8 აგვისტოს რუსულ ტელეარხ НТВ-ზე ჟურნალისტ სერგეი ხოლოშევსკის საავტორო დოკუმენტური ფილმი “აგვისტო 2008: იძულება სიმართლისკენ” გავიდა. იმავე დღეს ტელეარხის Facebook გვერდზე დოკუმენტური ფილმის შესახებ ვიდეო განთავსდა, რომლის აღწერილობაში ნათქვამია, რომ 8 აგვისტოს საქართველო სამხრეთ ოსეთს თავს დაესხა.
ვიდეოში ცხინვალის პურ-ფუნთუშეულის კომბინატის დირექტორი, ვადიმ ცხოვრებოვი ჰყვება, რომ ქართველი სამხედროები ცხინვალში საცხოვრებელ სახლებში შედიოდნენ და სარდაფებში ხელყუმბარებს ტოვებდნენ. ამის შემდგომ ვიდეოში ჩანს კადრი, რომელზეც 2008 წლის 9 აგვისტოს რუსული ავიაციის მიერ ქალაქ გორში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის დროს დაჭრილი, ამავე კორპუსში მცხოვრები სოფიო მურადოვია ასახული. НТВ-მ აღნიშნული კადრი ქართული მხარის მიერ ქალაქ ცხინვალზე განხორციელებული თავდასხმის ილუსტრირებისთვის გამოიყენა.
გორში რუსული ბომბების მიერ საცხოვრებელი სახლის განადგურება და ალმოკიდებული სახლის ფონზე დაჭრილი საქართველოს მოქალაქის სოფიო მურადოვის ფოტო საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში იმავე დღეს აღმოჩნდა და რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული აგრესიის სიმბოლოდ იქცა. სოფიო მურადოვს რუსული ჭურვის ნამსხვრევებმა ორივე კიდური დაუზიანა და 7 წლის განმავლობაში 13 ოპერაციის გაკეთება დასჭირდა. 9 აგვისტოს გორში რუსეთის მიერ საცხოვრებელი კორპუსის დაბობმვის შედეგად 15 ადამიანი გარდაიცვალა.