მეცნიერულ თეორიებს ან ანეკდოტურ მტკიცებულებებს ეყრდნობიან, რათა სიძულვილის ენის სამიზნე ჯგუფების წინააღმდეგ საზოგადოების მობილიზება მოახდინონ.
- ჯგუფური სოლიდარობის შექმნა - საერთო იდენტობაზე აპელირებით და გრძნობებით მანიპულირებით ხდება ჯგუფის წევრების “საერთო მტრის” წინააღმდეგ მობილიზება და მათი რადიკალიზაცია.