სავარჯიშო 1: სად არის გადაღებული ვიდეო?

2016 წლის 5 ნოემბერს youtube-ზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ძლიერი წვიმისა და ქარიშხლის კადრებია ასახული. აღწერის თანახმად, ვიდეო ტექსასის შტატის ქალაქ ჩაილდრესშია გადაღებული. ჩვენი ამოცანაა, ამ კადრის მეშვეობით გადავამოწმოთ ვიდეოს გადაღების ადგილი და რუკაზე კონკრეტული წერტილი მოვნიშნოთ.



ერთი შეხედვით, კადრი ხელშესახებს არაფერს გვაწვდის, რადგან ნისლი არ გვაძლევს ფონის აღქმისა და სხვა დეტალების იდენტიფიცირების საშუალებას, თუმცა კარგად თუ დავაკვირდებით, ეს კადრი საკმარისზე მეტ ინფორმაციას გვაძლევს იმისათვის, რომ ვიდეოს გადაღების ზუსტი ლოკაცია დავადგინოთ.

ნაბიჯი 1: დააკვირდით დეტალებს



N1: ბანერის ნაწილი, რომელზეც ჩანს ლათინური ასო t სავარაუდოდ, კომპანიის სახელწოდებას აღნიშნავს.
N2: სავარაუდოდ ამინდის ან ფასის აღმნიშვნელი დაფა

ადგილის სახასიათო დეტალები:

N3: ბოძები
N4: განათების განლაგება

დააკვირდით ისრებით მითითებულ ობიექტებსაც. კადრში ასახული მახასიათებლების ერთობლიობა - მანქანები, ობიექტის ფორმა, ბოძები, განათება, სვეტზე განთავსებული ბანერისა და ამინდის დაფის ფორმა - გვაფიქრებინებს, რომ ვიდეო სავარაუდოდ, ბენზინ-გასამართ სადგურზეა გადაღებული.

ნაბიჯი 2: გუგლის საძიებო სისტემის მეშვეობით მოიძიეთ ჩაილდრესში, ტექსასში არსებული ბენზინ-გასამართ სადგურები



ამ გამოსახულებიდან ჩვენთვის საინტერესო მხოლოდ პირველი Pilot Travel Center-ია, კომპანიის სახელწოდების (Pilot) ბოლო ასო არის ლათინური t - ასო, რომელიც კადრში ბანერზე ჩანდა.

ნაბიჯი 3: დაადგინეთ Pilot Travel Center-ის ზუსტი მისამართი და ადგილმდებარეობა რუკაზე.

გუგლის მიერ შემოთავაზებული კომპანიბიდან (ზედა ფოტო) დააკლიკეთ Pilot-ზე. გუგლი მოგაწვდით კომპანიის შესახებ ინფორმაციას, მის ზუსტ ადგილმდებარეობას რუკაზე და ადგილის პანორამულ ფოტოს, ასეთის არსებობის შემთხვევაში. პანორამულ ფოტოზე დაკლიკვის შემთხვევაში გუგლი ქუჩის ხედს გაგიხსნით და ყვითელი კაცუნას გამოყენება აღარ დაგჭირდებათ.



ნაბიჯი 4: დაათვალიერეთ Pilot-ის სადგური გუგლის ქუჩის ხედის მეშვეობით. შეეცადეთ რაკურსი ისე დააფიქსიროთ, როგორც ჩვენთვის საინტერესო ვიდეოა გადაღებული. იპოვნეთ ის დეტალები, რომლებიც პირველ კადრში მოინიშნეთ.



ზემოთ მოცემულ ფოტოზე ჩანს ის დეტალები, რომლებიც გვარწმუნებს, რომ თავდაპირველი ვიდეო სწორედ ამ ადგილას იყო გადაღებული.