პროპაგანდა
პროპაგანდა კომუნიკაციის ფორმაა, რომელიც ფაქტების სელექციური შერჩევით ან გაყალბებით სისტემატურად და მიზანმიმართულად პროპაგანდისტისთვის სასურველი შედეგის მიღებას და საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად. პროპაგანდისგან განსხვავებით, დარწმუნების მეთოდი უფრო ინტერაქტიულია და ცდილობს, ორივე მხარის, როგორც კომუნიკატორის, ასევე სამიზნე ჯგუფის ინტერესი დააკმაყოფილოს.
თავდაპირველად ლათინურ სიტყვა Propaganda-ს ნეიტრალური მნიშვნელობა ჰქონდა და ის გარკვეული იდეის გავრცელებას და პროპაგანდირებას აღნიშნავდა. სიტყვის წარმომავლობა 1622 წელს ვატიკანის მიერ დაფუძნებულ მისიონერულ ორგანიზაცია Sacra Congregatio de Propaganda Fide-ს (რწმენის პროპაგანდის წმინდა კონგრეგაცია) უკავშირდება, რომლის მიზანი კათოლიკური რწმენის გავრცელება იყო. მე-18 საუკუნიდან ტერმინი სეკულარული აქტივობების მიმართაც გამოიყენებოდა, ხოლო მოგვიანებით პოლიტიკურ სფეროში მან თანდათან შეიძინა ნეგატიური კონოტაცია.
ერთმანეთისგან განასხვავებენ თეთრ და შავ პროპაგანდას:
- თეთრი პროპაგანდა ღიად იდენტიფიცირებული წყაროდან მომდინარეობს და გზავნილის შემადგენელი ინფორმაცია სწორია ან ახლოს არის სიმართლესთან
- შავი პროპაგანდის შემთხვევაში, წყარო დაფარულია ან სხვა, არასწორი წყაროა მითითებული და გზავნილი ტყუილს, ფაბრიკაციას და კონსპირაციებს ეფუძნება.
პროპაგანდის მახასიათებლებია:
- შეცდომაში შეყვანა და ცნობიერებაზე ზემოქმედება;
- ზიანის მიყენების განზრახვა;
- მიზანმიმართულობა;
- სისტემატიურობა.
პროპაგანდის მეთოდები და ტექნიკები
პროპაგანდის იდენტიფიცირებისთვის და მისი გავლენის შესასწავლად, მნიშვნელოვანია პროპაგანდის მეთოდებისა და ტექნიკების ცოდნა.
პროპაგანდის 3 საფეხურიანი მოდელი
პროპაგანდის 3 საფეხურიანი მოდელი 1) საფრთხეების ხელოვნურად შექმნას; 2) დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პარტნიორების მიმართ უნდობლობისა და უიმედობის დათესვას; 3) საფრთხეების და უიმედობის დაძლევის ალტერნატივის შეთავაზებას ერთდროულად ახდენს.
რელიგიის/ინფორმაციის იარაღად გამოყენება
პროპაგანდა რელიგიის და ინფორმაციის იარაღად გამოყენებას ახდენს, როდესაც განზრახ მანიპულირებს ადამიანის გრძნობებით, ინდივიდის იდენტობით, აპელირებს რა საერთო ღირებულებებსა და იდენტობის დაკარგვის საფრთხეზე.
დეფლექციური წყაროს მოდელი
დეფლექციური წყაროს მოდელი გულისხმობს, გზავნილის ან ყალბი ინფორმაციის ლეგიტიმაციის მიზნით, დეფლექციური ანუ წყაროს არიდების მოდელის შექმნას, როდესაც ინფორმაციის მიმღები გზავნილს პროპაგანდისტთან ანუ რეალურ წყაროსთან არ აკავშირებს და მას იმ მედიუმის (დეფლექციური წყაროს) ინფორმაციად აღიქვამს, რომელშიც ის გამოქვეყნდა.
სოციალური მედია, როგორც დეზინფორმაციის გავრცელების წყარო
ყალბი ინფორმაციის გასავრცელებლად ხშირად წყაროდ სოციალურ მედიას იყენებენ. ამ შემთხვევაში სოციალური მედია ერთი პირის მიერ მოწოდებულ, დამოუკიდებელ წყაროებთან გადაუმოწმებელ ინფორმაციას გვთავაზობს. ტაბლოიდური ონლაინ ან ბეჭდვითი ახალი ამბების მედია ყალბი ინფორმაციის გავრცელების სწორედ ამ მეთოდს იყენებს, რითიც, თავის მხრივ, სოციალური მედიით გავრცელებული გადაუმოწმებელი ცნობების ლეგიტიმაციას ახდენს.
Adnauseam
Ad nauseam-ის ტექნიკა ერთი და იმავე იდეის განუწყვეტლივ გამეორებას გულისხმობს. ეს შესაძლოა იყოს იდეა, ან მარტივი სლოგანი, რომელსაც იმდენად ხშირად იმეორებენ, რომ ადამიანები მას იჯერებენ.
მცდარი დილემის ტექნიკა
მცდარი დილემის ტექნიკა ანუ შავ-თეთრი აზროვნების ტექნიკა გულისხმობს მხოლოდ ორი ალტერნატივის დასახვას და ერთ-ერთისათვის უპირატესობის მინიჭებას.
კონტრბრალდებები
(Whataboutism) არის ტექნიკა, რომელიც ბრალდებებზე ან რთულ საკითხებზე პასუხის გაცემის ნაცვლად ან საპირისპირო ბრალდებებს აყენებს ან აქცენტი სხვა საკითხზე გადააქვს, რაც არასწორი შედარებებისა და მანიპულაციური მორალური მსჯელობების გზით, კრიტიკის ობიექტიდან ყურადღების გადატანას ან/და ამ ობიექტის გამართლებას ცდილობს.
ე.წ "კარტების დაწყობა"
ინფორმაცია ნაწილობრივ მართალია, თუმცა ფაქტების შერჩევითი მიწოდება ან არსებითი ფაქტების გამოტოვება ხდება.
სიმულაციური მტკიცებულებების შექმნა
ისეთი ავთენტური დოკუმენტების/ფაქტების გამოყენება, რომლებიც მტკიცებულებების ილუზიას ქმნიან, მაგრამ რეალურად არარელევანტურია იმ ბრალდებებთან მიმართებით, რომელთა საილუსტრაციოდაც არის გამოყენებული.
ციტატის, წყაროს და კონტექსტის შეცვლა
ფაქტების, განცხადებების და წყაროების არასწორად ინტერპრეტირება აუდიტორიაში ეჭვების დათესვის და მცდარი წარმოდგენების შექმნის მიზნით.
კონსპირაცია და ფსევდომეცნიერება
კონსპირაცია და ფსევდომეცნიერება აუდიტორიაში ეჭვისა და შიშის დათესვას ისახავს მიზნად. ასეთ დროს უგულებელყოფილია მეცნიერების, შესაბამისი საკითხის ექსპერტების მოსაზრებები, ავთენტური სამეცნიერო ნაშრომები. კონსპირაციების წრის გარღვევა რთულია, რადგანაც, ფაქტები, რომლებიც შეთქმულებებს აბათილებს, პროპაგანდისტების მიერ წარმოდგენილია, როგორც კონსპირაციის კიდევ ერთი “დამამტკიცებელი” საბუთი.
დემონიზების ტექნიკა
დემონიზების ტექნიკა გულისხმობს მოწინააღმდეგის არაჰუმანურად წარმოჩენას, ბრალდებებისა და არასწორი განზოგადების გზით.
გაზვიადება და განზოგადება
აღძრავს უსაფუძვლო განგაშს, კონკრეტულ მოვლენას/ინფორმაციას მოვლენების დრამატიზების მიზნით განაზოგადებს.
ფაქტების უარყოფა