მაგალითი 1: ვიდეოს შეუსაბამობა მოვლენასთან

2017 წლის 15 მაისს ქართულმა ვებ-გვერდებმა marshalpress.ge, itv.ge და dainteresdit.ge გამოაქვეყნეს იდენტური ვიდეო, რომლის თანმხლებ აღწერილობაში აღნიშნული იყო, რომ კადრები თურქეთში 3 წლამდე გოგონასთვის შინაგანი ორგანოების ამოჭრის სცენას ასახავდა, რისი მიზანიც მათი შემდეგომი რეალიზაცია იყო.

1. ვიდეო არა ორგანოებით ვაჭრობას, არამედ რუსეთის მიერ სირიის სოფლის დაბომბვის მოვლენებს ასახავს

ვიდეოს გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ის არა თურქეთში ბავშვის ორგანოებით ვაჭრობას, არამედ 2015 წლის 11 დეკემბერს რუსეთის მიერ სირიის სოფელ ალ-კისაბიას საჰაერო დაბომბვების შედეგად გარდაცვლილ ადამიანებსა და დაშავებულ გოგონას ასახავდა. კადრები თავდაპირველად არაბულ ენაზე საინფორმაციო სააგენტო SMART-მა 2015 წლის 11 დეკემბერს, სათაურით "რუსული თვითმფრინავების მიერ მოწყობილი ხოცვა-ჟლეტა იდლიბის სამხრეთით მდებარე სოფელ ალ-კისაბიაში’’ გაავრცელა.




2. ვიდეოში მონაწილე პირები "სირიის ჰუმანიტარული ფონდის” მოხალისეები არიან

ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ხდის მაკრატლის დახმარებით მამაკაცი თავდასხმის შედეგად დაზარალებულ ბავშვს მაისურს. მამაკაცს ლურჯი მაისური აცვია, რომელზეც ლოგოა გამოსახული. გუგლის საძიებო სისტემაში მოცემული ლოგოს გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ის სირიის ჰუმანიტარული ორგანიზაციას (Al-Sham Humanitarian Foundation) ეკუთვნის.



3. ვიდეოში მონაწილე გოგონას რენტგენის აპარატზე აწვენენ
ვიდეოში გამოსახულ გოგონას, რომელიც ზემოთმითითებული ქართულენოვანი სააგენტობის თანახმად, ორგანოებით უკანონო ვაჭრობის მსხვერპლია, სინამდვილეში სამედიცინო შემოწმების მიზნით, რენტგენის აპარატის ციფრულ პანელზე აწვენენ.