მიზანი
სავარჯიშოს მიზანია, სემინარის მონაწილეებს ყალბი ფაქტების რეალურისგან გარჩევის უნარი განუვითაროს.
ხანგრძლივობა
30 წთ.
მეთოდი
ჯგუფური მუშაობა, დისკუსია
აღჭურვილობა
ამობეჭდილი საინფორმაციო დაიჯესტი, წითელი, ყვითელი და მწვანე ბარათები
ინსტრუქცია: შეარჩიეთ საინფორმაციოს 1 წამყვანი, დანარჩენი მონაწილეები კი 2 ან 3 ჯგუფად დაყავით. თითოეულ ჯგუფს წითელი, ყვითელი და მწვანე ბარათები დაურიგეთ. მიეცით საინფორმაციოს წამყვანს წინასწარ მომზადებული საინფორმაციო დაიჯესტი, რომელშიც ყალბი ინფორმაცია და რეალური ფაქტები ერთმანეთშია არეული და სთხოვეთ საინფორმაციო გადაცემის იმიტაცია და დაიჯესტის წაკითხვა. ჯგუფებს კი მიეცით დავალება წამყვანი სიცრუის დეტექტორზე გაატარონ: იმ შემთხვევაში, თუ მონაწილეები წამყვანს სიცრუეში გამოიჭერენ, წითელი ბარათი უნდა ასწიონ; თუ წამყვანის მიერ წაკითხულ ინფორმაციას სიმართლედ ჩათვლიან - მწვანე ბარათი, ხოლო თუ ნახევრადსიმართლედ - ყვითელი. გაიმარჯვებს ის გუნდი, ვინც ინფორმაციაზე ყველაზე მეტჯერ მოახდენს სწორ რეაგირებას და შესაბამისად, ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს. სწორი პასუხი იმ გუნდს ჩაეთვლება, ვინც პირველი ასწევს შესაბამისი ფერის ბარათს.
თამაშის დასრულების შემდეგ განიხილეთ შედეგები და იმსჯელეთ, რატომ ჩათვალეს მონაწილეებმა კონკრეტული ინფორმაცია ყალბად, ნახევრადსიმართლედ ან სიმართლედ.
საინფორმაციო დაიჯესტის მომზადება. დაიჯესტისთვის ყალბი ინფორმაცია შეარჩიეთ ფაქტების გადამოწმების ვებ-პლატფორმიდან “მითების დეტექტორი”, ხოლო რეალური ინფორმაცია სანდო საინფორმაციო სააგენტოდან. შეარჩიეთ სულ მცირე 12 ინფორმაცია (6 ყალბი, 6 რეალური) და მოამზადეთ მათი მოკლე ერთ აბზაციანი ანოტაციები წამყვანისთვის.