ვებ-გვერდების გადამოწმება
ყალბი ინფორმაცია ხშირად საეჭვო ვებ-გვერდების მეშვეობით ან მათზე დაყრდნობით ვრცელდება. ამიტომ ვებ-გვერდის სანდოობის გადამოწმება უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ის თავად ინფორმაციის სანდოობაზე გვიქმნის წარმოდგენას.
ვებ-გვერდები, რომლებსაც ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის იყენებენ
-
ისინი იყენებენ ცნობილი მედია ბრენდების სახელწოდებებს მცირედი სახეცვლილებით (Foxnews.ge, usa-radio.com, abcnews.com.co, theguardıan.com), რათა დასავლური მედია ბრენდებით მათ მიერ გავრცელებულ ყალბ ამბავს მეტი ლეგიტიმაცია შესძინონ;
-
სექციაში “ჩვენ შესახებ” და “კონტაქტი” ინფორმაცია ან საერთოდ არ არის მითითებული, ან იმდენად მწირი და ზოგადია, რომ შეუძლებელია წარმოდგენის შექმნა, თუ ვინ დგას კონკრეტული პლატფორმის უკან.
დროებითი მიზნისთვის შექმნილი ვებ-გვერდები. ყალბი ინფორმაციისთვის მეტი ლეგიტიმაციის მიზნით იქმნება დროებითი ვებ-გვერდები, რომლებსაც ტაბლოიდური მედია საშუალებები დეფლექციურ წყაროებად იყენებენ. ასეთი დეფლექციური საიტები მეტწილად ინგლისურ ან დასავლეთ ევროპულ ენებზეა და გარკვეული დროის მერე პირველწყაროდ მითითებული საიტები აღარ ფუნქციონირებს (მაგალითად, Igliomale.it, humanleather.co.uk, theguardıan.com, usa-radio.com მათი საეჭვო შინაარსის პუბლიკაციების გამოქვეყნების შემდეგ მალევე გახდა მიუწვდომელი).
სატირულ -იუმორისტული ვებ-გვერდები, როგორც ინფორმაციის წყარო. სატირულ-იუმორისტული გამოცემები გამოგონილ, სახალისო ისტორიებს ავრცელებენ და მისიის განაცხადშიც მკაფიოდ უთითებენ, რომ მათ პუბლიკაციებს რეალობასთან კავშირი არ აქვთ, თუნდაც მათი პერსონაჟები რეალური ადამიანები იყვნენ. თუმცა, ახალი ამბების ტაბლოიდური გამოცემები ასეთ გასართობ მედია პლატფორმებზე დაყრდნობით ინფორმაციას, როგორც რეალურ ამბავს ისე აშუქებენ და არ უთითებენ, რომ პირველწყარო მხოლოდ გამოგონილ მასალებს აქვეყნებს.
Clickbait ვებ-გვერდები. სენსაციური, შეცდომაში შემყვანი სათაურებით და ვიზუალური ეფექტებით (ფოტო, ანიმაცია) მომხმარებლის ყურადღებას იქცევენ. რაც უფრო მეტია კლიკი, მით უფრო მატულობს ამა თუ იმ გვერდის აუდიტორია და შესაბამისად, გვერდის მიერ თანხის გამომუშავების ალბათობა. უკანასკნელ პერიოდში ამ ტიპის ვებ-გვერდების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. ისინი ყალბი ინფორმაციის მულტიპლიკაციას სოციალური მედიის მეშვეობით ახდენენ. მომხმარებლების მიერ ბმულზე დაკლიკების შედეგად სწრაფად ზრდიან რეიტინგს, ხოლო სოციალური ქსელი, თავის მხრივ, მომხმარებელს ყველაზე ხშირად ნახვად ინფორმაციას უჩვენებს. ამგვარი ორმხრივი პროცესი ზრდის ყალბი ამბების პოპულარობას და ხელს უწყობს საზოგადოებაში არასწორი წარმოდგენების დამკვიდრებას.
ვებ-გვერდების სანდოობის გადამოწმების მეთოდები
იმისათვის, რომ საეჭვო ვებ-გვერდების მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ შეცდომაში არ შეგიყვანოთ, მნიშვნელოვანია, მათი სანდოობა შემდეგი მეთოდებით გადაამოწმოთ:
დააკვირდით დომეინის სახელს: არ ენდოთ ვებ-გვერდების უჩვეულო დაბოლოებებს, როგორიცაა ".com.co.", ".co" და სხვა. მაგალითად CNNNews..com.co, ABCNews.com.ge.
შეამოწმეთ მისიის განაცხადი და საკონტაქტო ინფორმაცია: შეამოწმეთ განყოფილება “ჩვენ შესახებ” და საკონტაქტო ინფორმაცია. შესაძლოა, მედია საშუალება რედაქციის შესახებ, ასევე საკონტაქტო ინფორმაციას საერთოდ არ უთითებდეს, რაც მათ სანდოობას კიდევ უფრო საეჭვოს ხდის. შეამოწმეთ ასევე მისიის განაცხადი. ინფორმაცია შესაძლოა, სატირული იყოს და ის რეალურ ამბავს არ ასახავდეს. მისიის განაცხადი დაგეხმარებათ გაარკვიოთ, რა ტიპის მედიაა ინფორმაციის წყარო.
გამოიყენეთ ღია ონლაინ-რესურსები, რაც ვებ-გვერდის რეგისტრაციისა და მფლობელის შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიების საშუალებას იძლევა.
გამოიყენეთ ინტერნეტ-არქივები. თუ ყალბი ამბის პირველწყარო ვებ-გვერდია, რომელიც დღესდღეობით აღარ ფუნქციონირებს, ეცადეთ მოიძიოთ ვებ-გვერდის დაარქივებული მასალები.
ვებ-გვერდის დომეინის და რეგისტრაციის შესახებ მონაცემების მოძიება
საძიებო ველში ჩვენთვის საინტერესო ვებ-გვერდის მისამართის მითითების შედეგად Scamadviser.com გვიჩვენებს:
-
დომეინის რეგისტრაციის დროს;
-
ვებ-გვერდის მფლობელი კონკრეტული ინდივიდის ან ორგანიზაციის ვინაობას/დასახელებას;
-
მფლობელის მისამართს, ქვეყანას,ქალაქს, საფოსტო კოდს;
-
მფლობელის ტელეფონის ნომერს, ელ-ფოსტის მისამართს.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხშირად ვებ-გვერდის მფლობელების შესახებ ინფორმაცია საჯარო არაა, Scamadviser.com გვიჩვენებს მხოლოდ იმ მონაცემებს, რომლებიც დარეგისტრირების დროს მფლობელმა საჯაროდ მიუთითა.
იგივე პრინციპით მოქმედებს რესურსი Whois.domaintools.com.
Whois.domaintools.com გვიჩვენებს ვებ-გვერდის დარეგისტრირების დროს, ადგილს, მფლობელს და სხვა ტექნიკუ დეტალებს, რომელიც გადმოწმების პროცესში შესაძლოა, ჩვენთვის საინტერესო იყოს. აღნიშნული რესურსიც, Scamadviser.com -ის მსგავსად გვიჩვენებს მხოლოდ იმ მონაცემებს რომლებიც საჯაროდაა ხელმისაწვდომი, რადგან ზოგ შემთხვევაში დომეინის რეგისტრაციის შესახებ მონაცემები დაცულია.
Ge-დომეინზე დარეგისტრირებული ქართულენოვანი ვებ-გვერდების მფლობელების შესახებ არსებული საჯარო ინფორმაცია შეგვიძლია Registrator.ge-ზე მოვიძიოთ.
შევდივართ ვებ-გვერდზე www.registrator.ge, საძიებო ველში მივუთითებ ვებ-გვერდის დასახელებას და ავირჩევთ დომეინის ტიპს (ge; edu.ge; com.ge; org.ge; net.ge).
როდესაც უკვე არსებულ ვებ-გვერდს ვამოწმებთ, სისტემა გვიჩვენებს რომ აღნიშნული დომეინის სახელი დაკავებულია, იქვეა მოცემული მისი დარეგისტრირების თარიღის, მფლობელისა და ადმინისტრატორის შესახებ ხელმისაწვდომი საჯარო მონაცემები.
საარქივო მასალების მოძიება და სასურველი მასალის დაარქივება
გადამოწმების პროცესში ვებ-გვერდი, რომელიც ამა თუ იმ ინფორმაციის პირველწყაროა, შესაძლოა აღარ ფუნქციონირებდეს. სასურველი მასალების მოსაპოვებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ საარქივო მასალების მოსაძიებელი ონლაინ-რესურსები, ასევე თავადაც დავაარქივოთ სასურველი მასალა.
Archive.is. რესურსის გამოყენება შესაძლებელია როგორც მასალების დასაარქივებლად, ასევე დაარქივებული მონაცემების მოსაძიებლად.
Internet Archive Wayback Machine - 1996 წლიდან ფუნქციონირებს და მისი არქივი, ვებ-გვერდების გარდა, ციფრულ ფორმატში არსებულ სხვადასხვა ვიდეო, ფოტო, აუდიო და ტექსტუალურ მასალებს მოიცავს. ვებ-გვერდზე www.web.archive.org საძიებო ველში ჩვენთვის საინტერესო ვებ-გვერდს ვუთითებთ და დაარქივებულ მასალებს Browse History-ით ღილაკით ვეძებთ.
რესურსი მონაცემებს კალენდარული პრინციპის მიხედვით ალაგებს.
იმისათვის, რომ ჩვენთვის სასურველი მასალა დავაარქივოთ, ამა თუ იმ გვერდის კონკრეტული მასალის მისამართი (url) ქვემოთ ნაჩვენებ ველში უნდა შევიყვანოთ და დავაჭიროთ ღილაკს Save Page.
(მაგალითი 2)