მაგალითი 1: სად მდებარეობს პრო-რუსული საწვრთნელი ბანაკი?

წყარო: Bellingcat

2014 წლის 19 მაისს BBC-მ გამოაქვეყნა რეპორტაჟი უკრაინაში, რუსეთის საზღვართან მდებარე საიდუმლო საწვრთნელი ბანაკის შესახებ, სადაც პრო-რუსი სამხედროები იწვრთნებიან. ვიდეო იმგვარად იყო გადაღებული, რომ კადრების მიხედვით ბანაკის ადგილის დადგენა შეუძლებელი ყოფილიყო.

კადრებში ასახული დეტალებით Bellingcat-ის საგამოძიებო ჯგუფმა ვიდეოს გადაღების ადგილი დაადგინა.

1. ერთ-ერთ კადრში ჩანს, რომ ბანაკის კურსდამთავრებულები ლუგანსკში უსაფრთხოების სამსახურის შენობის წინ დგანან. კადრიდან გამომდინარე Bellingcat-მა ივარაუდა, რომ ბანაკი ლუგანსკის ტერიტორიაზე უნდა მდებარეობდეს. 




2. ბანაკთან ახლოს წყალია, ხოლო წყალზე დოკია აშენებული.



3. კოტეჯების ფერი გვაფიქრებინებს, რომ საწვრთნელი ცენტრი ბავშვთა ყოფილი ბანაკის ტერიტორიაზე განთავსდა.



ამ დეტალებზე დაყრდნობით Bellingcat-მა ძიება Wikimapia-ს მეშვეობით განაგრძო. რუსულენოვან Wikimapiaze კატეგორიის “турбаза” (ბანაკები) მონიშვნის შემთხვევაში, Wikimapia მოგვაწვდის ინფორმაციას ყველა იმ ბანაკის შესახებ, რომლებიც ლუგანსკის ტერიტორიაზე მდებარეობს. აქედან ჩვენთვის საინტერესო ის ობიექტებია, რომლებიც წყალთან ახლოსაა განლაგებული და ამასთანავე აქვს დოკი.



ლუგანსკის ტერიტორიაზე მონიშნული წერტილების სატელიტიდან სათითაოდ დათვალიერების შემდეგ დადგინდა, რომ ბანაკი, რომელიც მდებარეობს მდინარესთან და ამავდროულად აქვს დოკი, არის ბანაკი “Ясены", რომელიც რუსეთის საზღვრიდან 800 მეტრში მდებარეობს.



Wikimapia-ს ბაზაში ბანაკის ფოტოები არ მოიპოვება, თუმცა ერთ-ერთ მომხმარებელს ბანაკის შესახებ დამატებული აქვს ინფორმაცია, რომ ამ ტერიტორიაზე მუსიკალური ფესტივალი გაიმართა, ასევე მითითებულია ფესტივალის ვებ-გვერდი.



ლოგიკურია, რომ ფესტივალის ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალა ინტერნეტში უნდა მოიპოვებოდეს. რუსულ სოციალურ ქსელ V Kontakte-ში იძებნება ფესტივალის გვერდი, სადაც წლების მიხედვით ჩატარებული ფესტივალის ფოტოებია თავმოყრილი. ფოტოებიდან ჩანს სწორედ ის შეღებილი კოტეჯები, წყალი და დოკი, რომლებიც სამხედროების საწვრთნელი ბანაკის ვიდეოში იყო ასახული.