ყალბი ინფორმაცია
პროპაგანდის აღმნიშვნელ ტერმინად დეზინფორმაციასაც იყენებენ, რომელიც შავ პროპაგანდას განეკუთვნება, რადგან ის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, ყალბი ინფორმაციის განზრახ გავრცელებას ისახავს მიზნად. ტერმინის წარმომავლობა რუსულ სიტყვა “დეზინფორმაციას” (Дезинформация) უკავშირდება, რომელიც საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის (KGB) განყოფილების სახელწოდება იყო და შავ პროპაგანდაზე მუშაობდა.
ყალბი ამბავი (Fake News)
ყალბი ამბავი არის ინფორმაცია, რომელშიც ფაქტები გამიზნულად არის გაყალბებული ან დამახინჯებული. ყალბი ამბები, როგორც ტრადიციულ, ასევე სოციალურ მედიაში 2 მიზნით შესაძლოა ვრცელდებოდეს:
-
პოლიტიკური - შიდა პოლიტიკური მიზნით ან გარე აქტორების დაინტერესების შემთხვევაში, რასაც საინფორმაციო გავლენის აქტივობებს (information influence activities) უწოდებენ
-
ფინანსური სარგებლის მიღების - ე.წ. Clickbait სენსაციური სათაურებითა და ყალბი ამბებით იზიდავენ აუდიტორია და თანხას “დაკლილვით” გამოიმუშავებენ.
ყალბი ინფორმაცია შეიძლება პირობითად 3 ტიპად დავყოთ:
-
გამოგონილი ამბავი - ამბის ფაბრიკაცია;
-
მანიპულაციური შინაარსი;
-
სატირა და იუმორი .
ნახევრად სიმართლე - ინფორმაცია, რომელიც სიმართლის ელემენტებს შეიცავს. ასეთი ინფორმაცია შესაძლოა, მეტწილად მართალიც იყოს, თუმცა მასში ყალბი იყოს ერთი სიტყვა, წინადადება ან კონტექსტი, მანიპულაციურად გამოყენებული იყოს ორმაგი მნიშვნელობის სიტყვები და ა.შ. სიმართლისა და ტყუილის აღრევის მიზანი ადამიანების განზრახ შეცდომაში შეყვანაა.
მანიპულაცია რიცხვებით - რიცხვები კონტექსტის გარეშე გამოიყენება, კონკრეტული დრო და გარემო უგულვებელყოფილია. მანიპულაციის ავტორი აქცენტის რიცხვებზე გადატანას ცდილობს, რათა მსჯელობაში მეტი დამაჯარებლობა შეიტანოს. მოყვანილი ციფრები შესაძლებელია სწორი იყოს, თუმცა ცალკეულ ფაქტებთან მიმართებით - არარელევანტური.
ყალბი კონტექსტი - ინფორმაცია შესაძლოა, სწორი იყოს, თუმცა კონტექსტი - მცდარი და შეცდომაში შემყვანი.
შეუსაბამო კავშირები - ინფორმაცია, რომელშიც სათაური/ვიზუალი/აღწერა მთავარ ამბავთან შეუსაბამოა.
ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირების 5 ხერხი
შეამოწმეთ წყაროს სანდოობა
- დომეინის სახელი: არ ენდოთ ვებ-გვერდების უჩველო დაბოლოებებს, როგორიცაა ".com.co.", ".co" და სხვა.
- მისიის განაცხადი: შეამოწმეთ “ჩვენ შესახებ” განყოფილება. ინფორმაცია შესაძლოა სატირული იყოს და ის რეალურ ამბავს არ ასახავდეს.
- ავტორი: გადაამოწმეთ ინფორმაციის ავტორის ვინაობა. გსმენიათ, თუ არა მისი სახელი მანამდე? აქვს თუ არა სხვა სტატიები/სიუჟეტები მომზადებული და რა თემაზე? ხელმისაწვდომია, თუ არა მისი საკონტაქტო ინფორმაცია? რა რეპუტაციით სარგებლობს ავტორი?
- ციტატები: გადაამოწმეთ მასალაში მოცემული ციტატების სიზუსტე. ვის ეკუთვნის სიტყვები? სწორად არის თუ არა მითითებული ციტატის ავტორი? გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა ციტატა და ციტატის ავტორი სწორი იყოს, თუმცა ავტორს ის სრულიად სხვა კონტექსტში ჰქონდეს ნათქვამი.
- წყაროები: დააკვირდით, არის თუ არა კონკრეტული ინფორმაცია შესაბამისი წყაროთი გამყარებული. გადაამოწმეთ თავად ეს წყაროებიც, არიან თუ არა ისინი სანდო? შეესაბამება თუ არა მოცემული ინფორმაცია პირველწყაროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას? პროპაგანდისტული ჯგუფები ხშირად მანიპულირებენ სტატისტიკით, ამიტომ მოიძიეთ სტატისტიკის წყარო, კვლევითი ორგანიზაცია და გადაამოწმეთ კვლევის მეთოდოლოგიის სანდოობა.
ნუ წაიკითხავთ მხოლოდ სათაურს: ხშირად სათაური და მასალაში გადმოცემული ინფორმაცია ერთმანეთს არ შეესაბამება, ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ სტატია სრულად წაიკითხოთ.
გადაამოწმეთ თარიღი: ხშირად პროპაგანდისტული ჯგუფები, არსებული კონტექსტის შესაბამისად, ძველ ინფორმაციას ავრცელებენ, რასაც მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს. გარდა ამისა, თარიღის გადამოწმება თავად ინფორმაციის გადამოწმებაშიც გვეხმარება.
მოიძიეთ ინფორმაცია სხვა წყაროებშიც: შეამოწმეთ, ინფორმაციას მხოლოდ ერთი წყარო ავრცელებს, თუ ამის შესახებ სხვა მედია საშუალებებიც წერენ/აშუქებენ. მიაქციეთ ყურადღება, რამდენად სანდო და ავტორიტეტულია ის მედია, ვინც იდენტური მასალა გაავრცელა. ეს თქვენ დაგეხმარებათ განსაზღვროთ, რეალურია გავრცელებული ამბავი თუ ყალბი.
ყალბი ინფორმაციის მარკერები
სოციალ ქსელებში:
- საეჭვო გვერდები, საიდანაც ინფორმაცია ვრცელდება;
- დაუჯერებელი, შოკისმომგვრელი ინფორმაცია;
- გარკვეული ინფორმაციის ვირუსული გავრცელება;
- არ არის მითითებული პირველწყარო.
ტელემედიაში:
- დაუჯერებელი ისტორიები;
- მწვავე და ემოციური ლექსიკა;
- გამოსახულებისა და ჟურნალისტის მტკიცებულებების შეუსაბამობა;
- ჟურნალისტის შეფასებითი მსჯელობა;
- “თვითმხილველთა ჩვენებები”, რომელთა გადამოწმება შეუძლებელია
ბეჭდურ და ონლაინ მედიაში:
- არაიდენტიფიცირებული წყაროების, ჭორების გამოყენება, რომელთა გადამოწმებაც შეუძლებელია;
- ერთმანეთთან დაუკავშირებელი მოვლენების ერთ მასალაში ხელოვნურად გაერთიანება;
- ადამიანებისა და მოვლენების აღწერისას ემოციური სიტყვების გამოყენება;
- კატეგორიული შეფასებითი მსჯელობა;
- მოქმედებისკენ მოწოდება.