სარჩელი: ს.წ.-მ მეზობლისგან შეიტყო, რომ მისი ფოტო, სათაურით “კრეტინები რომ არ გავხდეთ” გაზეთ ალიაში გამოქვეყნდა. სტატია შეეხებოდა ჩიყვის დაავადებას, ს.წ.-ს ფოტო კი ამ ავადმყოფოების საილუსტრაციოდ იყო გამოყენებული, რადგან ის დაავადებული იყო ჩიყვით, რის გამოც სახე ჰქონდა დამახინჯებული. გაზეთ “ალიას” პუბლიკაციის გამო ს.წ.-მ ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მიმართა. ს.წ. ამტკიცებდა, რომ მისი ნებართვის გარეშე ფოტოსურათის გამოქვეყნებით მისი უფლებები შეილახა, რის გამოც მორალური ზიანის ანაზრაურებას მოითხოვდა.
გაზეთ “ალიას” მტკიცებით, სადავო ფოტოსურათი გაზეთის ფოტოთეკაში ინახებოდა და რედაქციამ მასზე აღბეჭდილი პიროვნების ვინაობა არ იცოდა. ფოტოსურათი გამოქვეყნდა თვალებზე შავი შტრიხით, რაც რედაქციის აზრით, იმის დასტურია, რომ ფოტო მხოლოდ დაავადების ფიზიკური გამოვლინების საილუსტრაციოდ გამოქვეყნდა. ამასთანავე, თავად სტატია კონკრეტულ პიროვნებაზე, ამ შემთხვევაში ს. წ.- ზე, პირდაპირ მინიშნებას არ შეიცავდა.
გადაწყვეტილება: ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ 2001 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა, რადგან ჩათვალა, რომ გამოქვეყნებულ ფოტოსურათზე თვალების შავი შტრიხით დაფარვა გამორიცხავს მოპასუხის განზრახვას (ბრალს). თუმცა, მოგვიანებით საოლქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკამაყოფილა სარჩელი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის პირველ (სახელის ტარების უფლება), მეორე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სასამართლოს გზით დაცვა), მე-5 (ფოტოსურათის გამოქვეყნება თანხმობით) და მეექვსე ნაწილებზე (ბრალეულობა) დაყრდნობით და გაზეთ “ალიას” ს.წ.-ს სასარგებლოდ 500 ლარის გადახდა დააკისრა.
მოტივაცია: სასამართლომ მიიჩნია, რომ პირის გამოსახულების გამოქვეყნებას სჭირდება მისი ნებართვა, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა (მე-5 ნაწილი). საოლქო სასამართლოს აზრით, მართალია, ფოტოსურათი თვალებზე შავი შტრიხის დადებით იყო გამოქვეყნებული, მაგრამ მასზე ს.წ.-ის ამოცნობა მაინც შესაძლებელი იყო, რადგან ამ უკანასკნელს იშვიათი დამახასიათებელი ნიშანი ჰქონდა, ყელის არეში სიმსივნის სახით.
პალატის აზრით, იმისდა მიუხედავად, რამდენი ადამიანი შეიცნობდა ს.წ.-ს სურათზე, საკმარისი იყო მას თავად ეხილა საკუთარი დამახინჯებული თავი გაზეთში, რომ ის სულიერ ტკივილს განიცდიდა. სასამართლოს აზრით, სახეზე იყო ბრალი, რის გამოც სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე, გაზეთს პასუხისმგებლობა დააკისრა.
აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა ს.წ.-მ, რომლის აზრით, სასამართლომ არაგონივრულად განსაზღვრა მორალური ზიანის საკომპენსაციო თანხა. აპელანტის განცხადებით, თანხის განსაზღვრისას სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, ერთის მხრივ, მისი მწირი ეკონომიკური შესაძლებლობა და მეორეს მხრივ, ის, რომ “ალია” მრავალტირაჟიანი გაზეთი იყო და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მას მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში არ ჩააყენებდა. საოლქოს გადაწყვეტილება, თავის მხრივ, გაზეთმა “ალიამაც” გაასაჩივრა.
გადაწყვეტილება: საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 413-ე (ზიანის ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის) მუხლის საფუძველზე საჩივარი უსაფუძვლოდ მიიჩნია და არ დააკმაყოფილა.
მოტივაცია: პალატამ არ გაიზიარა მოსარჩლის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სასამართლოს მორალური ზიანის ოდენობა უნდა განესაზღვრა მოსარჩლის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. სასამართლო მორალური ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრისას ითვალისწინებს არა დაზარალებულის ეკონომიკურ მდგომარეობას, არამედ ბრალის ხარისხს, მოპასუხის ქონებრივ მდგომარეობასა და მორალური ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ, პრევენციულ, რეპრესიულ მიზანს. პალატის განმარტებით, დიფამაციური სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ხელყოფილი უფლების რესტიტუცია კი არ ხდება, არამედ ხელყოფით მიყენებული ფიზიკური თუ სულიერი ტკივილის მორალური კომპენსაცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია.