მაგალითი 2. სექსუალური ძალადობის მსხვერპლის იდენტიფიცირება

ქალი სანდეი ლაიფის წინააღმდეგ
25 ივნისი, 2012

 

საჩივარი: 2012 წლის 29 იანვარს სანდეი ლაიფში გამოქვეყნებული სტატიის “ბოდიში - მსხვერპლის ვედრების წერილი მოძალადეს” გამო ქალმა პრესის საჩვრების კომისიას მიმართა და სხვა მუხლებთან ერთად რედაქტორთა ქცევის კოდექსის მე-3 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მე-11 (სექსუალური ძალადობის მსხვერპლი) მუხლების დარღვევის შემთხვევის შესწავლა მოითხოვა.

 

მომჩივანი 58 დანაშაულისთვის, მათ შორის 9 გაუპატიურებისათვის (12 და 15 წლის გოგონების მიმართ) გასამართლებული ჯეისონ კინგის მსხვერპლი იყო. მომჩივანის დღიურის ჩანაწერები ჯეისონ კინგის წინააღმდეგ სასამართლოში მტკიცებულებად იყო გამოყენებული. წლების შემდეგ მომჩივანმა ქალმა ბატონ კინგს წერილი მისწერა, სადაც განმარტავდა, რომ მას “არ სურდა მისი დაპატიმრება”, რომ “არასოდეს აპატიებდა” საკუთარ თავს მის როლს კინგის გასამართლებაში და რომ ის ფიქრობდა, ეთქვა, რომ მისი დღიურები “ტყუილი” იყო. მომჩივანმა ასევე ციხეში მისი მონახულება ითხოვა. გაზეთმა ქალის წერილი მოიპოვა, ის მის დედას აჩვენა და გამოქვეყნებამდე კომენტარი თხოვა.

 

მომჩივანის განცხადებით, გაზეთმა ხელყო მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა: თუ რას გრძნობდა ის ბატონი კინგის შესახებ და რა მისწერა მას, მისი პირადი ცხოვრება იყო. მან ხანგრძლივი თერაპია გაიარა და გაზეთს უნდა გაეთვალისწინებინა პოტენციური ზიანი, რომელიც სტატიას მისთვის შესაძლოა, მიეყენებინა. მომჩივანის განცხადებით, სტატია ასევე შეიცავდა საკმარის პერსონალურ ინფორმაციას (ასაკს მასალის გამოქვეყნების და ინციდენტის დროს და წერილის ხელნაწერის ნიმუშს), რაც მისი იდენტიფიცირების შესაძლებლობას იძლეოდა.

 

მართალია, რედაქციამ წუხილი გამოთქვა იმ სტრესის გამო, რომელიც მომჩივანს მიაყენა, მაგრამ ის, რომ მომჩივანი კვლავ მოძალადის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა და ბატონმა კინგმა სკოლის მოსწავლით მანიპულირება შეძლო, სანდეი ლაიფის აზრით, საზოგადოებრივი ინტერესის საგანი იყო. გაზეთი არც მომჩივანის დედისთვის წერილის ჩვენებას მიიჩნევდა პრობლემურად, რადგან მხოლოდ მას შეეძლო გადაერწმუნებინა შვილი, კინგთან კონტაქტი შეეწყვიტა. რედაქცია საზოგადოებრივი ინტერესის საგანი იყო ისიც, რომ კინგსს ურჩიეს, წერილი გასაჩივრებისთვის გამოეყენებინა.

 

გაზეთმა არც მე-11 მუხლის დარღვევის შესახებ ბრალდება გაიზიარა, რადგან რედაქციის აზრით, სტატია არ შეიცავდა იმაზე მეტ ინფორმაციას,  ვიდრე ეს თავის დროზე სასამართლო პროცესის გაშუქების დროს გადაიცა.

 

გადაწყვეტილება: საჩივარი მე-3 და მე-11 მუხლების დარღვევის ნაწილში დაკმაყოფილდა.

 

მოტივაცია: ეს იყო უჩვეულო სარჩელი მე-3 (პირადი ცხოვრება) და მე-11 (სექსუალური ძალადობის მსხვერპლი) მუხლებთან მიმართებით, რადგან მომჩივანის სახელი მითითებული არ ყოფილა და მისი იდენტიფიცირება გაზეთის მკითხველის დიდი ნაწილისთვის შეუძლებელი იქნებოდა.

 

მე-3 მუხლის თანახმად, “ყველას აქვს უფლება მისი პირადი და ოჯახის ცხოვრება, სახლი, ჯანმრთელობა და კორესპონდენცია დაცული იყოს.” მომჩივანის გრძნობები ბატონი კინგსის მიმართ უკიდურესად ინტიმურ სფეროს განეკუთვნება და ის მისი ოჯახის წევრებისთვისაც კი უცნობი იყო. იმისდა მიუხედავად, იყო თუ არა მომჩივანი იდენტიფიცირებული, მას აქვს უფლება მისი კორესპონდენციის ხელშეუხებლობა დაცული იყოს. გასარკვევია საკითხი, თუ რამდენად ამართლებდა საჯარო ინტერესი წერილის გამოქვეყნებას.

 

არ შეიძლება იმ საჯარო ინტერესის უარყოფა, რომელსაც სექსუალური ძალადობის ღრმა და გრძელვადიანი ეფექტი იწვევს და რისი ილუსტრაციაც მომჩივანის წერილი იყო. ამ გარემოების საპირწონე მომჩივანის უკიდურესი მგრძნობელობა იყო: ის ბავშვობაში სერიოზული სექსუალური ძალდობის მსხვერპლი აღმოჩნდა და შედეგად დიდი ტრავმა გადაიტანა.

 

წერილის გამოქვეყნებამ და მომჩივანის პირადი გრძნობების გასაჯაროებამ უდავოდ გამოიწვია სერიოზული სტრესი. კომისიის აზრით, რედაქციას მიზნისთვის - ეჩვენებინა ბატონი კინგის ხანგრძლივი გავლენა მის ერთ-ერთ მსხვერპლზე - ისეთი მეთოდებით უნდა მიეღწია, რომ ნაკლებად შეჭრილიყო მომჩივანის პირად ცხოვრებაში. კომისიამ დაასკვნა, რომ ხელნაწერი წერილის თანხმობის გარეშე, სრულად გამოქვეყნება მომჩივანის პირად ცხოვრებაში დაუსაბუთებელ შეჭრას წარმოადგენს, რაც მე-3 მუხლის დარღვევაა.

 

გარდა ამისა, გამოქვეყნებამდე რედაქციამ წერილი მომჩივანის დედას აჩვენა. კომისიამ მხედველობაში მიიღო გაზეთის პოზიცია, რომ ის მომჩივანის დასაცავად მოქმედებდა, თუმცა ამასთანავე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი მოზარდი იყო, რომელსაც პირადი ცხოვრების უფლება საკუთარ ოჯახშიც ჰქონდა. კომისიამ დაასკვნა, რომ მომჩივნის თანხმობის გარეშე, დედისთვის წერილის ჩვენება მე-3 მუხლის შემდგომ დარღვევას წარმოადგენდა.

 

მე-11 მუხლის (სექსუალური ძალადობის მსხვერპლი) თანახმად, “პრესამ არ უნდა მოახდინოს სექსუალური ძალადობის მსხვერლის იდენტიფიცრება ან გამოაქვეყნოს მასალა, რომელიც ხელს შეუწყობს ასეთ იდენტიფიცირებას, თუ არ არსებობს ადეკვატური დასაბუთება ან კანონმდებლობა იძლევა ამის შესაძლებლობას.” სტატია მომჩივანის შემდეგ პერსონალურ მონაცემებს მოიცავდა: პუბლიკაციისდროინდელი ასაკი; თავდასხმისდროინდელი ასაკი; საცხოვრებლის ზოგადი არეალი და წერილი, რომელიც ხელწერის იდენტიფიცირების შესაძლებლობას იძლეოდა. სწორედ წერილის გამოქვეყნებამ დაარღვია ბალანსი, რაც, მე-11 მუხლის დარღვევაა.