მაგალითი 3. სექსტინგის, კიბერ-ადევნების, დოქსინგის მაგალითები

სექსტინგი. თინეიჯერმა გოგონამ შეყვარებულს შიშველი სურათი გაუგზავნა. მოგვიანებით, როდესაც ისინი ერთმანეთს დასცილდნენ, ბიჭმა სურათი სხვა ბავშვებს გაუზიარა, რომლებმაც სურათებს სექსუალური ხასიათის, უხამსი და დამცინავი კომენტარები მიაწერეს. ზოგი კლასელი შეურაცხმყოფელ მესიჯებსაც წერდა. გოგონა ჩაიკეტა, მეგობრების უმრავლესობას დასცილდა, სკოლა შეიცვალა და დიდი ხნის განმავლობაში ფსიქოლოგის დახმარება სჭირდებოდა.

კიბერ-ადევნება. რამდენიმე მოსწავლემ სკოლის ტერიტორიაზე ალკოჰოლური სასმელი შეიტანა და დალია, რის შემდეგაც მათ სკოლის კედლები დააზიანეს. სკოლის ადმინისტრაციასთან ინფორმაციის გამჟღავნება დაბრალდა ერთ გოგონას, რომელსაც რეალურად მომხდართან შემხებლობა არ ჰქონია. როგორც კი ეს ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, მოსწავლეთა ერთი ჯგუფი სხვებთან ერთად ამ გოგონას დღე-ღამის მანძილზე გაბრაზებულ, დამცინავ და შეურაცხმყოფელ მესიჯებს უგზავნიდა, სოციალურ ქსელებში უქვეყნებდა და ემუქრებოდა კიდეც. მან საკუთარი ფეისბუქ, ინსტაგრამ და ტვიტერ ანგარიშები დახურა და ტელეფონის ნომერიც შეიცვალა. თუმცა, ბულინგი უკვე სკოლის ტერიტორიაზე მაინც გაგრძელდა.

დოქსინგი. თინეიჯერმა ბიჭმა თამაშის ფორუმზე თამაშის ტაქტიკის შესახებ უარყოფითი შეფასება გამოაქვეყნა, რასაც სხვა მოთამაშე არ დაეთანხმა და კამათი მათ შორის ონლაინ დაპირსპირებაში გადაიზარდა. მეორე მოთამაშემ ამ ბიჭის შესახებ ინფორმაცია ონლაინ მოძებნა და ფორუმზე მისი სახელისა და ელექტრონული ფოსტის მისამართი და სოციალური მედიის გვერდები გამოაქვეყნა. ამის შემდეგ ბიჭი სხვა მოთამაშეებისგანაც დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ მესიჯებს და წერილებს იღებდა. ზოგი მათგანი სახლში მისვლის და ფიზიკური ძალადობის მუქარასაც შეიცავდა.