მაგალითი 1. რუანდას გენოციდის საქმე

ანოტაცია: საქმე ეხება რუანდას სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის გამოძიებას 3 რუანდელი ჟურნალისტის: ჰასან ნგეზეს, ფერდინანდ ნაჰიმანას და ჟან-ბოსკო ბარაიაგვიზას წინააღმდეგ. ისინი გასული საუკუნის 90-იან წლებში რუანდას ბეჭდური და სამაუწყებლო მედიის მეშვეობით სიძულვილის ენის შემცველ მასალებს ავრცელებდნენ, რითაც ჰუტუს ეთნიკური ტომი ტუტსის ტომის წინააღმდეგ აამხედრეს და მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გენოციდი გამოიწვიეს.


საქმის გარმებები: რუანდას ერთ-ერთი უმსხვილესი გაზეთი “კანგურა”, რომლის მფლობელი და მთავარი რედაქტორი ჰასან ნგეზე იყო, სიძულვილის ენის შემცველ მასალებს სისტემატიურად აქვეყნებდა. მაგალითად, 1990 წლის დეკემბერში გაზეთში დაიბეჭდა სტატია, სათაურით “მიმართვა ჰუტუს სინდისს”. სტატიაში ტუტსის ტომის ხალხი “სისხლისმსმელად” და ექსტრემისტად იყო მოხსენიებული. მოღალატედ ცხადდებოდა ჰუტუს ტომის ყველა მამაკაცი, რომელიც ცოლად შეირთავდა ტუტსის ტომის ქალს, ან საქმიან ურთიერთობას დაიჭერდა ტუტსის ტომთან. სტატია ჰუტუს ტომს ტუტსის ხალხის წინააღმდეგ გაერთიანებისაკენ მოუწოდებდა და მიუთითებდა, არ შეებრალებინათ ტუტსის ტომის წევრები. სტატია შემდეგი ტექსტით სრულდებოდა:


“მტერი ისევ აქ არის, ჩვენს შორის. ჰუტუ, სადაც არ უნდა იყოთ, გამოიღვიძეთ!.. მიიღეთ ყველა საჭირო ზომა, რომ მტერი შეაჩეროთ.“

 

1991 წლის ნომბერში “კანგურას” ყდაზე დაიბეჭდა ტექსტი:

 

“რომელი იარაღი გამოვიყენოთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავიპრყოთ [ტუტსის ტომის] ტარაკნები??”

 

ტექსტის გასწვრივ ცივი იარაღი - მაჩეტე იყო გამოსახული.

სიძულვილის ენის გასავრცელებლად ჟურნალისტებმა რადიო Radio Television Libres des Mille Collines (RTLM) გამოიყენეს, რომელიც 90-იანი წლების რუანდაში გაზეთზე უფრო პოპულარული იყო. რუანდელებს სახლში, ოფისსა თუ მანქანაში რადიო მუდამ ჰქონდათ ჩართული. როგორც მოწმეები ჰყვებიან, რადიოს განსაკუთებულად ერთგული მსმნელები ჰუტუს ტომის პოლიციელები იყვნენ, რომლებიც მოგვიანებით აქტიურად მოანწილეობდნენ გენოციდში.

ფერდინანდ ნაჰიმანა და ჟან-ბოსკო ბარაიაგვიზა, რადიოს ხელმძღვანელები და გადაცემების შინაარსზე პასუხისმგებელი პირები, სისტემატიურად და ინტენსიურად ავრცელებდნენ რადიოგადაცემებში განცხადებებს, რომლებიც ტუტსის ტომის მიმართ სიძულვლს აღვივებდა. მაგალითად, ერთ-ერთ გადაცემაში ბარაიაგვიზამ განაცხადა, რომ ტუტსის ტომის მენტალიტეტი ტარაკნისას ჰგავს, რომლის ერთადერთი მიზანი ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა.

რუანდას გენოციდის დაწყებიდან რამდენიმე კვირით ადრე, რადიოგადაცემებში სისტემატიურად ისმოდა ტუტსის ტომის კონკრეტული წარამომადგენლების და მათი ოჯახის წევრების, ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეების სახელები და პირდაპირი მოწოდებები მათი განადგურებისაკენ. მაგალითად, 1994 წლის 14 მარტის გადაცემაში დასახელდა სამოქალქო პირი, რომელიც თითქოსდა თანამშრომლობდა ტუტსის ტომთან და გაისმა მისი ოჯახის წევრების სახელები. მოგვიანებით, გამოძიებისას, დადგინდა, რომ დასახელებლი პირიც და მთელი მისი ოჯახი, 3 არასრულწოვანის ჩათვლით, გენოციდს ემსხვერპლა.

ამასთან, გენოციდის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე რადიოგადაცემები გადმოსცემდნენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს უახლოეს დღეებში ტუტსის ტომი ჰუტუზე თავდასხმას აპირებდა.

1994 წლის 6 აპრილს, სისხლისღვრის დაწყების წინა დღეს, რადიო RTLM-მმა მსენელებს ტუტსის ტომის “ტარაკნების” მოძებნისკენ მოუწოდა:

 

“თქვენ, რუგუნგაში მცხოვრებო ხალხო… ეძებეთ მბურაბუტუროს ტყეებში, დარწმუნდით, რომ შიგნით ტარაკნები არ იმალებიან. კარგად მოძებნეთ, შეამოწმეთ, რომ შიგნით არ არაინ ტარაკნები.”

 

შედეგად, 1994 წლის აპრილ-ივნისში რუანდაში განხორციელდა გენოციდი, რომლის დროსაც ტუტსის ტომის 800 000-მდე ადამიანი მოკლეს. 

 

გადაწყვეტილება: რუანდას სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალმა სამივე ჟურნალისტის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და ისინი გენოციდსა და კაცობრობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ჩადენაში სცნო დამნაშავედ, მათ შორის გენოციდის ჩადენისაკენ მოწოდებაში.


მოტივაცია: სასამართლოს შეფასებით, მნიშვნელოვანია, ერთმანეთისაგან განვასხვავოთ ეთნიკურ იდენტობაზე საუბარი ეთნიკური სიძულვილის გაღვივებისაგან. სასამართლოს აზრით, გაზეთ ‘კანგურაში’ გამოქვეყნებული მასალები აღვივებდა სიძულვილსა და ზიზღს ტუტსის ტომის მიმართ. პუბლიკაცია ხსნებულ ტომს მტრად წარმოაჩენდა, ნერგავდა შიშს მის მიმართ და მოუწოდებდა ჰუტუს ტომს ნებისმიერი საშუალებით დაეპრყოთ ტუტსი.


მსგავსი შეფასება გააკეთა სასამართლომ რადიო RTLM-ს გადაცემების მიმართაც. სასამართლოს მოსაზრებით, რადიო ქმნიდა სტერეოტიპებს, რომლებიც ტუტსის მოსახლეობის მიმართ სიძულვილს იწვევდა, რამაც განსაკუთრებულად ინტენსიური სახე გენოციდის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე მიიღო. ამავდროულად, სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რადიოს, როგორც მასობრივი კომუნიკაციის საშუალების მნიშვნელობაზე. მოსამართლეთა აზრით, განსხვავებით ბეჭდური მედიისაგან, რადიო ინტერაქტიული და იმწუთიერია, ხოლო ადამიანის ხმის ძალა გადმოცემულ მოწოდებებს ხარისხსა და მოცულობას აძლევს, რაც ბეჭდურ სიტყვას არ შეუძლია. მოცემულ შემთხვევაში რადიომ გააძლიერა შიშისა და მყისიერი საფთხის შეგრძნება და მსმენელებს გაუჩინა მოქმედების სურვილი. სასამართლოს შეფასებით, ტუტსის ტომის მიმართ სიძულვილს რადიოწამყვანების დამცინავი სიცილიც აძლიერებდა.

სასამართლომ მიუთითა, რომ მედია დიდ როლს თამაშობს დემოკრატიის დაცვაში და თუ საჭიროა, საზოგადოების დასაცავად სამოქალაქო თავდაცვის მობილიზებასაც ახდენს. თუმცა, ‘კანგურას’ და RTLM-ს ასეთი კეთილშობილური მიზანი არ ამოძრავდებათ. ისინი თავიდანვე მტრად წარმოაჩენდნენ ტუტსის ტომის მოსახლეობას და მსმენელებსა და მკითხველებს შეიარაღებული და საშიში პირების ნაცვლად მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ამხედრებდნენ.

სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად დაადგინა, რომ ტუტსის მშვდობიანი მოსახლეობის მკვლელობები, თუნდაც ნაწილობრივ, გამოწვეული იყო მითითებული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული მასალებით. სასამართლოს შეფასებით, შიშის დათესვითა და სიძულვილის პროპაგანდირებით გაზეთმა “კანგურამ” გზა გაუხსნა რუანდას გენოციდს და ჰუტუს ტომი სისხლიან მკვლელობებში ჩართო. ხოლო, გაზეთი და რადიო RTLM ერთად, სასამართლოს შეფასებით, წარმოადგენდნენ ტყვიებს გადატენილ იარაღში, რომლის გასროლამაც გამოიწვია რუანდას სისხლიანი მოვლენები.

საქმის განხილვისას ბრალდებულების ადვოკატები ითხოვდნენ მათი დაცვის ქვეშ მყოფების გამონათქვამების შეფასებას ამერიკის შეერთებულ შტატებში დადგენილი სანდარტებით, რომლებიც გამოხატვის თავისუფლებას ანიჭებენ უპირატესობას. ტრიბუნალმა გაითვალისწინა დაცვის მოთხოვნა და საქმის შეფასებისას ამერიკის შეერთებული შტატების პრეცენდეტული სამართლიდანაც მოიყვანა მაგალითი. საქმეში Virginia Black, აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ იმსჯელა, რომ კუ-კლუქს-კლანის მიერ ჯვარის დაწვის პრაქტიკა არ ექცეოდა ამერიკის კონსიტუტიციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების დაცვის ქვეშ, ვინაიდან გამოიყენებოდა ადმიანების ჯგუფის დასაშინებლად, როგორც ამ ჯგუფის მიმართ გამოხატული სიძულვილის სიმბოლო.