ბლოგი: როგორ გავარღვიო საინფორმაციო ბუშტი, ვიპოვო სანდო მედია და გადავამოწმო ინფორმაცია?

ბლოგი: როგორ გავარღვიო საინფორმაციო ბუშტი, ვიპოვო სანდო მედია და გადავამოწმო ინფორმაცია?

“თანამედროვე პროპაგანდის მიზანი არ არის მხოლოდ დეზინფორმაცია ან დღის წესრიგის დაყენება. ეს არის თქვენი კრიტიკული აზროვნების გამოფიტვა, სიმართლის მოსპობა”
(გარი კასპაროვი)

ალბათ, ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში ერთხელ მაინც დამდგარა მომენტი, როდესაც იმდენი საქმე დაგიგროვდა, რომ უბრალოდ ვერ ხვდები საიდან დაიწყო მუშაობა. ამ დროს თავში ინფორმაციის მოზღვავებას გრძნობ და ყველაფერზე ერთდროულად იწყებ ფიქრს, რაც გონებრივად თუ ემოციურად საკმაოდ დამღლელი გეჩვენება. 

თუ ვერ მოახერხე კონცენტრირება ან გაუაზრებლად პირველ რიგში ნაკლებპრიორიტეტულ საქმეს „გამოუცხადე ნდობა“, დღის ბოლოს აღმოაჩენ, რომ თითქმის არაფერი გაქვს გაკეთებული. საქმეების გროვა კვლავ მძიმედ აწევს შენს გონებას და იცი, რომ ხვალ მას კიდევ სხვა ახალი საქმეებიც დაემატება. 

ჭარბი ინფორმაციით გონებრივი და ემოციური გადატვირთვა ხშირად საკუთარი ძალების მობილიზებისა და მოქმედების თანმიმდევრული გეგმის დასახვის აუცილებლობას გვავიწყებს. არადა, დამაბნეველ სიტუაციებში კრიტიკული აზროვნების შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია. წინააღმდეგ შემთხვევაში გაგვიჭრდება, თავიდან ავირიდოთ პრობლემის განგრძობითი ხასიათი და მისი ნეგატიური გავლენა საკუთარ გრძელვადიან პროდუქტიულობაზე. 


დეზინფორმაცია VS კრიტიკული აზროვნება


თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესის წყალობით, დღეს ჩვენს გონებას დროის ერთეულში უწინდელზე ბევრად მეტი ინფორმაციის გაცნობა-გააზრება უწევს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ნებისმიერი ორი განსხვავებული ინფორმაციის მიწოდებას შორის დაყოვნება მინიმუმამდეა დაყვანილი. 

შესაბამისად, ხშირად ერთი სახის ინფორმაცია ჯერ ბოლომდე არ გვაქვს გადამუშავებული და მის შესახებ საკუთარი პოზიცია დაფიქსირებული, რომ გონებას უკვე მეორე მიეწოდება. მაშინ ისღა დაგვრჩენია, რომ მხოლოდ ახალი ამბებისა და სხვათა ნააზრევის გაცნობას დავჯერდეთ ნაცვლად იმისა, რომ მათი ობიექტურობა საკუთარი აზროვნების სიღრმეებში ვიკვლიოთ.

შედეგად, ჩვენ გარშემო იქმნება ერთი დიდი საინფორმაციო ბუშტი, რომელიც უამრავ პასუხგაუცემელ, სწორ თუ არასწორ, ერთმანეთის გამაძლიერებელ თუ, პირიქით, გამომრიცხავ ცნობას აერთიანებს. 

 ამ ფონზე ადამიანების მდგომარეობა ემსგავსება ზემოხსენებულ სიტუაციას, როდესაც თავი ათასგვარ საქმეზე ფიქრით გაქვს გამოჭედილი და შეზღუდული დროისა და ენერგიის გამო ვერ ახერხებ გონებაში მათ თავმოყრას. ჭარბი ინფორმაციის მორევში იჭედები, რომლისგან თავის დაღწევასაც ზოგჯერ საკუთარი საფიქრალისგან აზროვნების გაკიდეგანებით ცდილობ.

რასაკვირველია, საზოგადოების მიერ ცნობების არასაკმარისი გადააზრება გზას უხსნის დეზინფორმაციის გავრცელებას. 

დეზინფორმაცია ვირუსია, რომელიც ადამიანის გონებას აავადებს, საეჭვო ცნობების წინააღმდეგ მის იმუნიტეტს ასუსტებს. სამაგიეროდ, კრიტიკული აზროვნება არის ის ანტისხეული, რომლის დახმარებითაც შეგვიძლია გონებაში შემოჭრილ დეზინფორმაციას ფაქტობრივი სიზუსტით ვებრძოლოთ. 

თუმცა მთავარ სირთულეს სწორედ საჭირო დროს ცივი გონების შენარჩუნება წარმოადგენს. 

იმისათვის, რომ დეზინფორმაციას გავუმკლავდეთ, გამოვყავი სამი ფურდამენტური ასპექტი, რომელთა გათვალისწინება, ვფიქრობ, ზღვა ინფორმაციის გარემოცვაში ნავიგაციას გაგვიადვილებს.

  1. უნდა დავრწმუნდეთ ინფორმაციის წყაროს სანდოობაში


მაშინაც კი, როცა ინფორმაციის წყაროს სანდოობაში დარწმუნებულები ვართ, არ უნდა დაგავიწყდეს, რომ არსებობს ინფორმაციული ასიმეტრულობა ადრესატსა და ადრესანტს შორის. ის, ვინც რაიმე სიახლეს ავრცელებს, ხშირად ჩვენზე უკეთაა გაცნობიერებული საკითხის ვითარებაში. 

გამორიცხული არაა, რომ  ადრესანტმა ცნობის ფორმულირება საკუთარ ინტერესებს მოარგოს და ამით ჩვენგან დაფაროს რაიმე საკვანძო ნიუანსის არსებობა. ანდაც, ცნობაში შესაძლოა მეორეხარისხოვანი ასპექტი წინა პლანზე იყოს წამოწეული, ხოლო მთავარი პრობლემა ყურადღების მიღმა რჩებოდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, მახინჯდება რიგითი ადამიანების განსჯადობა და ის ვიწრო სუბიექტურ მიმართულებას იძენს. 

სწორედ ამიტომ, გვეჩვენება თუ არა ინფორმაციის არსი საეჭვოდ, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ მისი წყაროს სანდოობაში დავრწმუნდეთ. 

უპირველესად, საჭიროა დავაზუსტოთ ავტორის, როგორც კვალიფიციური და კომპეტენტური პირის, ვინაობა. ამისათვის, შეგვიძლია გადავხედოთ მის პროფილს სოციალურ ქსელში ან სხვა ინტერნეტრესურსების დახმარებით, მოვიძოთ ცნობები ამ ადამიანის საქმიანობის შესახებ.

მნიშვნელოვანია იმ მასობრივი მედიასაშუალების რეპუტაციის გადამოწმებაც, რომელზედაც აღნიშნული ცნობაა გასაჯაროებული. გვასხოვდეს, რომ გამჭვირვალობა სანდოობის ერთ-ერთი უმთავრესი დასტურია. საზოგადოებრივი მაუწყებლები, რომლებიც ინფორმაციის თავისუფლებისადმი პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტებით გამოირჩევიან, ახასიათებთ ორგანიზებული, ემოციურად გაწონასწორებული იმიჯი. ისინი ხშირად დეტალურ ცნობებს გვაწვდიან საკუთარი საქმიანობის, დონორების და სხვათა შესახებ.   

უნდა დავაკვირდეთ, რამდენად სანდოა თავად ავტორის მიერ მოხმობილი არგუმენტების თუ ინფორმაციული მასალების წარმომავლობაც. თუკი შესაძლებელი იქნება, სასურველია, იმავე ინფორმაციის მისაღებად ოფიციალური წყაროებით ვიხელმძღვანელოთ ან შევაფასოთ მათთან მოწოდებული ცნობების თანხვედრა.


2. არ მივცეთ დეზინფორმაციას ჩვენი ემოციებით მანიპულირების საშუალება


ემოციები ხშირად ბურუსს ჰფენს ჩვენს კრიტიკულ ხედვას
, რაც მშვენივრად ესმით დეზინფორმაციის გამავრცელებლებს.

მათ ისიც იციან, რომ ადამიანებს გვიზიდავს ექსტრემალური სიახლეების შეტყობა და შემდეგ მათი აფიშირება. ამ დროს სავსებით შესაძლებელია, რომ აღტაცების შეგრძნებისკენ ლტოლვამ ინფორმაციის ვალიდურობის დადგენაზე ხელი აგვაღებინოს.
  

ემოციების გამძაფრებით საზოგადოების კოლექტიური აზროვნება პოლარიზდება, რაც კიდევ უფრო ართულებს საღ აზრთან მის დაახლოებას. მაგალითად, სოციალურ მედიაში მრავალ პოლიტიკურად, რელიგირად თუ სხვა ნიშნით მოტივირებულ განცხადებას ვაწყდებით, რომლებიც ზოგჯერ საპირისპირო პოზიციის ადამიანებს შორის უთანხმოების მიზეზი ხდება. ვხედავთ, როგორ იკვეთება სიძულვილის ენა მათ ერთმანეთისადმი მიმართვებში. 

„ცხადია, რომ ზემოთმოხსენებული გარემოება ხელს უშლის ყოველ საზოგადო საქმის წარმატებას, რადგანაც ყოველივე უსაფუძვლო შეტაკება აზრისა მოითხოვს გარდამეტებულს ლაპარაკს, მითქმა-მოთქმას, რომელიც სრულიად წარმოუდგენელია იქ, სადაც კრიტიკული აზრი მუშაობს“ (ილია ჭავჭავაძე).

მასების ემოციებით მოთამაშეები ცდილობენ, ჩვენი გონება საკუთარ პაიკად აქციონ. ისინი ქმნიან დეზინფორმაციულ წნეხს, რომელიც საზოგადოების აზროვნებას რეალობის აღქმისადმი პასიურს ხდის. 

ამ დროს ხშირად თავს იჩენს დემოკრატიული განვითარებისთვის შეუთავსებელი ისეთი სერიოზული პრობლემები, როგორებიცაა ნიჰილიზმი, სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი უნდობლობა და სხვა.

ამგვარად, თუ ინფორმაცია ემოციურად მიკერძოებული მოგვეჩვენება, ეს შეიძლება ერთ-ერთი მინიშნება იყოს მის არასანდოობაზე. უნდა გვახსოვდეს, რომ მცდარი აზრი ყოველთვის იარსებებს ჩვენ გარშემო, მისი „გამარჯვება“ კი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ახლოს მოვუშვებთ მას ჩვენთან.

3. ჩავთვალოთ საკუთარი თავი მოვალედ, არ გავხდეთ დეზინფორმაციის წყარო



საქართველოს კონსტიტუციაში ვკითხულობთ:

„ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია“

თუმცა ეს როდი გვათავისუფლებს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის პასუხისმგებლობისგან?!


მაშინაც კი, თუ ზუსტ ინფორმაციას ვავრცელებთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ  ყველა პიროვნებას აღქმისა და გადმოცემის ინდივიდუალური უნარი და სტილი გააჩნია. შესაბამისად, ინფორმაცია გავრცელების პროცესში მოდიფიცირდება, რასაც ხშირად გზადაგზა მისი დამახინჯება მოჰყვება.


ამასთან, ზოგჯერ ვერც კი ვხვდებით, რომ თავად უკვე ვართ დეზინფორმაციის ვირუსული ბუნების მსხვერპლი, ისე „ვაინფიცირებთ“ გარშემომყოფებს მცდარი ცნობებით. ეს ფაქტი, მით უმეტეს,  ხაზს უსვამს ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავების აუცილებლობას მაშინ, როცა არ ვართ დარწმუნებული მის სისწორეში. 

ამიტომ შემთხვევით დეზინფორმაციის ზეწოლა კიდევ უფრო რომ არ გავაძლიეროთ, კარგად უნდა გვქონდეს გათავისებული ზემოთ უკვე ნახსენები ორი რეკომენდაციის მნიშვნელობა.  ბუნებრივია, ვერ შევასრულებთ ჩვენს წილ მოვალეობას ინფორმაციულად ჯანსაღი გარემოს შექმნაში, თუ თავადაც არ ვიყავით დეზინფორმაციისგან დაცული.

შეჯამება

მაშ ასე, ყველასთვის ნაცნობი რეალობაა, რომ თანამედროვე ცხოვრებას მკვეთრად გამოხატული მეოთხე, ე.წ. ინფორმაციული, განზომილება გააჩნია, რომელიც გაფართოების უსწრაფესი ტემპით ხასიათდება. ხშირად ამ ინტენსიური სივრცის გარღვევა საკმაოდ რთულია ჩვენი გონებისათვის, რამაც შესაძლოა დეზინფორმაციის ხაფანგში მოგვაქციოს. თუმცა, ისევე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, აქაც საკუთარი კრიტიკული აზროვნება ის იარაღია, რომელიც ყველაზე ეფექტურად გვიცავს. 

ასე რომ, როდესაც საკუთარ თავს დაბნეულობასა და შფოთვას შეატყობ იმის გამო, რომ ვერ გაგირჩევია, რა არის ნამდვილი და რა მოგონილი, უნდა გახსოვდეს, რომ „თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები“ (შოთა რუსთაველი).

______________________

მოამზადა ნინო მაღრაძემ

2021 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდა

______________________________________________________________________________________________

გამოყენებული წყაროები

კასპაროვი, გ. (2016, დეკემბერი 13). Tweeter. Retrieved from Garry Kasparov: https://twitter.com/kasparov63/status/808750564284702720

საქართველოს კონსტიტუცია. (n.d.). Retrieved from საქართველოს პარლამენტი: https://info.parliament.ge/file/1/OpenFile/3470

ჭავჭავაძე, ი. (1888, იანვარი 8). Retrieved from საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა: https://gdi.ge/uploads/other/0/539.pdf