ფეისბუქს ვსქროლავ, ერთ-ერთი “მეგობრის’’ მიერ დაკომენტარებული ვიდეო ჩემს ფიდში ჩნდება, რატომღაც ინტერესი მიჩნდება და ვრთავ. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ცდილობს ინგლისურად მოსაუბრე პოლიციელი ქალს, რომელსაც 10 წლამდე მოზარდი ახლავს თან, აუხსნას რაღაც. კამათის შედეგად პოლიციელს ქალი ადგილიდან გაჰყავს, ბავშვი კი ტირილს იწყებს.
ჩვეულებისამბერ, ვიდეო მაშინვე უნდა ჩავსქროლო და ჩემი პირადი მეხსიერების “ბინში” გადავიტანო, მაგრამ თვალში მხვდება ვიდეოს აღწერაში დართული ტექსტი. ვინმე გოჩა ჩუმაშვილის მიერ 21 სექტემბერს გამოქვეყნებულ ვიდეოზე რუსულად და ინგლისურად დატანილია აღწერა, შინაარსით: “ავსტრალია. ახალგაზრდა ქალი, პატარა ბავშვთან ერთად აპროტესტებს სკოლის ბავშვების იძულებით ვაქცინაციას. შეშლილები იჭერენ მას. Ავსტრალია დუმს? “. ტვინი მაშინვე იწყებს მაღვიძარის ხმით წკარუნს: ჰმმ, ფეიკი? მანიპულაცია? ტროლი?
სამწუხაროდ, ჩვენს ეპოქაში მიკერძოებულ და არაობიექტურ მედიასთან ერთად, დამახინჯებული ინფორმაციის გამავრცელებლები ე.წ ტროლებიც არიან. მათი არსებობის შესახებ 4 წლის წინ გავიგე და მას შემდეგ კიდევ უფრო დიდი უნდობლობა გამიჩნდა ონლაინგამოცემებისა თუ სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიმართ. Სწორედ ამიტომ და ცოტა უფრო ჩემი მოცლილობის გამო გადავწყვიტე, ეჭვის თვალით დანახული ვიდეო და ტექსტი ჩემი შესაძლებლობებით გადამემოწმებინა.
ნაბიჯი 1: უნდა გავარკვიო, ვიდეო ნამდვილად ავსტრალიაშია გადაღებული თუ არა. რადგანაც ვიდეო საკმაოდ ახლო კადრებით ჩვეულებრივ ქუჩაშია გადაღებული, ერთადერთი და მყარი ხელჩასაჭიდი პოლიციელების უნიფორმაა. მაშინვე ვგუგლავ ავსტრალიელი პოლიციელების უნიფორმებს. ყველაზე უტყუარი ნიშანი კი მათი სამხრეა, რაც ვიდეოში ასახულის იდენტურია. ვიდეო ნამდვილად ავსტრალიაშია გადაღებული.
ნაბიჯი 2: საჭიროა, key word-ებით გავიდე სწორ ხაზზე. კვლავ უძლეველ გუგლში ვწერ “Protest in Australia”. ამ სიტყვებით უახლეს ნიუსებში ვკითხულობ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ავსტრალიაში კოვიდ-19-ის შემთხვევების მომატების გამო დაწესებული შეზღუდვების და ლოქდაუნის განახლებამ გამოიწვია საპროტესტო აქციები. გადავდივარ უფრო დაწვრილებულ ძებნაზე “ Protest against Vaccination in Australia”, შევდივარ რამდენიმე უცხოენოვან საინფორმაციო საიტზე, სადაც იუწყებიან, რომ ავსტრალიაში მუშებისთვის სავალდებულო ვაქცინაციის შემოღებამ გამოიწვია ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების საპროტესტო აქციები.
ნაბიჯი 3: დროა, პირდაპირ გოჩას ტექსტის საეჭვოობას ავხადო ფარდა. ვგუგლავ: ‘’Children’s Vaccination in Australia” , შემოთავაზებულ რამდენიმე საიტს შორის ვარჩევ მათ შორის ყველაზე ოფიციალურს- ავტრალიის პრემიერ მინისტრის საიტს, სადაც გარკვევით წერია, რომ 12-15 წლის ბავშვებს უკვე აქვთ შესაძლებლობა აიცრან კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით. Სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები კი აკეთებენ კომენტარებს იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეების აცრაც, რათა მალე დაუბრუნდნენ სკოლის ჩვეულ რეჟიმს, რაც მთავარია, მთელი ოჯახი იყოს დაცული ვირუსისგან. ამ ოფიციალური ინფორმაციის შესაბამისად, ქალი ვერ გააპროტესტებდა იმას, რასაც მხოლოდ რეკომენდაციის ხასიათი აქვს.. ამგვარად, ვინმე გოჩა ჩუმაშვილის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო თანდართული ტექსტით არის მანიპულაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, თითქოს ავტრალიაში ბავშვების იძულებითი ვაქცინირება ხდება.
ნაბიჯი 4: საქმე გვაქვს უბრალოდ ანტივაქცერ ადამიანთან თუ ნამდვილ ტროლთან? მას შემდეგ, რაც ამ ვიდეოს და ტექსტის არარელევანტურობა დამტკიცდა, გადავდივარ გამომქვეყნებლის პროფილზე. ბ.გოჩას პროფილის კედელი სავსეა ანტივაქსერული ტექსტებით, ვიდეოებით, ცრუ ინფორმაციებით, მანიპულაციებით… ის აქვეყნებს პროვოკაციულ პოსტებს, გამოხატავს აგრესიას, ცდილობს ხალხიც განაწყოს კონკრეტულ თემაზე ( ამ შემთხვევაში ანტივაქსერობაზე) მისი პოზიციის საკეთილდღეოდ.
ამგვარად, მის მიერ გამოქვეყნებული პოსტების საფუძველზე ცხადი ხდება, რომ საქმე ტროლთან გვაქვს.
ამ პატარა გამოძიებამ ისეთ მუღამში შემიყვანა, გადავწყვიტე, რამდენიმე “საეჭვო” საიტზე დამეტესტა მანიპულაცია-პროპაგანდის შემცველი ინფორმაციების ტენდენცია და ჩემი ალღო-შესაძლებლობებიც. ამიტომ ვეწვიე ერთ-ერთ “ცნობილ” ანტიდასავლურ ონლაინ გამოცემას “ალტ-ინფოს”.
რა თქმა უნდა, პირველ რიგში სათაურებს ვეცნობი, ვაკვირდები თანდართულ ფოტოებსაც. ჯერჯერობით ყველაფერი რიგზეა, თუმცა 15 სექტემბრის სიახლეებში მხვდება ნიუსი სათაურად “ადგილობრივი, რომელიც სტოკჰოლმის სახიფათო ზონაში მუშაობს, რაიონს „ველურ დასავლეთს“ ადარებს”. უკვე სათაურივე მიბიძგებს, რომ გავეცნო ნიუსს და გადავამოწმო მისი მართებულობა.
“ადგილობრივი, რომელიც სტოკჰოლმის სახიფათო ზონაში, გარეუბან ტენსტაში მუშაობს, ამბობს რომ რაიონმა გაუთავებელი სროლის გამო „ველურ დასავლეთთან“ დაიწყო დამსგავსება.” თვალში მხვდება, რომ ნიუსს არ აქვს დართული პირველწყარო. ჩანასახშივე ჩანს, რომ ეს ინფორმაცია მანიპულაციის შემცველია. გუგლის მეშვეობით ვცდილობ key word-ებით ვნახო კრიმინალური სიტუაცია სტოკჰოლმში. მოკვლევის შედეგად ცხადი ხდება, რომ შვედეთში ბოლო პერიოდში კრიმინალური შემთხვევების რიცხვი ზრდადია, თუმცა სუბიექტური აღქმებით და “თვითმხილველთა ჩვენებებით” რომლის გადამოწმებაც შეუძლებელია (მითუმეტეს, როცა წყაროც არ არის მითითებული) ეჭვგარეშე ხდება, რომ ფსიქოლოგიურ ტრიუკს აქვს ადგილი და ნიუსის შემთხზველი თავის მიერ გამოგონილ ვინმე სტილისტ ჰავალის ალაპარაკებს და გაბუქებულად აფასებინებს სიტუაციას.
ალტ-ინფოს შემდეგ “საქართველო და მსოფლიოსაც” უნდა გადავავლო თვალი. კვლავ იგივე პრინციპით ვმოქმედებ- სათაურებსა და ფოტოებზე ვამახვილებ ყურადღებას, თუმცა ამჯერად უშუალოდ ევროპის შესახებ ნიუსებს თავიდან ბოლომდე ვეცნობი. ერთ-ერთ ნიუსში ვკითხულობ : “ევროკავშირის ხელმძღვანელმა ურსულა ლაიენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპაში საკუთარი თავდაცვითი კავშირი განსაკუთრებით აქტუალურია ავღანეთიდან აშშ–ის გაქცევის შემდეგ. “ გადამოწმების შემდეგ თავად ნიუსი სიმართლე აღმოჩნდა, მაგრამ როგორც ჩანს სიმართლის თქმის დროსაც არ ერიდება geworld.ge თუნდაც ერთი სიტყვის შეცვლით საზოგადოება ანტიდასავლურად განაწყოს. უცხოურ, ოფიციალურ საიტებზე ანალოგიურ ნიუსში ამერიკის მიერ ავღანეთიდან ჯარის გამოყვანასთან დაკავშირებით ნახსენებია სიტყვა “withdrawal”, რაც პირდაპირ ითარგმნება, როგორც უკან დახევა, მაგრამ geworld.ge-ზე ამ თემაზე ყველა ნიუსში ამერიკის ქმედებას გადმოსცემენ სიტყვა გაქცევით, რაც რეალობას არ შეესაბამება და ამერიკამ 20-წლიანი ბრძოლის შემდეგ ავღანეთი დატოვა. Სხვა თემაა, რამდენად გამართლებულია ეს ნაბიჯი, მაგრამ ეს დღეს ჩემი მოკვლევის საგანი არ არის. სიმართლე კი ერთია, “საქართველო და მსოფლიო” ცდილობს, ასეთი პატარ-პატარა დეტალებით დაამახინჯოს ფაქტები.
ამ საიტზე მრავლადაა ჟურნალისტების მიერ გამოქვეყნებული საავტორო სტატიებიც, რომლებშიც პირდაპირ იგრძნობა ანტიდასავლური ნარატივების სიმძაფრე. “საქართველოს დილემა _ ერთმორწმუნე რუსეთთან თუ სატანისტი ანგლოსაქსების იმპერიაში”; “ევროპა დასასრულისკენ მიდის ?”... კიდევ არაერთი სტატია მხვდება მსგავსი ანტიდასავლური შინაარსით.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ პატარა “გამოძიებების” პროცესში მივაგენი იმ რამდენიმე ძირითად ხერხს, რითიც ინფორმაციაში ეჭვის შეტანა, გადამოწმება და სანდოობიის დადგენაა შესაძლებელი:
-
Key word-ებით დაგუგლვა- რამდენად გავრცელებულია ესა თუ ის ინფორმაცია, წარმოდგენას შეგვიქმნის ზოგად სურათზე.
-
ოფიციალური წყაროები- ერთ-ერთი ყველაზე უტყუარი რამ ინფორმაციის გადამოწმებისთვის. განსაკუთრებით საჭიროა სტატისტიკების და მონაცემების გადამოწმებისთვის.
-
სიძულვილის ენა- ნიუსში/სტატიაში/სოც.მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაში გამოხატული სიძულვილი (თუნდაც მაპროვოცირებელი სიტყვა) ნიშანია, რომ შეიძლება საქმე მანიპულაციასთან/ფეიკ ნიუსთან/ტროლთან გვქონდეს.
-
ფოტო-ვიდეო მასალების გადამოწმება: დავაკვირდეთ ყველა დეტალს. ფოტოების შემთხვევაში შესაძლებელია, მარტივად google image-ით მოვძებნოთ კიდევ სადმე არის თუ არა ატვირთული ჩვენთვის საინტერესო ფოტო. ვიდეოს შემთხვევაში, როგორც მე მოვიქეცი, ვიპოვოთ ხელჩასაჭიდი დეტალი და იმით გადავამოწმოთ ინფორმაცია.
-
პირველწყაროს არარსებობა/თვითმხილველთა ჩვენებები- ამბავს, რომელშიც არც წყაროა მითითებული და ერთი სუბიექტის ჩვენებას ეყრდობა, რომლის გადამოწმებაც შეუძლებელია ან ამ სუბიექტის პირადი აღქმაა გადმოცემული, ვერ იქნება რეალობის რელევანტური და სავარაუდოდ, დამახინჯებულ, ამბის დამწერის სუბიექტურ აზრთან გვაქვს საქმე.
ამგვარად, ერთი ჩვეულებრივი საღამო “კიბერგამოძიებად” ვაქციე, რაც საკმაოდ შრომატევადი, მაგრამ საინტერესო და აზარტული აღმოჩნდა. ეგოც დავიკმაყოფილე და კიდევ ერთხელ დავწრმუნდი,რომ, სამწუხაროდ, ტროლები არსად წასულან, ანტიდასავლური მედიასაშუალებებიც ლაღად აგრძელებენ საქმიანობას. რაც მთავარია, მე არ წამოვეგე მათ მიერ დაგებულ ანკესზე და პირველივე ეჭვის გაჩენაზე ფარდა ავხადე ტყუილს. სამწუხაროა, რომ დღეს ჯერ კიდევ საზოგადოების ნაწილი ხელოვნურად შექმნილ დეზინფორმაციის მორევში ვარდება, რაც ხელს უწყობს ისედაც გახლეჩილი სოციუმის პოლარიზაციას. სწორედ ამიტომ არის საჭირო, სახელმწიფოში მოსახლეობის მედიაწიგნიერება უფრო მაღალ დონეზე იყოს და ინდივიდმა თავად შეძლოს ტყუილ-მართალის გარჩევა. მედიაწიგნიერების მაღალი დონე ნამდვილად იქნება ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი დემოკრატიული პროცესების დასაჩქარებლად და განსავითარებლად.
_________________მოამზადა ლანა კაპანაძემ
ბლოგების კონკურსი "ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდა 2021"