მაგალითი 3: ვიდეოში მონაწილე პირის იდენტობის შეუსაბამობა აღწერილობასთან

 

2018 წლის 27 თებერვალს ფეისბუკ გვერდმა “ქართული ძალა” გაავრცელა ვიდეო, რომელშიც მეტროს კიბეებზე ჩამავალ ქალს მამაკაცი წიხლს ჰკრავს და კიბიდან აგორებს, შემდგომ კი სამ თანამგზავრთან ერთად შემთხვევის ადგილს ტოვებს. ვიდეოს თანდართული ჰქონდა ტექსტი: “ავღანელი მიგრანტი გართობის მიზნით წიხლს კრავს და კიბიდან აგორებს გერმანელ ქალს. გაგებით მოვეკიდოთ, ტოლერანტობა და რამე".


ვიდეოს კადრების Google-ს საძიებო სისტემაში გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ ინციდენტი ბერლინში 2016 წლის 27 ოქტომბერს მოხდა. გერმანულენოვანი “Deutsche Welle”-ს თანახმად, ბერლინის პოლიციამ თავდასხმაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავა. მასალაში ბულგარულ გაზეთ “Nova”-ზე დაყრდნობით აღნიშნულია, რომ თავდასხმელი ბულგარეთის ქალაქ ვარნადან იყო და ბერლინში მშენებლობაზე მუშაობდა. ამასთან, ის წარსულში ქურდობის, ძარცვისა და ხულიგნობისთვის იყო ნასამართლევი. ბრიტანული The Guardian-ის ცნობით, თავდამსხმელი 27 წლის სვეტოსლავ სტოიკოვია, რომელიც ბერლინში ავტოსადგურზე დააკავეს. მამაკაცს ჩადენილი ქმედებისთვს 2 წელი და 11 თვე მიუსაჯეს.