მიზანი
სარედაქციო გადაწყვეტილებების მიღების პროცესი მნიშვნელოვანი ინფორმაციის შერჩევას გულისხმობს, რა დროსაც მედია, მიმდინარე მოვლენების შესახებ საზოგადოების ინფორმირების გარდა, გარკვეული ინფორმაციის გაფილტვრასაც ახდენს. მედიის მიერ დღის წესრიგის განსაზღვრაზე შესაძლოა, სხვადასხვა ფაქტორებმა მოახდინოს გავლენა. სავარჯიშოს მიზანია, მონაწილეებს სარედაქციო გადაწყვეტილებების მიღების, ასევე იმ ფაქტორების კრიტიკული ანალიზის უნარები განუვითაროს, რომლებმაც შესაძლოა, დღის წესრიგის განსაზღვრაზე გავლენა მოახდინონ.
ხანგრძლივობა
40 წთ.
მეთოდი
ჯგუფური მუშაობა, პრეზენტაცია, დისკუსია
აღჭურვილობა
კომპიუტერები, ინტერნეტთან წვდომა. ამობეჭდილი სამუშაო ფორმები, კალმები, დაფა, ფლიპჩარტის ქაღალდი
დავალება: დაყავით მონაწილეები 2 ჯგუფად. შეარჩიეთ 2 განსხვავებული სარედაქციო პოლიტიკის მქონე საინფორმაციო სააგენტო და სთხოვეთ ერთ ჯგუფს ერთი სააგენტოს დღის გამოშვების ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი ამბების, ხოლო მეორე ჯგუფს მეორე სააგენტოს მასალების დამუშავება. თითოეულმა ჯგუფმა სააგენტოს 1 დღის მასალებზე დაყრდნობით უნდა შეარჩიოს 10 ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელსაც თავადაც გააშუქებდა. მონაცემები შეიყვანეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში, სადაც ინფორმაციის რიგითობას პრიორიტეტულობის მიხედვით განსაზღვრავთ და დაასაბუთებთ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი კონკრეტული ინფორმაცია.
ჩამოტვირთე სამუშაო ფორმა 4
პრეზენტაცია: სთხოვეთ თითოეულ ჯგუფს, წარმოადგინონ და დაასაბუთონ მათი სარედაქციო გადაწყვეტილებები.
დისკუსია: პრეზენტაციის შემდეგ იმსჯელეთ შემდეგ საკითხებზე:
- რამდენად განსხვავებული იყო სხვადასხვა ჯგუფის მიერ შედგენილი ერთიდაიგივე დღის საინფორმაციო ბადე?
- რამ განაპირობა განსხვავება/მსგავსება?
- რა ფაქტორები ახდენს გავლენას დღის წესრიგის ფორმირებაზე?