სავარჯიშო 1. სიტაუციური სავარჯიშო-დისკუსია: როგორ დავიცვათ მოზარდები კიბერბულინგისგან?

კიბერბულინგი შემთხვევა: 16 წლის მარიამმა Facebook-ზე უცნობი ბიჭის, 24 წლის გიგის მესიჯი მიიღო. გიგი თითქმის 1 თვის განმავლობაში ყოველდღე გაცნობას სთხოვდა. ბოლოს მარიამი გამოეხმაურა და დამეგობრდნენ.

გოგონას ასე არასოდეს არავინ მოსწონებია. გიგი ყოველდღე უფრო და უფრო მეტ კომპლიმენტს ეუბნებოდა და თან სელფების გამოგზავნას სთხოვდა. შეხვედრებს იშვიათად ახერხებდნენ და ისიც ცოტა ხნით. მარიამის მშობლები ძალიან გაბრაზდებოდნენ, რომ გაეგოთ 24 წლის შეყვარებული ჰყავსო. გოგონას გიგი მოსწონდა და ამიტომ ბევრი აღარც უფიქრია, როცა მან შიშველი სელფი სთხოვა, თუმცა მთლიანად გაშიშვლება მაინც ვერ გაბედა.

მეორე დღეს გიგიმ ისევ სთხოვა შიშველი სელფი, უკვე აწეული თმით. მარიამს აღარ მოეწონა მისი ეს მოთხოვნა, მაგრამ გიგი გაეხუმრა, გუშინდელ ფოტოს საქვეყნოდ დაგიპოსტავო. ამასობაში ოთახში დედამ სტუმარდ მოსული მისი დაქალი ნუკა შემოიყვანა და მარიამმა სასწრაფოდ გადადო ტელეფონი. მარიამს გიგის ხუმრობა აწუხებდა, მაგრამ მეგობარს ვერაფერი უთხრა.

აღმოჩნდა, რომ გიგი არ ეხუმრა, ის უფრო და უფრო მეტ ფოტოს სთხოვდა. მარიამმა იცოდა, რომ მის მიერ გაგზავნილ ყველა ფოტოს ახალი ფოტოს მოთხოვნა და მუქარები მოჰყვებოდა. არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. ბოლოს მაინც ნუკას გაუმხილა. მეგობარი გაუბრაზდა და უთხრა, თუ მასთან მეგობრობის გაგრძელება უნდოდა, გიგისთან ურთიერთობა უნდა შეეწყვიტა, თორემ სკოლაშიც დასცინებდნენ და დედამისიც ეჩხუბებოდა. მეორე დღეს მარიამმა შეატყო, როგორ შეიცვალა მეგობრების დამოკიდებულება მის მიმართ.

გიგი უკვე შეხვედრების მოთხოვნაზე გადავიდა და აგრესია ემატებოდა - „თუ არ გინდოდა, რას მიგზავნიდი შიშველ სურათებს“ - უყვიროდა მარიამს.

იმ საღამოს მამა დაგვიანებისთვის ეჩხუბა, დედამ კი ბოლო დროს მიღებული ცუდი ნიშნები გაუხსენა. მარიამმა მშობლებს ვერ გაუმხილა თავისი პრობლემა, რადგან სჯეროდა, რომ ვერავინ გაუგებდა.

მარიამის საყვარელმა ნატა მასწავლებელმაც „თინეიჯერულ კომპლექსებს და გართულებებს“ დააბრალა მისი მოუმზადებელი დავალება. მარიამმა ვერც მას გაუმხილა თავისი პრობლემა.

ამასობაში გიგიმ უკვე მისი სურათებისგან ვიდეოც გააკეთა. მარიამმა ვიდეოს ქვეშ მიწერილი მწარე კომენტარები წარმოიდგინა და ამ ყველაფრის დასრულება გადაწყვიტა. ერთდაერთი რაც უნდოდა, ყველაფერი მალე დასრულებულიყო და მეთერთმეტე სართულის ფანჯრიდან გადახტა.

კითხვები დისკუსიისთვის:

  • რა პრობლემის იდენტიფიცირებაა შესაძლებელი მაგალითში?
  • როგორია მარიამის ფსიქოლოგიურ-ემოციური მდგომარეობა დასაწყისში და ბოლოში?
  • როგორ უნდა მიმხვდარიყვნენ მშობლები და მასწავლებელი, რომ მარიამს პრობლემა ჰქონდა?
  • რა შეცდომა დაუშვეს მშობლებმა?
  • რა შეცდომა დაუშვა მასწავლებელმა?
  • რა შეცდომა დაუშვა მარიამის მეგობარმა?
  • როგორ უნდა მოქცეულიყო მარიამი?
  • როგორ უნდა მოქცეულიყვნენ მშობლები?
  • როგორ უნდა მოქცეულიყო მეგობარი?
  • როგორ უნდა მოქცეულიყო მასწავლებელი?