პერსონალური მონაცემები
რა არის პერსონალური მონაცემი?
პერსონალური მონაცემი არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომლითაც ადამიანის იდენტიფიცირება არის შესაძლებელი. პერსონალური მონაცემებია მაგალითად:
- სახელი და გვარი,
- პირადი ნომერი,
- ფოტო,
- ვიდეოგამოსახულება,
- თითის ანაბეჭდი,
- მისამართი,
- ადგილმდებარეობა,
- ტელეფონის ნომერი,
- IP მისამართი.
აღნიშნული ჩამონათვალი ამომწურავი არ არის და ის შესაძლოა, გაფართოვდეს, თუმცა, ქვემოთ ჩვენ ყველაზე ბაზისურ მონაცემებს განვიხილავთ:
სახელი და გვარი ის პერსონალური მონაცემია, რომელიც ყველა ადამიანს დაბადებიდან აქვს. თუმცა, ერთი და იგივე სახელისა და გვარის მატარებელი ადამიანი შეიძლება, ბევრი იყოს და პირის იდენტიფიცირებისთვის მხოლოდ ეს ინფორმაცია საკმარისი არ აღმოჩნდეს.
პირადი ნომერიც ადამიანს დაბადების რეგისტრაციისას ენიჭება. ეს ციფრების უნიკალური კომბინაციაა და არ მეორდება. პირადი ნომრით ადამიანზე ბევრი ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი, მაგალითად, მისამართის, ან იმის, თუ რა ქონებას ფლობს ის.
ფოტო, ან თითის ანაბეჭდი, სახელისა და გვარისაგან განსხვავებით, უნიკალურია და მათი მეშვეობით ადამიანის იდენტიფიცირება ასპროცენტიანი სიზუსტით არის შესაძლებელი.
ვიდეოჩანაწერი, ისევე, როგორც სელფი, ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ვიდეოზე ადამიანები თავიანთი ცხოვრების მნიშვნელოვან, საინტერესო ან სახალისო მომენტებს აღბეჭდავენ და სოციალურ ქსელში მათ გაზიარებას ჩქარობენ. თუმცა, ხშირად არ იციან, რომ ადამიანის ვიდეოგამოსახულება მისი პერსონალური მონაცემია და გარეგნობის გარდა, ადამიანის უნარების, მანერების, ჟესტიკულაციის, ქცევისა და სხვა თვისებების შესახებ უამრავ ინფორმაციას შეიცავს.
მისამართი ის პერსონალაური მონაცემია, რომლითაც ადამიანის საცხოვრებელი ადგილის დადგენაა შესაძლებელი. ის ადამიანთან დასაკავშირებლად, მისთვის წერილის ან ნივთის გასაგზავნად გამოიყენება. თუმცა, ზოგჯერ პირის იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი ერთმანეთს შესაძლოა, არ შეესაბამებოდეს.
სმარტფონები და სხვადასხვა აპლიკაციები ხშირად ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის გაზიარებას ითხოვენ. ხშირად ჩვენ თავად ვასაჯაროვებთ ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში და შეიძლება, ვერც ვიაზრებთ, რომ ადგილმდებარეობის მონიშვნით (check-in) პერსონალურ მონაცემს ვამჟღავნებთ. ლოკაციის მონაცემების ანალიზით ადამიანზე ბევრი პირადი ინფორმაციის მოპოვებაა შესაძლებელი, მათ შორის დროის კონკრეტულ მონაკვეთში ადგილმდებარეობის და გადაადგილების მარშრუტის.
ალბათ არ გვეგულება ადამიანი, რომელსაც ტელეფონი არ აქვს და შესაბამისად - ტელეფონის ნომერი, რომელიც ისეთივე პერსონალური მონაცემია, როგორც სახელი ან მისამართი.
IP მისამართი. პერსონალური მონაცემები და ინტერნეტი განუყოფელ ცნებებად იქცა. ყველა ინტერნეტ მომხმარებელს აქვს უნიკალური IP მისამართი, რომელსაც პროვაიდერი კომპანია გასცემს (არეგისტრირებს) და რომლითაც არამხოლოდ პირის ვინაობისა და მისამართის, არამედ ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენაცაა შესაძლებელი.
ვინ და რაში იყენებს ჩვენს მონაცემებს?
მონაცემების ღირებულება როგორც კერძო, ისე საჯარო ორგანიზაციებისთვის, შეუფასებელია. პერსონალურ მონაცემებს 21-ე საუკუნის ნავთობსაც კი უწოდებენ, რადგან მიიჩნევა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები პერსონალურ მონაცემებს ადამიანებისთვის სწრაფი, ეფექტიანი და ეკონომიური მომსახურების შესათავაზებლად საწვავივით იყენებენ, მაგალითად, ბანკები - სესხის გასაცემად, მარკეტინგული კომპანიები - კლიენტზე მორგებული რეკლამის განსათავსებლად. რიგ შემთხვევებში, მონაცემების გარეშე მომსახურეობის მიღება, უბრალოდ, შეუძლებელია, მაგალითად, პირადობის მოწმობას ფოტოს წარდგენის გარეშე ვერ მივიღებთ.
განსაკუთრებულად დიდი რაოდენობის მონაცემებს სახელმწიფო აგროვებს და იყენებს. მასაც ისევე სჭირდება ჩვენი მონაცემები, როგორც კომპანიებს. მაგალითად, დანაშაულის გახსნისთვის საგამოძიებო ორგანომ, სასამართლოს ნებართვით, შესაძლოა, სატელეფონო საუბრის ფარული მოსმენაც კი აწარმოოს.
რაც უფრო მეტი მონაცემია სახელმწიფოს ან კერძო კომპანიის ხელში, მით უფრო მაღალია ამ მონაცემების ბოროტად გამოყენების რისკი. მაგალითად, კომპანიამ საკუთარი ფინანსური მიზნებისათვის იმაზე მეტი მონაცემი შეიძლება გამოიყენოს, ვიდრე ეს მომსახურების გასაწევად არის აუცილებელი, ან ჩვენი ნებართვის გარეშე, ჩვენი მონაცემები, მაგალითად, ტელეფონის ნომრების ბაზა, სხვა კომპანიას მიჰყიდოს. გამონაკლისი არც სახელმწიფოა. სრულიად შესაძლებელია, რომ საგამოძიებო ორგანომ ადამიანის შესახებ არსებული პირადი მონაცემები მის წინააღმდეგ გამოიყენოს.
პერსონალურ მონაცემებს ბოროტად მხოლოდ სახელმწიფო და კომერციული ორგანიზაციები არ იყენებენ. ჰაკერები, თაღლითები, სტალკერები და ინტერნეტ-ხულიგნები - ეს იმ ადამიანების არასრული ჩამონათვალია, ვინც სხვის პერსონალურ მონაცემებზე ფინანსური, პირადი ან პოლიტიკური ინტერესის გამო “ნადირობს” (ვრცლად იხ. კიბერუსაფრთხოება).
ნებისმიერ შემთხვევაში, პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამჟღავნებამ ან გამოყენებამ შესაძლოა, როგორც ფინანსური, ისე მორალური ზიანი მოგაყენოთ. ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ ხშირად, ჩვენს კონფიდენციალურობას თავად ვაყენებთ რისკის ქვეშ, როდესაც ჩვენს მონაცემებს უცხო პირებს დაუფიქრებლად ვუზიარებთ ან სოციალურ ქსელში ვასაჯაროებთ.
რა სახის პერსონალური მონაცემებია დაცული?
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენცია პერსონალური მონაცემების დაცვას ადამიანის პირადი ცხოვრების ნაწილად მოიაზრებს და მათ დაცვას ადამიანის ძირითად უფლებად აღიარებს. კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და ნებისმიერ ინფორმაციას, რომელსაც მის შესახებ ინახავს. კონვენციის თანახმად, სახელმწიფოს მხრიდან ამ უფლებაში ჩარევა დაუშვებელია, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ასეთი ჩარევა უნდა იყოს:
- კანონიერი,
- დასაბუთებული,
- აუცილებელი,
- პროპორციული.
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა საქართველოს კონსტიტუციითაა აღიარებული:
“ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია”,- კონსტიტუციის მე-20 მუხლი.
კონსტიტუციის 41-ე მუხლის თანახმად, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც პირის ჯანმრთელობას, ფინანსებს ან სხვა კერძო საკითხებს უკავშირდება, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი.
შესაბამისად, პერსონალური მონაცემები არ არის საჯარო ინფორმაცია. სახელმწიფო ორგანოები, ასევე კომერციული ორგანიზაცები ვალდებულები არიან, დაიცვან შემდეგი მონაცემების კონფიდენციალურობა:
- პირის ვინაობა,
- მისამართი,
- დიაგნოზი,
- საბანკო ანგარიშის ნომერი,
- ნესბიმიერი სხვა მონაცემი, რომლითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება.
“პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, განსაკუთრებულად დაცული უნდა იყოს ისეთი სენსიტიური ინფორმაცია, როგორიცაა:
- რასა და ეთნიკური კუთვნილება;
- პოლიტიკური შეხედულებები;
- რელიგიური ან ფილოსოფიური მრწამსი;
- პროფესიული კავშირის წევრობა;
- ჯანმრთელობის მდგომარეობა;
- სქესობრივი ცხოვრება;
- ნასამართლობა;
- პატიმრობა;
- ინფორმაცია საპროცესო შეთანხმების გაფორმეის შესახებ;
- ბიომეტრიული და გენეტიკური მონაცემები.
ამ მონაცემების გამჟღავნება პირის თანხმობის გარეშე დაუშვებელია, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა.
რა სახის პერსონალური მონაცემები არ არის დაცული?
პერსონალური მონაცემები ყოველთვის კონფიდენციალური არ არის და, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, გარკვეული ინფორმაცია შეიძლება გამჟღავნდეს. ასეთი გამონაკლისი შემდეგ შემთხვევებშია დასაშვები:
- სასამართლოს გადაწყვეტილებით;
- კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას;
- საჯარო ინტერესის არსებობისას.
სასამართლოს გადაწყვეტილება. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ადამიანის შესახებ პირადი ინფორმაციის, მისი პირადი ჩანაწერების ან მიმოწერის მოპოვება, მისი შეტყობინებების გაცნობა ან სატელეფონო საუბრის მოსმენა დასაშვებია, მაგრამ ამისათვის საჭიროა სასამართლოს ნებართვა. მაგალითად, თუ პოლიციას დანაშაულის გამოსაძიებლად სჭირდება ინფორმაცია პირის საბანკო ანგარიშის შესახებ, ამ ინფორმაციის ბანკიდან მოსაპოვებლად სასამართლოს წინასწარი ნებართვა უნდა აიღოს.
კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა. როდესაც სასამართლოს ნებართვის მოპოვება ვერ ხერხდება, რადგან არსებობს საფრთხე, რომ ნებართვის აღებამდე დანაშაულის გახსნისთვის აუცილებელი ინფორმაცია შეიძლება განადგურდეს, ამ ინფორმაციის მოპოვება სასამართლოს ნებართვის გარეშეც, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე არის დასაშვები. თუმცა, მოგვიანებით საგამოძიებო უწყებამ სასამართლოს წინაშე უნდა დაასაბუთოს, რომ ამ ზომის გამოყენება იყო აუცილებელი.
საჯარო ინტერესი. “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონი" ასე განმარტავს საზოგადოებრივ ინტერესს:
“საზოგადოების ინტერესი (და არა ცალკეულ პირთა უბრალო ცნობისმოყვარეობა) იმ მოვლენისადმი, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განხორციელებასთან”.
პერსონალური მონაცემების გასაჯაროებისას, საჯარო თუ კერძო დაწესებულებამ, მედიამ უნდა დაიცვან სამართლიანი ბალანსი მონაცემთა დაცვის ინტერესებსა და საჯარო ინტერესს შორის, რაც ცალკეულ შემთხვევაში, ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს. ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის საჯარო ინტერესის სასარგებლოდ მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დაირღვეს, თუ გასაჯაროებით მიღებული შედეგი აღემატება ზიანს, რომელიც ადამიანს მისი მოანაცემების გასაჯაროებით მიადგა. მაგალითად, თუ თანამდებობის პირი ბოროტად იყენებს თავის სამსახურებრივ მდგომარეობას მისი შვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის დასაფარად, ამ შემთხვევაში საჯარო ინტერესია, საზოგადოებამ იცოდეს საჯარო პირის მიერ ჩადენილი უკანონო ქმედების შესახებ.
მონაცემთა გასაჯაროების სხვა შემთხვევები. “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, მონაცემები, გარდა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებისა, შეიძლება გადაეცეს სხვა პირს ან გასაჯაროვდეს შემდეგ შემთხვევებში:
- პირის თანხმობით;
- თუ მონაცემთა გამჟღავნება გათვალისწინებულია კანონით;
- როდესაც მონაცემთა გამჟღავნება საჭიროა ორგანიზაციაზე კანონით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
- თუ ეს საჭიროა პირის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად;
- როდესაც მონაცემთა გამჟღავნება აუცილებელია ორგანიზაციის ან სხვა პირის კანონიერი ინტერესების დასაცავად;
- მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია;
- მონაცემთა გამჟღავნება აუცილებელია პირის განცხადების განსახილველად ან მისთვის მომსახურების გასაწევად.
როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი მონაცემები?
- მონაცემების გაცნობის და ასლის მიღების უფლება,
- მონაცემების შესწორების უფლება,
- მონაცემთა გამოყენების შეწყვეტის უფლება,
- მონაცემების წაშლის უფლება.
მონაცემების გაცნობის და ასლის მიღების უფლება. ყველა ადამიანს აქვს უფლება, იცოდეს, რა ინფორმაციას აგროვებს და ინახავს სახელმწიფო და კომერციული ორგანიზაცია მის შესახებ. სახელმწიფო ორგანოს შემთხვევაში, უფლება გაქვთ, ამ მონაცემების გაცნობა და მათი ასლის უფასოდ გადმოცემა მოითხოვოთ.
მონაცემების შესწორების უფლება. თუ გაქვთ ინფორმაცია, რომ ესა თუ ის ორგანიზაცია თქვენს შესახებ მცდარ ან არაზუსტ მონაცემებს ინახავს, უფლება გაქვთ, მოითხოვოთ მონაცემების შესწორება.
მონაცემთა გამოყენების შეწყვეტის უფლება. თუ აღარ გსურთ, რომ ორგანიზაცია თქვენს მონაცემებს საკუთარი მიზნებისთვის იყენებდეს (მაგალითად სარეკლამო sms-ებს), უფლება გაქვთ, ამ ორგანიზაციას მონაცემების დამუშავების შეწყვეტა მოსთხოვოთ, ხოლო, თუ თქვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, მიმართოთ საჩივრით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს.
მონაცემების წაშლის უფლება. თუ ორგანიზაცია მოთხოვნას შეასრულებს და შეწყვეტს მონაცემების დამუშვებას, შეგვიძლია, მონაცემების წაშლაც მოვითხოვოთ.
დაბოლოს, უნდა გვახსოვდეს, რომ პერსონალური მონაცემების ორგანიზაციისთვის ან უცხო ადამიანებისთვის გადაცემამდე ყოველთვის უნდა ვიკითხოთ:
- რა მიზნისთვის გამოიყენებენ მონაცემებს?
- ჩვენი თანხმობის გარეშე ხომ არ გადასცემენ სხვა პირებს?
მედია და პერსონალური მონაცემები
მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე-10 თავი ადგენს წესებს, რომლებიც მაუწყებლებმა პირად მონაცემებთან დაკავშირებით უნდა დაიცვან. კერძოდ, 35-ე მუხლის თანახმად, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი, მაუწყებელმა არ უნდა გაამჟღავნოს ინფორმაცია პირის:
- საცხოვრებელი ადგილის,
- ტელეფონის ნომრის,
- ფოსტის,
- სხვა პირადი საკონტაქტო მონაცემების შესახებ.
ჟურნალისტის მიერ, პირის ნებართვის გარეშე, მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაში ჩარევის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია ჩაითვლება პერსონალურ მონაცემად, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც საჯარო ინტერესი გადასწონის პირადი ინფორმაციის დაცვის ვალდებულებას.
კოდექსის მე-10 თავი ადგენს დეტალურ წესებს, რომლებიც ჟურნალისტებმა ინფორმაციის გაშუქებისას უნდა დაიცვან. ეს წესები შეეხება:
- საჯარო თავშეყრის ადგილებში გადაღებული ისეთი კადრების გამოყენებას, რომელიც პერსონალური მონაცემების მატარებელია;
- სკოლებში, საჯარო და კერძო დაწესებულების ტერიტორიაზე გადაღებული კადრების გამოყენებას;
- სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გამოყენებას;
- გარდაცვლილი პირის, დაზარალებულის ან ძალადობის მსხვერპლის იდენტიფიცირებას;
- არასრულწლოვანის იდენტიფიცირებას;
- ეჭვმიტანილის იდენტიფიცირებას;
- სექსუალური ძალადობის მსხვერპლის იდენტიფიცირება.
საჯარო თავშეყრის ადგილებში გადაღებული კადრები (35-ე მუხლი). მაუწყებელი უნდა დარწმუნდეს, რომ საჯარო თავშეყრის ადგილებში გადაღებული კადრები, სიტყვები ან ქმედება, არ არის ისეთი პირადი ცხოვრების ელემენტების მატარებელი, რომ საჭიროებდეს კადრში დაფიქსირებული პირის წინასწარ თანხმობას.
სკოლებში, საჯარო და კერძო დაწესებულების ტერიტორიაზე გადაღებული კადრები (35-ე მუხლი). სკოლებში, კერძო და საჯარო დაწესებულების ტერიტორიაზე, მათ შორის საავადმყოფოებში, სასჯელაღსრულების დაწესებულებბსა და პოლიციის განყოფილებაში ვიდეო-აუდიო გადაღება შესაბამისი უფლებამოსილი პირის ნებართვით არის დასაშვები, ხოლო ვიდეო კადრებში შემთხვევით მოხვედრილი ადამიანის იდენტიფიცირება ნებართვა მხოლოდ მაშინ არ არის საჭირო, თუ ამ პირის ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირება შეუძლებელია. მაგალითად, თუ ვიდეოგადაღება საავადმყოფოში ადმინისტრაციის ნებართვით განხორციელდა, მაგრამ კადრში მოხვდა პაციენტი, რომელის იდენტიფიცირება მკაფიოდ არის შესაძლებელი, ასეთ შემთხვევაში, მედიის მიერ ამ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პერსონალური მონაცემის გასაჯაროვება ხდება.
სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გამოყენება (35-ე მუხლი). მაუწყებელმა რესპონდენთან სატელეფონო საუბრების ჩაწერამდე უნდა წარუდგინოს თავი, განუმარტოს ზარის მიზანი და აუხსნას, რომ ზარი იწერება და შესაძლოა, გამოქვეყნდეს. ჩანაწერის ეთერში გაშვებამდე ჟურნალისტმა რესპონდენტის თანხმობა უნდა აიღოს.
გარდაცვლილი პირის, დაზარალებულის ან ძალადობის მსხვერპლის იდენტიფიცირება (35-ე მუხლი). გარდაცვლილი პირის, უბედური შემთხვევისას დაზარალებულის ან ძალადობის მსხვერპლის გადაღება უნდა მოხდეს გარკვეული მანძილიდან, რომ შეუძლებელი იყოს მათი იდენტიფიცირება.
არასრულწლოვანის იდენტიფიცირება (44-ე მუხლი). მაუწყებელმა გარკვეული პრობლემების საილუსტრაციოდ, კონკრეტული არასრულწლოვანი კადრში არ უნდა მოახვედროს და ასეთ შემთხვევაში მასალა ზოგადი კადრებით უნდა გადაფაროს. დაუშვებელია ასევე არასრულწლოვანის იდენტიფიცირება, თუ მასალა ეხება:
- არასრულწლოვანის მიერ ჩადენილ დანაშაულს და ის ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის ან მსჯავრდებულის როლშია, ან საქმეში, როგორც მოწმე ან დაზარალებული ფიგურირებს;
- სქესობრივი დანაშაულს და არასწრულწლოვანი ან დანაშაულში მხილებულია, ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.
ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება (49-ე მუხლი). მაუწყებელმა არ უნდა მოახდინოს ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მისი სახელი საზოგადოებისთვის ცნობილია ან საქმე საზოგადოებრივი ინტერესის მქონეა.
სექსუალური ძალადობის მსხვერპლის იდენტიფიცირება (50-ე მუხლი). მაუწყებელმა არ უნდა გაამჟღავნოს სექსუალური ძალადობის მსხვერპლის ვინაობა გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაზარალებული თანახმაა და არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი.
ყველა ზემოთჩამოთვლილ შემთხვევაში გამონაკლისი პერსონალური მონაცემების უნებართვოდ გამოყენებაზე მაშინ არის დასაშვები, როდესაც არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და საზოგადოების ლეგიტიმური ინტერესი უპირატესი სიკეთეა.
ვის მივმართოთ თუ მიგვაჩნია, რომ ჩვენი უფლებები ირღვევა?
ჩვენი პერსონალური მონაცემების კონფიდენციალობის დარღვევის შემთხვევაში, შეგვიძლია მივმართოთ:
- სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს;
- პოლიციას;
- მედიის თვითრეგულირების ორგანოს; (იხ. შესაბამისი თავი);
- სოციალური მედიის შემთხვევაში, შესაბამის სოციალურ ქსელს;
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორს შეგვიძლია მივმართოთ თუ ჩვენი უფლებები ირღვევა კომერციული ორგანიზაციის, სახელმწიფო ორგანოს ან კერძო პირის მხრიდან.
ინსპექტორს ევალება პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული კანონდარღვევების შესწავლა და მათზე რეაგირება. ის განიხილავს მოქალაქეთა საჩივარს და თუ დარღვევას აღმოაჩენს, მოსთხოვს ორგანიზაციას დარღვევის გამოსწორებას და საჭიროების შემთხვევაში დააჯარიმებს.
პოლიცია. პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება ან გავრცელება, მათ შორის ინტერნეტში გასაჯაროება, სისხლის სამართლის დანაშაულია. მაგალითად, თუ ვინმემ თქვენი პირადული ვიდეო უნებართვოდ გადმოტვირთა თქვენი კომპიუტერიდან ან მობილური ტელეფონიდან და სოციალურ ქსელში გაავრცელა, უნდა დაუკავშირდეთ პოლიციას. თქვენი განცხადების საფუძველზე დანაშაულის გამოძიება დაიწყება.
მედიის თვითრეგულირების ორგანო. თუ მედია თქვენი ნებართვის გარეშე აქვეყნებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს და არც საკითხისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, მაუწყებლების შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ მაუწყებელთა გასაჩივრების კომისიას, ხოლო სხვა მედიების შემთხვევაში - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას.
სოციალური მედია. თუ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ თქვენს ფოტოს ან ვიდეოს ვინმე თქვენი ნებართვის საკუთარ გვერდზე განათავსებს ან თქვენს ფოტოს საკუთარ პროფილად დააყენებს, შეგიძლიათ ეს ფაქტი გაასაჩივროთ და მასალის წაშლა მოითხოვოთ.
Facebook-ის შემთხვევაში, გადადით ბმულზე, მონიშნეთ მასალა, რომლის წაშლაც გსურთ, მიუთითეთ ბმული (URL), რომელზეც განთავსებულია წასაშლელი მასალა და გაგზავნეთ (send) შეტყობინება. ამის გარდა, Facebook შესაძლებლობას გაძლევთ, გაუგზავნოთ შეტყობინება იმ მომხარებლის შესახებ, რომელიც თქვენს ფოტოს ან ვიდეოს აზიარებს. გადადით თქვენთვის საინტერესო მომხმარებლის პროფილზე, გარეკანის ფოტოს (cover photo) მარჯვენა ქვედა კუთხეში დაკლილეთ და “Give feedback” ან “report this profile” აირჩიეთ, შემდეგ კი ინსტრუქციას მიჰყევით.
Instagram-ის შემთხვევაში, გადადიხართ ბმულზე, მონიშნავთ სავალდებულო შეკითხვებზე პასუხები, მიუთითეთ ბმული, რომელზეც განთავსებულია თქვენთვის საინტერესო მასალა და გაგზავნეთ შეტყობინება.
Youtube-ის შემთხვევაში გადადით ბმულზე და შეავსეთ ანკეტა, რომელშიც რამდენიმე აუცილებელი ინფორმაცია უნდა შეიყვანოთ.
შეუძლებელია იმის წინასწარ განჭვრეტა, თქვენი საჩივრის საფძველზე წაიშლება თუ არა თქვენთვის არასასურველი მასალა სოციალური ქსელიდან. კომპანიები წინასწარ გვაფრთხილებენ, რომ საჩივარი შესაძლოა არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლო მოთხოვნის გამო. ამიტომ, რაც უფრო ზუსტ ინფორმციას მივაწდვით, უფრო დიდია შანსი, რომ ჩვენი მოთხოვნა შესრულდება.
ისტორია
ამ სიმბოლოებით თიხის ჭურჭლის მეპატრონის სახელია აღნიშნული. ის ჩვენს წელთაღრიცხვამდე 6600-6200 წლებით თარიღდება.
რომაელები პერსონალურ მონაცემებს ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 27-ე წელს აღრიცხავდნენ. ასე თარიღდება პირველი „დაბადების მოწმობა“, რომელშიც რომაელი ბავშვის სახელი და ასაკი იწერებოდა.
პირველი სელფი. შეიძლება წარმოუდგენელია, მაგრამ პირველი „სელფი“ ამერიკელმა ფოტოგრაფმა რობერტ კორნელიუსმა 1839 წელს გადაიღო.
პირველი ინტერნეტ-მიმოწერა. პირველი იმეილი 1971 წელს ცნობილმა ამერიკელმა პროგრამისტმა რეი ტომლინსონმა გააგზავნა. მისი ზუსტი შინაარსი აღარავის ახსოვს.