მიზანი
იმის გააზრება, რომ ადამიანი მუდმივად არის ინფორმაციული შეტყობინებების გავლენის ქვეშ, რეკლამაში მანიპულაციის ამოცნობის უნარის შეძენა.
ხანგრძლივობა
15 წთ.
მეთოდი
ჯგუფური მუშაობა
აღჭურვილობა
პროექტორი რეკლამის მაგალითის საჩვენებლად, ქაღალდის ფურცლები და ფანქრები ნახატებისთვის
წყარო: MediaNavigator.org
სავარჯიშოს აღწერა: ტრენერი ეკითხება მონაწილეებს: “გაიხსენეთ, როგორ იხეხავთ კბილებს დილით, კბილის პასტის რა ოდენობას ათავსებთ კბილის ჯაგრისზე?” შემდეგ ტრენერი სთხოვს მონაწილეებს სქემატურად დახატონ კბილის ჯაგრისი და კბილის პასტის ის რაოდენობა, რამდენსაც ისინი კბილების გახეხვისას იყენებენ. მონაწილეები არ აკეთებენ კომენტარებს და არ განიხილავენ შედეგებს მანამ, სანამ დავალებას ყველა არ შეასრულებს.
დავალების დასრულების შემდეგ ტრენერი სთხოვს მონაწილეებს, ასწიონ ნახატები, რათა ყველამ დაინახოს შედეგები და ითხოვს შეაფასონ, თუ რამდენ კბილის პასტას მოიხმარენ (როგორც წესი, მონაწილეთა ნახევარი ხატავს კბილის პასტის ისეთ ოდენობას, რომელიც სრულად ავსებს ჯაგრისს, მესამედი - ნახევრად შევსებულს, ხოლო მესამედი - კბილის პასტის მცირე ოდენობას).
კითხვა მონაწილეებს: “იცით თუ არა, რა რაოდენობის კბილის პასტის გამოყენებაა რეკომენდებული კბილების გასახეხად?” ჯგუფში აუცილებლად აღმოჩნდება 3-4 ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ ექიმების რეკომენდაციით, კბილების გასახეხად საჭიროა მცირე რაოდენობის კბილის პასტა.
შემდგომ ტრენერი სვამს კითხვას დისკუსიისთვის: “როგორ ფიქრობთ, მონაწილეთა უმრავლესობა რატომ იყენებს იმაზე გაცილებით მეტ კბილის პასტას, ვიდრე ეს საჭიროა?” მონაწილეები ფაქტობრივად უმალვე უპასუხებენ, რომ ეს ხდება იმის გამო, რომ ასეთ ინფორმაციას გვაწვდის ამ პროდუქტის რეკლამა. ხშირად სატელევიზიო რეკლამებში, სარეკლამო ბუკლეტებზე და კბილის პასტის შეფუთვებზე ჩვენ ვხედავთ კბილის პასტის დიდ რაოდენობას, რომელიც ჯაგრისს სრულად ფარავს.
დისკუსიის შესაჯამებლად ტრენერი ამბობს: “ბევრს მიგიქცევიათ თუ არა ყურადღება იმისთვის, თუ რა რაოდენობის კბილის პასტაა ჯაგრისზე გამოყენებული რეკლამაში? როგორც ვხედავთ, უმეტესობამ საკუთარ ნახატზე სწორედ იმ რაოდენობის კბილის პასტა დახატა, რამდენიც რეკლამაშია, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, გაცილებით ნაკლების გამოყენებაა საჭირო. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ მოქმედებს ჩვენზე მედია, მათ შორის რეკლამაც. როდესაც თქვენ უყურებთ რეკლამას, ვერც კი ამჩნევთ, თუ როგორ ახდენს ის თქვენზე ინფორმაციულ გავლენას, თუმცა ახლა თქვენ სწორედ იმას აკეთებთ, რაც კბილის პასტის მწარმოებლებს სურთ. თქვენ იყენებთ კბილის პასტის დიდ რაოდენობას, უფრო ხშირად იძენთ მას, რაც კბილის პასტის მწარმოებლის მოგებას ზრდის.”
ტრენერი სთავაზობს მონაწილეებს, რომ ჩაიწერონ სიტყვა, რომელიც მათთვის შესაძლოა, ახალი აღმოჩნდეს: შთაგონება (suggestion) ლათინური სიტყვიდან suggestio წარმოიქმნა, რაც ნიშნავს ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, აზროვნების პროცესის, მგრძნობელობისა და რეაქციის ცვლილებას, რომელიც უმეტესად შეუმჩნევლად ხდება მათში, ვინც ასეთ ზეგავლენას ექვემდებარება.
ტრენერი ეკითხება მონაწილეებს, თუ კიდევ რეკლამის ქვეცნობიერზე ზემოქმედების რა მაგალითი შეუძლიათ გაიხსენონ.
შესაჯამებელი კითხვები მონაწილეებისთვის:
რატომაა მნიშვნელოვანი გავაცნობიეროთ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაცია?
შესაძლოა თუ არა, თავი დავიცვათ რეკლამისა თუ სხვა ინფორმაციის არასასურველი გავლენებისგან?
რა ეწოდება ადამიანის ფსიქიკაზე ქვეცნობიერი ზემოქმედების პროცესს?
რჩევა ტრენერისთვის:
სავარჯიშომდე სასურველია, ამობეჭდოთ კბილის პასტისა და საღეჭი რეზინის ნიმუშები. შესაძლოა, ასევე მათი პროექტორის საშუალებით ჩვენება.