2018 წლის 22 აპრილს, რუსული ტელეარხის Россия 1-ის ეთერში, გადაცემაში “კვირის ამბები დმიტრი კისილიოვთან ერთად,” გავიდა სიუჟეტი, რომელიც ამტკიცებდა, რომ 2018 წლის 7 აპრილს სირიის ქალაქ დუმაში ასადის მხრიდან ქიმიურ თავდასხმას რეალურად ადგილი არ ჰქონია, ხოლო გავრცელებული კადრები ვიდეოინსცენირებას წარმოადგენდა. აღნიშნულის მტკიცებულებად სიუჟეტში მოყვანილია ფარეს მუჰამმად მაიიასას ინტერვიუ, რომელიც დაჯგუფება "ჯაიშ ალ-ისლამ"-ის ყოფილ მებრძოლად არის წარდგენილი. რესპონდენტი ამტკიცებს, რომ ის თავდასხმის ინსცენირების მიზნით მომზადებული გაყალბებული სიუჟეტისთვის გადასაღებ მოედანზე რეჟისორის ასისტენტად მუშაობდა. ინტერვიუს თან ახლავს გადასაღები მოედნის, რეჟისორებისა და მსახიობების ფოტოკადრები. სიუჟეტის თანახმად, მსახიობები ქიმიური თავდასხმის შედეგად დაზარალებულების როლს ასრულებენ.
რეალურად კი 2018 წლის სიუჟეტში გამოყენებული კადრები 2016 წელს არის გადაღებული და მხატვრული ფილმის გადასაღები მოედნის ფოტორეპორტაჟს წარმოადგენს.
ფილმის გადაღება 2016 წელს ბრიტანეთიდან დაბრუნებულმა სირიელმა რეჟისორმა ჰუმამ ჰუსარიმ დაიწყო. ფილმის სიუჟეტი 2013 წელს ვითარდება, როდესაც ასადის რეჟიმმა დამასკოს გარეუბანი ზარინის შემცველობის რაკეტებით დაბომბა.
რუსული ტელეარხის სიუჟეტში გამოყენებული კადრები კი პირველად, 2016 წლის 19 სექტემბერს ჩინურმა ონლაინ სააგენტომ Global Times-მა გამოაქვეყნა.