მიზანი
იმიტირებული პროცესის მიზანია, მისცეს მონაწილეებს ცოდნა სიტყვის თავისუფლებისა და მედიის თვითრეგულირების საკითხებზე; არსებულ რეგულაციებზე დაყრდნობით, განუვითაროს მათ მსჯელობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს მედია შინაარსის კრიტიკულ გააზრებას და აქტიური მედია მომხმარებლის ჩამოყალიბებას, რომელიც მედიის ხარისხის გაუმჯობესებასა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებაზე იქნება ორიენტირებული.
ხანგრძლივობა
ჯგუფების მომზადება: 20 წუთი
იმიტირებული პროცესი: 30 წუთი
მეთოდი
ჯგუფური მუშაობა, სიმულაცია, დისკუსია
აღჭურვილობა
ამობეჭდილი საქმის აღწერილობა და რეგულაციების მიმოხილვა, კალმები, ფურცლები
ტრენერის ინსტრუქცია:
შეარჩიეთ იმიტირებულ პროცესზე განსახილველი საქმეები შემდეგ წყაროებზე დაყრდნობით:
- სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ ადგილობრივი სასამართლო გადაწყვეტილებების მოძიება შესაძლებელია, როგორც სასამართლოს ვებ-გვერდზე, ასევე პრეცედენტული გადაწყვეტილებების კრებულიდან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენებზე.
- თვითრეგულირების შესახებ სხვადასხვა ქვეყნების პრესის საბჭოების გადაწყვეტილებები ხელმისაწვდომია კრებულში “მედიის თვითრეგულირების ქრესტომათია”. ხოლო ადგილობრივი პრაქტიკის ამსახველი საქმეები საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და სამოქალაქო პლატფორმა “არა ფობიას!” ვებ-გვერდებზე.
შერჩეული საქმიდან დავის აღწერილობითი ნაწილი, ასევე კანონის ან ეთიკის/ქცევის კოდექსის, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ის მუხლები ამოკრიფეთ, რომელიც დავის საგანია. შერჩეული ტექსტი სულ მცირე 3 ნიმუშად ამობეჭდეთ, იმიტირებული პროცესის მონაწილე გუნდებისთვის დასარიგებლად. საქმიდან გამომდინარე, შეგიძლიათ, მოამზადოთ საკვანძო შეკითხვები, რომლებსაც დაფაზე ჩამოწერთ, რაც პროცესის მონაწილეებს საქმის სწორი მიმართულებით წარმართვაში დაეხმარება.
პროცესის წარმართვის ინსტრუქცია
მოსამზადებელი ეტაპი. მონაწილეები 3 ჯგუფად დაყავით: მომჩივანი ჯგუფი, მოპასუხე ჯგუფი და გადაწყვეტილების მიმღები ჯგუფი, რომელიც, საქმის სპეციფიკის მიხედვით, სასამართლოს ან პრესის საბჭოს წარმოადგენს.
ამობეჭდილი საქმის აღწერილობა და სადავო მუხლები (რეგულაციები) ჯგუფებს დაურიგეთ. საქმის გასაცნობად და პოზიციების მოსამზადებლად მხარეებს 20 წთ მიეცით და განუმარტეთ თავიანთი როლები პროცესის მსვლელობის დროს.
პროცესის მიმდინარეობა. სასამართლოს/პრესის საბჭოს ერთ-ერთი წევრი (თავმჯდომარე) წარმართავს პროცესს. ის თავდაპირველად წარადგენს საქმის არსს და მხარეებს თავიანთ უფლებამოსილებებს განუმარტავს. თავდაპირველად თავმჯდომარე სიტყვას მომჩივან მხარეს აძლევს და დავის არსის და მათი არგუმენტების ჩამოყალიბებას სთხოვს. შემდეგ ეტაპზე სიტყვა მოპასუხე მხარეს ეძლევა, რომელმაც უნდა დაასაბუთოს, რატომ არის მოდავე მხარის პოზიცია უსაფუძვლო და ალტერნატიული არგუმენტები წარმოადგინოს.
პოზიციების წარდგენის შემდეგ, საბჭო მომჩივან და მოპასუხე მხარეებს ერთმანეთისათვის კითხვების დასმის შესაძლებლობას აძლევს. საქმის გარემოებებს მოსამართლეები/პრესის საბჭოს წევრებიც უზუსტებენ.
ჯგუფს, რომელიც სასამართლოს/პრესის საბჭოს წარმოადგენს, გადაწყვეტილების მისაღებად 10 წუთი ეძლევა, ისინი პოზიციას აჯერებენ და მხარეებს გადაწყვეტილებას და სამოტივაციო ნაწილს წარუდგენენ.
პროცესის განხილვა: იმიტირებული პროცესის დასრულების შემდეგ ტრენერი მონაწილეებს რეალურ გადაწყვეტილებას აცნობს და მათთან ერთად განიხილავს, რამდენად სწორად წარიმართა სიმულაციის დროს პროცესი, რამდენად სწორად განმარტეს მონაწილეებმა ნორმები და რამდენად დასაბუთებულია რეალური გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი.