ლურჯი ვეშაპის სამშობლოდ რუსეთი ითვლება. თამაში ონლაინ სივრცეში 2013 წლიდან გამოჩნდა და პერიოდულad აქტიურდებოდა. 2015 წლის ნოემბრიდან 2016 წლის აპრილის პერიოდში რუსეთის მასშტაბით მოზარდთა თვითმკვლელობის 130 შემთხვევა დაფიქსირდა.
ლურჯი ვეშაპის შემქმნელია რუსეთის მოქალაქე ფილიპ ბუდეიკინი, რომელიც 16 მოზარდის თვითმკვლელობის შემთხვევებთან კავშირის გამო დააკავეს. მეორე დაკავებული ილია სიდოროვია, რომელმაც 7 მოზარდის თვითმკვლელობასთან კავშირი აღიარა. მისი განცხადებით, ონლაინ ჯგუფში გაწევრიანებული ჰყავდა 32 არასრულწლოვანი, რომელთაც სხვადასხვა დავალებებს აძლევდა.
თავდაპირველად ბუდეიკინმა მოქმედება საშინელებათა ვიდეოს გავრცელებით დაიწყო და ცდილობდა, ყურების პროცესში მაქსიმალურად ბევრი ბავშვი ჩაერთო. შემდგომი ფსიქოლოგიური მანიპულაციისთვის ბუდეიკინი 11-12 წლის ასაკის განსაკუთრებულად სუსტი ფსიქიკის მოზარდებს არჩევდა, რომლებიც მშობლების/ოჯახის მხრიდან ყურადღების დეფიციტს განიცდიდნენ. თამაშის განმავლობაში ბუდეიკინი პოტენციურ მსხვერპლს უახლოვდებოდა, მეგობრობის ილუზიას უქმნიდა, სითბოსა და ყურადღებას გამოხატავდა. შედეგად ბევრ მოზარდ გოგონას იგი შეუყვარდა კიდეც.
თამაშის პროცესში გაცემული დავალებები მოიცავდა:
- საშიში ვიდეოების ყურებას.
- მაღალი შენობის სახურავზე ნაპირთან ახლოს დგომას, ან სახურავზე ჩამოჯდომას.
- სხეულზე ლურჯი ვეშაპის გამოსახულების ამოკაწვრას. ამ ჟესტით თამაშის წრეში მიღება დასტურდება. ეს დავალება ძირითადად ისეთ ბავშვზე მოქმედებს, რომელსაც საზოგადოებაში თვითდამკვიდრების პრობელემები აქვს. შეგრძნება, რომ ის ერთი სოციუმიდან განდევნილია, უმძაფრებს სურვილს, რომ სხვა სოციუმს შეუერთდეს და მასში ადგილი დაიმკვიდროს.
- 50 დღის განმავლობაში, ყოველ დილით 4:20 გაღვიძებას. ამ დავალების შესრულება ძილის დარღვევას იწვევს, რომელიც თავის მხრივ მოზარდის ფსიქოლოგიურ მდგრადობას ასუსტებს და მისით მანიპულირებას აადვილებს.
ერთ-ერთ ინტერვიუში ბუდეიკინმა თავის მსხვერპლებს “ბიოლოგიური ნაგავი” უწოდა და განაცხადა, რომ თამაშის შექმნის მიზანი საზოგადოების იმ ადამიანებისაგან გაწმენდა იყო, რომლებიც არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენდენ და მომავალში მხოლოდ ზიანს მოიტანდნენ.
ლურჯი ვეშაპის გავრცელების მიზეზებზე საუბრისას ექსპერტები რამდენიმე ვერსიას ასახელებენ:
- “დარკნეტში” ფულის გამომუშავების შესაძლებლობა;
- კურატორის ფსიქიური პრობლემები. ბუდეიკინის შემთხვევაში ეს ბიპოლარული აშლილობა და ბავშობაში განცდილი ძალადობის კვალი იყო. კურატორები არიან ადამიანები, რომლებსაც რეალურ ცხოვრებაში უჭირთ თვითრეალიზაცია, განიცდიან აღიარებისა და ძალაუფლების დეფიციტს.
- პოლიტიკური საფუძველი. მკვლელი თამაშები, როგორც ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ფორმა.