მაგალითი 3. კერძო სივრცისა და საჯარო სივრცის გამიჯვნა

სერ ელტონ ჯონი “სპორტის”, “დეილი სტარის”, “ესკვაერის” და “სქაის” წინააღმდეგ

საჩივარი: დიდი ბრიტანეთის პრესის საჩივრების კომისიას საჩივრით მიმართა სერ ელტონის ჯონის ადვოკატმა. საჩივარი შეეხებოდა სამხრეთ საფრანგეთში, სერ ელტონის ჯონის კუთვნილ სახლში გადაღებული ფოტოების გაზეთ “დეილი სტარში” გამოქვეყნებას. ფოტოებზე გამოსახულები იყვნენ სერ ელტონ ჯონის სტუმრები დასვენებისა და გართობის მომენტში.

ელტონ ჯონის ადვოკატი მიიჩნევდა, რომ ფოტოგრაფებს სურათების გადაღების ნებართვა არ ჰქონდათ, რადგან მათზე ასახულ პირთა თანხმობა არ გააჩნდათ. მისი მტკიცებით, გადაღება წარმოებდა ფარულად, სავარაუდოდ, ელტონის ჯონის კუთვნილი სახლის გალავნის მოპირდაპირე მხარეზე განლაგებული სათადარიგო კიბიდან.

გაზეთის ხელმძღვანელებმა განმარტეს, რომ ფოტოები გადაღებული იყო საზოგადოებრივი სარგებლობის ტროტუარიდან, რომელიც სერ ელტონ ჯონის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიას ესაზღვრებოდა. ფოტოების გამოქვეყნებამდე რედაქცია დაუკავშირდა ფოტოზე ასახულ ერთ-ერთ პირს და გამოქვეყნებაზე მისი თანხმობა აიღო.

მოგვიანებით ფოტოები გაზეთ “სპორტშიც” დაიბეჭდა. გაზეთის რედაქციამ მომღერალს მოუბოდიშა და გამოთქვა მზადყოფნა, გაზეთის პირველ გვერდზე სათანადო ფორმატში გამოექვეყნებინა ტექსტი, რომელსაც მომჩივანი საჭიროდ ჩათვლიდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ფოტოები გამოიყენეს “სქაიმ” და “ესკვაერმაც”. ელტონ ჯონის ადვოკატმა კომისიას დანარჩენ სამ შემთხვევაშიც მიმართა.

გადაწყვეტილება: კომისიამ ოთხივე სარჩელი დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ გამოცემებმა დაარღვიეს პრაქტიკის კოდექსის მე-3 მუხლის მოთხოვნა (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა).

მოტივაცია: პრაქტიკის კოდექსის მე-3 მუხლი იცავს ადამიანის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებას. კომისიამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში ფოტოების გადაღება და მათი შემდგომი გამოქვეყნება მომჩივანისა და მისი სტუმრების პირად ცხოვრებაში შეჭრისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ხელყოფის ტოლფასი იყო. არ არსებობდა ფოტოებზე აღბეჭდილი პირების თანხმობა და არც საზოგადოებრივი ინტერესი, რომელიც გაამართლებდა ფოტოების გადაღებასა და გამოქვეყნებას.


კომისიამ არ გაიზიარა “დეილი სტარის” განცხადება, რომლის თანახმადაც, გამოცემას მიღებული ჰქონდა ფოტოზე აღბეჭდილი ერთ-ერთი პირის ნებართვა გამოქვეყნებაზე, რადგან მომჩივანი სერ ელტონ ჯონი იყო, რომლის კერძო ტერიტორიაზე ფარული გადაღების უფლბა ფოტოგრაფებს არ ჰქონდათ.

ამასთან, კომისიამ სიამოვნებით აღნიშნა, რომ ყველა შემთხვევაში პრესის წარმოამდგენლები აღიარებდნენ დაშვებულ შეცდომას და დაზარალებულს მისი პოციზიის გამოხატვის უფლებას უპირობოდ აძლევდნენ.

ქცევის კოდექსი

3. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა

1) ნებისმიერი ადამიანის პირადი დაოჯახური ცხოვრება, საცხოვრებელი სახლი, ჯანმრთელობა და პირადი მიმოწერა ხელშეუვალია. პუბლიკაციაში დასაბუთებული უნდა იყოს ნებისმიერი პიროვნების პირად ცხოვრებაში დაუკითხავად შეჭრის აუცილებლობა.

2) მიუღებელია ცალკეული პირებისთვის ტელეობიექტივით ფოტოსურათის გადაღება კერძო ადგილებში, თუ არ არსებობს თავად ამ პირთა თანხმობა. შენიშვნა: კერძო ადგილი წარმოადგენს საჯარო ან კერძო სა კუთრებას, სადაც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დასაბუთებული მოლოდინი არსებობს.