Topic

მედია და ინფორმაციული წიგნიერება

ტექნოლოგიურმა პროგრესმა, კერძოდ კი, ვებ 2-ისა და სოციალური მედიის განვითარებამ თვისებრივად შეცვალა მედიის ტრადიციული გაგება. დღეს მოქალაქეებს პირდაპირ მიუწვდებათ ხელი წყაროებზე, შეუძლიათ იყვნენ, როგორც მედია კონტენტის შემქმნელები, ასევე გამავრცელებლები და ამისათვის სპეციფიკური ჟურნალისტური განათლება ან სამუშაო გამოცდილება არ მოეთხოვებათ.

ტექნოლოგიური განვითარების შედეგად, ინფორმაციის გავრცელებაზე კონტროლის ძალაუფლება შეიცვალა: ტრადიციულ მედიას დღის წესრიგის შედგენაზე მონოპოლია აღარ აქვს, რაც მედია საკუთრების კონცენტრაციის პირობებში დამატებით რისკებს უკავშირდებოდა. თუ ტრადიციული მედია პროფესიულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით განსაზღვრავს, თუ რა არის საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი და ღირებული ინფორმაცია, დღეს მოქალაქეებს ინტერნეტის მეშვეობით შესაძლებლობა აქვთ, თავად მოიძიონ ინფორმაციის წყარო და ის ინფორმაცია გააზიარონ, რომელსაც თავად მიიჩნევენ მართებულად. ამ ცვლილებების შედეგად, ერთი მხრივ, საინფორმაციო ველი უფრო პლურალისტური გახდა და საინფორმაციო ციკლი დაჩქარდა, მეორე მხრივ, იმის გამო, რომ სოციალურ მედიას პროფესიული რედაქტირების ფუნქცია არ აქვს, დეზინფორმაციის, სიძულვილის ენის შემცველი შინაარსის გავრცელებაც უფრო მარტივი გახდა.

არსებული გამოწვევების დასაძლევად მნიშვნელოვანია მედია და ინფორმაციული წიგნიერების უნარების განვითარება, რაც კომუნიკაციის ყველა ფორმის გამოყენებით, შემდეგ კომპონენტებს მოიცავს:

  • მედიის ხელმისაწვდომობა;
  • მედიის ანალიზი;
  • მედიის შეფასება;
  • მედია კონტენტის შექმნა;
  • მოქმედება.

მედია და ინფორმაციული წიგნიერება ყველა ტიპის მედიის სრულფასოვნად გამოყენების და მედია შინაარსიის კრიტიკული გააზრების უნარია, კრიტიკული აზროვნება კი - ფაქტების და ფაქტობრივი მტკიცებულებების ობიექტური, რაციონალური, სკეპტიკური და მიუკერძოებელი ანალიზის უნარი.

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (იუნესკო -UNESCO) მედია და ინფორმაციულ წიგნიერებას თანასწორობისა და ადამიანის უფლებების კონტექსტში განიხილავს და ყურადღებას ინფორმაციასა და ცოდნაზე თანაბარი ხელმისაწვდომობისა და თავისუფალი, დამოუკიდებელი და პლურალისტური მედია და საინფორმაციო სისტემების პოპულარიზაციის აუცილებლობაზე ამახვილებს.

იუნესკოს მედია და ინფორმაციული წიგნიერების 5 წესი