2018 წლის 29 მაისს ულტრანაციონალისტურმა ფეისბუკ გვერდმა “იბერიული ერთობა” გაავრცელა ვიდეო, სათაურით “#ოკუპაცია”, რომელიც მუსლიმების მსვლელობას ასახავდა და თან ერთვოდა ქსენოფობიური ტექსტი. “იბერიული ერთობა” ლონდონში მუსლიმების მსვლელობას “უიარაღო ოკუპაციას” უწოდებს და ქართველ მომხმარებელს უცხოელების წინააღმდეგ რადიკალური ფორმების მიღებისკენ მოუწოდებს.
ჩააკოპირეთ ვიდეოს ბმული InVID-ის ვიდეოს ანალიზის განყოფილებაში. პროგრამა მოგვაწვდით ინფორმაციას ვიდეოს აღწერის, ატვირთვის დროის, ვიდეოს რეიტინგის და ვიდეოს გამავრცელებლის შესახებ. ქვემოთ მოცემულ ფოტოზე “აღწერის” (description) ნაწილში ვხედავთ, თუ როგორი აღწერით გაავრცელა “იბერიულმა ერთობამ” აღნიშნული ვიდეო. “გვერდის” (Page) განყოფილებაში კი ვხედავთ, რომ გვერდს 66 395 მოწონება აქვს (20 აგვისტოს მდგომარეობით), ხოლო “ჩვენ შესახებ” განყოფილებაში მითითებულია ტექსტი “დიდება საქართველოს! დიდება გმირებს! დიდება ქართველ ერს!”
ამ ინფორმაციის შემდეგ InVID გვთავაზობს ვიდეო კადრებს, რომელთა გადამოწმება ფოტოების საძიებო სისტემებში შეგვიძლია. პროგრამა თავად გვთავაზობს აღნიშნული კადრების გადამოწმებას Google-ის, Yandex-ისა და Tineye-ის საძიებო სისტემებში.
თუ მაუსს რომელიმე კადრთან მიიტანთ, პროგრამა გაგიხსნით “გამადიდებლის” (Image Magnifier) ფანჯარას, რომელშიც კადრზე “გამადიდებელი შუშით” დაკვირვება შეგიძლიათ. ეს ფუნქცია განსაკუთრებით სასარგებლოა კადრის ფონად მოცემული დეტალების აღსაქმელად.
კადრების ფოტოების საძიებო სისტემებში გადამოწმების შემდეგ და ვიდეოში ასახული მსვლელობის შესახებ ინფორმაციის მოძიების შედეგად დადგინდა, რომ სინამდვილეში, ვიდეოში ასახულია 2017 წლის 1 ოქტომბერს მუსლიმების მიერ ლონდონში ჩატარებული მარში, რომელიც ტერორისტული ორგანიზაცია ე.წ “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ იყო მიმართული. ტერორიზმის წინააღმდეგ გამართული მშვიდობიანი დემონსტრაციის მუსლიმების მიერ “ოკუპაციად” და “საფრთხედ” წარმოჩენა მანიპულაციურია და მკითხველში მუსლიმების წინააღმდეგ ფობიური განწყობების გაღვივებას ემსახურება.