ინფორმაცია
- სიზუსტე. ამბავი ზუსტად უნდა იყოს გადმოცემული, ფაქტები სოლიდურ მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, ციტირება ზუსტად და დაუმახინჯებლად უნდა მოხდეს, წყაროები იდენტიფიცირებული უნდა იყოს.
- სრულყოფილება. ინფორმაცია აუდიტორიის ინფორმირებულობას უნდა უწყობდეს ხელს და არსებითად სრულყოფილი უნდა იყოს. არსებითად სრულყოფილი გულისხმობს საკმარისი ინფორმაციის მიწოდებას, რათა გამოირიცხოს ფაქტების და მისი კონტექსტის არასწორი აღქმა.
- სამართლიანობა და ბალანსი. ინფორმაცია სამართლიანი და დაბალანსებული უნდა იყოს, მასალაში უნდა იყოს წარმოდგენილი ყველა ის მოსაზრება, რომელიც საკითხის არსში გარკვევას შეუწყობს ხელს.
წყაროები და ბალანსი
წყარო მასალის მნიშვნელოვანი შემადგენელია. წყაროების და ინფორმაციის გადამოწმების საკვანძო პრინციპები ჯერ კიდევ V საუკუნეში ბერძენმა ისტორიკოსმა თუკიდიდემ პელოპონესის ომის მიმოხილვის შესავალში აღწერა:
- ადამიანური წყაროები - მოიცავს პირველად წყაროებს პროცესის უშუალო მონაწილე, თვითმხილველი) და მეორად წყაროებს (ექსპერტი, კონკრეტული სფეროს, ხელისუფლების თუ სხვა დაინტერესებული მხარის წარმომადგენელი).
- ფიზიკური წყაროები - დოკუმენტები, ფოტო და ვიდეო-მასალა, ჩანაწერები, სტატისტიკა, საცნობარო მასალები, სტატიები და ა.შ.
- ინტერნეტ-წყაროები როგორც ადამიანურ, ასევე ფიზიკურ წყაროებს მოიცავს, თუმცა ციფრული წყაროების სიმრავლის პირობებში მათი სანდოობის გადამოწმება დამატებით ძალისხმევას მოითხოვს.
ინფორმაციის ინდივიდუალური წყარო არასდროს არის ნეიტრალური, ამიტომ ჟურნალისტმა უნდა გაითვალისწინოს ინფორმაციის წყაროს შესაძლო დაინტერესება და მიკერძოებულობა და “2 წყაროს პრინციპით” იმოქმედოს. აღნიშნული პრინციპი ინფორმაციის სულ მცირე 2 დამოუკიდებელ წყაროსთან გადამოწმებას გულისხმობს. ამასთანავე, ამბავს შესაძლოა, ორზე მეტი მხარე ჰყავდეს და ყველა მხარის პოზიცია ისე უნდა იყოს წარმოდგენილი, რომ ინფორმაციის მიმღებს მოვლენაზე სრულფასოვანი წარმოდგენა შეექმნას.
საჭიროების შემთხვევაში, ჟურნალისტი შეიძლება, დაეყრდნოს ანონიმურ წყაროს, რადგან საჯარო ინტერესის საკითხებზე ინფორმაციის მიწოდებაზე ზოგიერთი წყარო ჟურნალისტს მხოლოდ კონფიდენციალობის დაცვის პირობით თანხმდება. მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტი, პირველ რიგში, თავად დარწმუნდეს ანონიმური წყაროს სანდოობაში, გაარკვიოს მისი მოტივაცია, გადაამოწმოს ანონიმური წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია სხვა წყაროებთან, მოიპოვოს დოკუმენტური ან სხვა ტიპის მტკიცებულება, რაც ფაქტის უტყუარობაში დაარწმუნებს. ჟურნალისტმა აუცილებლად უნდა მიუთითოს, რომ მისი ინფორმაციის წყარო ანონიმურია, რაც მის საქმიანობას გამჭვირვალეს და სანდოს გახდის. ჟურნალისტმა ასევე არასდროს უნდა გამოიყენოს ანონიმური წყარო სხვისი მოსაზრების გასავრცელებლად.
მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტურ მასალაში ფაქტი მოსაზრებისგან მკვეთრად გაიმიჯნოს.
- ფაქტი არის ის, რისი გადამოწმებაც შეიძლება.
- მოსაზრება კონკრეტული პირის რწმენას ან შეხედულებას ეფუძნება და არ ექვემდებარება გადამოწმებას. მოსაზრება შესაძლოა, ემყარებოდეს ფაქტებსა და ემოციებს.
აღსანიშნავია, რომ კომენტარებზე ორიენტირებული პრესა ძირითადად პოლარიზებული პლურალიზმის მედია მოდელისთვის არის დამახასიათებელი, ხოლო ინფორმაციაზე ორიენტირებული პრესა ლიბერალური მედია მოდელისთვის.
მიუკერძოებელი გაშუქების უზრუნველსაყოფად ჟურნალისტმა მასალის მომზადებისას ბალანსი უნდა დაიცვას და ყველა მხარის პოზიცია სათანადოდ წარმოაჩინოს. ბალანსის დაცვა გულისხმობს არა ყველა მხარის პოზიციის არითმეტიკული სიზუსტით თანაბრად წარმოჩენას, არამედ ყველა მნიშვნელოვანი მოსაზრების თანაბრად წარმოჩენას. არგუმენტები შესაძლოა, ორივე მხარეს იყოს, მაგრამ მასალა ცალმხრივი იქნება, თუ მტკიცებულებები და თვალსაზრისი ერთი მხარის სასარგებლოდ გადასწონის.
რა არის ახალი ამბავი?
ახალი ამბავი სიტყვა "სიახლეს" უკავშირდება. ახალი ამბავი არის ინფორმაცია, რომელიც ახალი, მნიშვნელოვანი, რელევანტური ან საინტერესოა.
მელვინ მენჩერის თანახმად, ახალი ამბის საინფორმაციო ღირებულებას შემდეგი კრიტერიუმები განსაზღვრავს:
- ოპერატიულობა - დღევანდელი ამბავი სჯობია გუშინდელს;
- გავლენა - მით უფრო მნიშვნელოვანია ამბავი, რაც მეტ ადამიანს ეხება;
- ცნობადობა - რაც (ვინც) უფრო ცნობილს ეხება, მით უფრო მნიშვნელოვანია ამბავი;
- სიახლოვე - რაც უფრო ახლოა მოვლენა, მით უფრო მნიშვნელოვანია ამბავი;
- კონფლიქტი - ნებისმიერი დაპირისპირება ახალი ამბავია;
- უჩვეულობა - მოულოდნელი და განსხვავებული ნიშნავს ახალ ამბავს;
- აქტუალობა - მოულოდნელად მდუმარეებს ხმის ამოღების საშუალება მიეცათ;
- აუცილებლობა - სიტუაცია, როდესაც ჟურნალისტი გრძნობს, რომ ვალდებულია, თქვას სიმართლე.
ახალი ამბავი უნდა ახდენდეს აუდიტორიის ინფორმირება, თუ რა მოხდა, როდის, სად და ვინ მონაწილეობდა მასში. კარგი ახალი ამბავი ასევე პასუხს სცემს შეკითხვას როგორ მოხდა და რატომ. ანუ ახალი ამბავი პასუხს სცემს 6 შეკითხვას: ვინ? რა? სად? როდის? როგორ? და რატომ? შეკითხვაზე “რატომ” პასუხი შესაძლოა, განსხვავებული იყოს, ამიტომ ჟურნალისტმა ნეიტრალურად უნდა აღწეროს მოვლენა და შეეცადოს მიზეზების შესახებ განსხვავებული მოსაზრებები წარმოადგინოს.
დღის წესრიგის განსაზღვრა
მედიის მიერ დღის წესრიგის განსაზღვრა არის მას-კომუნიკაციის თეორია, რომელიც ამტკიცებს, რომ მედიას აქვს უნარი, განსაზღვროს, თუ რა საკითხია საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი.
დღის წესრიგის განსაზღვრის თეორია უშვებს, რომ საზოგადოებრივ დღის წესრიგს - ანუ იმას, თუ რაზე მსჯელობს, ფიქრობს, წუხს ხალხი - მნიშვნელოვნად აყალიბებს და მიმართულებას აძლევს ახალი ამბების მედიის მიერ შერჩეული გასაშუქებელი თემატიკა. ეს ნიშნავს, რომ, თუ ახალი ამბების მედია გადაწყვეტს, რომ დიდი ადგილი დაუთმოს საბიუჯეტო დეფიციტის გაშუქებას, ეს თემა აუდიტორიის დღის წესრიგში ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად იქცევა. დღის წესრიგის განსაზღვრის გზით მედია საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებს. აღსანიშნავია, რომ, როდესაც მედია ცდილობს მიმდინარე მოვლენების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას, ის არამარტო ასახავს რეალობას, ამასთანავე ის გარკვეული ინფორმაციის გაფილტვრას ახდენს და იღებს გადაწყევტილებებს, თუ რა საკითხი შემოიტანოს დღის წესრიგში.
როგორ გავაანალიზოთ კრიტიკულად ახალი ამბავი?
- ერთმანეთისგან უნდა განასხვაოს ახალი ამბავი და სარედაციო თვალსაზრისი. სარედაქციო თვალსაზრისი ამა თუ იმ ფაქტთან და მოვლენასთან დაკავშირებით ჟურნალისტის პერსონალურ მოსაზრებებს ასახავს, ხოლო ახალი ამბავი ჟურნალისტის ან რედაქტორის მოსაზრებას არ უნდა შეიცავდეს.
- მასალა ანონიმურია თუ მას ავტორი ჰყავს? რამდენად სანდოა ავტორი?
- წარმოდგენილია თუ არა მასალაში სულ მცირე ორი დამოუკიდებელი წყარო?
- ვინ არიან წყაროები და რამდენად მრავალფეროვანია წყაროთა სპექტრი?
- იყენებს თუ არა ჟურნალისტი ორმაგ სტანდარტს სხვადასხვა წყაროსთან მიმართებით?
- აქვს თუ არა შესაძლებლობა მომხმარებელს, გაეცნოს სხვადასხვა მხარეების არგუმენტებს, რათა ჩამოაყალიბოს საკუთარი მოსაზრება?
- არის თუ არა ამბავი ნეიტრალურად გადმოცემული, თუ ის რომელიმე მხარის პერსპექტივიდანაა გაშუქებული?
- ახდენს თუ არა ჟურნალისტი ფაქტების ინტერპრეტირებას?
- არის თუ არა რაიმე საკითხი, რომელიც გამოტოვებულია და არსებითია ამბის გასაგებად, მაგრამ გამოტოვებულია?
- გადმოცემულია თუ არა კონტექსტი?
- შეესაბამება თუ არა სათაური და ფოტო ტექსტს?
- არის თუ არა გაშუქება სტერეოტიპული?
- რამდენად ნეიტრალურ ენას იყენებს ჟურნალისტი?
- თუ საკითხი საჯარო ინტერესის საგანია, გაშუქებულია თუ არა ის, როგორც მთავარი ამბავი (სიუჟეტის შემთხვევაში - საინფორმაციო გადაცემის მთავარ ბლოკში, გაზეთის ან ონლაინ-გამოცემის შემთხვევაში წამყვან - ბლოკში).
- აშუქებს თუ არა ყველა მეინსტრუმული მედია საშუალება ერთსადაიმავე მნიშვნელოვან ახალ ამბავს, თუ რომელიმე მედია საშუალება საზოგადოებისთვის აქტუალური გარკვეული საკითხების გაშუქებას თავს არიდებს?