2019 წლის 11 მარტს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგთან ლადო აფხაზავასთან თანამშრომლობით, მედიის განვითარების ფონდმა (MDF) ლანჩხუთის სკოლების პედაგოგებისთვის მედია და ინფორმაციულ წიგნიერებაში პირველი ტრენინგი გამართა.
ტრენინგზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: UNESCO-ს კრიტერიუმებზე დაყრდნობით მედია შინაარსის კრიტიკული გაანალიზების კომპეტენციები; -მედია გარემო და მედიის ფუნქციები; ინფორმაცია, წყაროები, ბალანსი, მედიის თვითრეგულირება და ეთიკა; მედიის მფლობელების და ფინანსური გამჭვირვალობა; პროპაგანდის მეთოდები და ყალბი ინფორმაციის გადამოწმების ხერხები - ყალბი ფოტოს, ვიდეოს გადამოწმების რესურსები, ყალბი ვებ-გვერდების გადამოწმება და არქივების მოძიება, გეოლოკოაციის დადგენა; კიბერუსფრთხოების საკითხები; კიბერბულინგი და ტროლები. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებს ასევე გააცნეს დამხმარე ონლაინ თამაშები და სავარჯიშოები, რომლებიც სპეციალურად ამ პროგრამისთვის მომზადდა.
ტრენინგი მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ კინწურაშვილიმა, მედიის განვითარების ფონდის მედიაწიგნიერების პროგრამების ხელმძღვანელმა სოფო გელავამ, კიბერუსაფრთხოების ექსპერტმა ანდრო გოცორიძემ და მედიის განვითარების ფონდის ექსპერტმა ნანა რაფავამ ჩაატარეს.
ღონისძიებას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების ჩიბათის, ლესის, ხაჯალიის, ნიგქვზიანის, ჯურუყვეთის, სუფსის და ქალაქ ლანჩხუთის საჯარო სკოლებიდან 27 პედაგოგი ესწრებოდა.
ღონისძიება პროექტის “სკოლებში მედიაწიგნიერების და კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობა” ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც მხარს ნიდერლანდების საელჩო უჭერს.