ფოტო მანიპულაციური ხასიათისაა, რადგანაც მასზე ასახულია არა მართლმადიდებელი ეკლესიის დევნა, არამედ 2010 წლის 28 ივლისს უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეს მართლმადიდებლურ ეკლესიაში მომხდარი აფეთქება.
2010 წლის 28 ივლისს ზაპოროჟიეს ეკლესიაში მოხდა აფეთქება, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 8 პირი კი დაშავდა. შემთხვევის გამოძიება უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა პირად კონტროლზე აიყვანა. გამოძიების დაწყებიდან ერთი კვირის განმავლობაში უკრაინის პოლიციამ სამი ბრალდებული დააკავა, ორი მათგანი ეკლესიის სტიქაროსანი იყო. მსჯავრდებულებმა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში 4 წელი გაატარეს და ამნისტიის შედეგად 2014 წელს გათავისუფლდნენ.
იდენტური ფოტო ონლაინ გამოცემა Pravmir.ru-მ 2017 წლის 26 მაისის პუბლიკაციაში გამოიყენა, სადაც ამტკიცებდა, რომ ფოტოზე ასახული მოვლენები უკრაინის ვოლინის რეგიონში მართლმადიდებელი ეკლესიის დარბევის ფაქტს ასახავდა. რუსულენოვანმა ონლაინ პორტალმა Vaonews.org-მა კი 2017 წლის 9 აპრილს გაავრცელა ცნობა ეგვიპტეში მომხდარი ტერაქტის შესახებ და ეკლესიის შიდა ფასადის დაზიანების აღსაწერად ზაპოროჟიეს ტაძრის ფოტოც გამოაქვეყნა.