ტროლები და ბოტები
ტროლი
ტროლის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი მისი რეალური იდენტობის დამალვაა. ონლაინ სივრცეში ის ყალბი პროფილის მეშვეობით მოქმედებს, სადაც მის შესახებ არსებული ინფორმაცია ან გაყალბებულია, ან საერთოდ არ არის ასახული. ეს შეიძლება იყოს ფოტოები, საკონტაქტო ინფორმაცია, მონაცემები განათლებისა და სამუშაო ადგილის, ასევე ჰობის და ინტერესების შესახებ.
ჰიბრიდული ტროლი (Hybrid Trolls). კლასიკური ტროლისგან განსხვავებით, რომელიც ონლაინ სივრცეში უთანხმოებისა და კონფლიქტების გაღვივების მიზნით პირადი შეხედულებით მოქმედებს, ჰიბრიდული ტროლი დაქირავებულია, როგორც საინფორმაციო ომის იარაღი. ჰიბრიდული ტროლები სახელმწიფოს ან სახელმწიფო ინსტიტუტის დაქვემდებარებაში იმყოფებიან და ამ საქმიანობაში გარკვეულ ანაზღაურებასაც იღებენ.
კიბერ ძალები (Cyber Troops) სახელმწიფოს ან პოლიტიკური პარტიის დაქვემდებარებული ჯგუფებია, რომელთაც საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება ევალებათ. ოქსფორდის უნივერსიტეტის ინტერნეტის ინსტიტუტის კვლევის განმარტებით, კიბერ ძალების უმეტესობა პროსახელისუფლებო ან პარტიული გზავნილების გასავრცელებლად, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ონლაინ კომენტატორებსა და სოციალური მედიის ყალბ ანგარიშებს იყენებს.
კიბერ ძალები სოციალური მედიის პლატფორმებზე კომპიუტერიზებულ პროპაგანდას აქტიურად იყენებენ.
კომპიუტერიზებული პროპაგანდა (Computational propaganda) არის, საზოგადოებრივი ცხოვრების მანიპულირების მიზნით, ავტომატური ტექნოლოგიების, ალგორითმებისა და დიდი მონაცემების (big data) ანალიტიკის გამოყენება (Howard & Woolley, 2016). კომპიუტერიზებული პროპაგანდა მოიცავს:
- სოციალური მედიის მეშვეობით ყალბი ინფორმაციის და დეზინფორმაციის გავრცელებას;
- მონაცემების უკანონოდ მოპოვებას და მიკრო-პროფილირებას;
- სოციალური მედიის გამოყენებას უცხო ქვეყნების გავლენის ოპერაციების წარმოებისთვის;
- ყალბი ანგარიშების, პოლიტიკური ბოტების და ე.წ. Click-bait -ების გამოყენებით, სიძულვილის ენის და მავნე კონტენტის წახალისებას.
ბოტი
ოქსფორდის უნივერსიტეტის ინტერნეტის ინსტიტუტი გამოყოფს ბოტების კიდევ ერთ სახეობას - პოლიტიკურ ბოტებს, რაც სპეციალურად შექმნილ კომპიუტერულ პროგრამას ან კომპიუტერულ კოდს გულისხმობს, რომელიც ონლაინ სივრცეში რეალური ადამიანის ქცევას არის მიმსგავსებული. ისინი არჩევნების და რეფერენდუმების პერიოდში სხვადასხვა მანიპულაციურ ტექნიკებს იყენებენ, მათ შორის ყალბი ამბებისა და პროპაგანდის გავრცელებას, ასევე ამა თუ იმ სუბიექტის ან ჯგუფის მიმართ ყალბი პოპულარობისა და მხარდაჭერის ილუზიის შექმნას ახდენენ. პოლიტიკური ბოტები მათთვის ხელსაყრელი შინაარსის შემცველ ინფორმაციას აზიარებენ (share), იწონებენ (like) და ონლაინ სივრცეში ჯანსაღი პოლიტიკური დისკურსის შეცვლას ცდილობენ.
ბოტები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ონლაინ სივრცეში მიმდინარე დებატებსა და დისკუსიებზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი ერთად, ქსელურად მუშაობენ. ბოტებს იყენებენ, როდესაც დამკვეთს სურს:
- ტრენდული ჰეშთეგის ან ფრაზის შექმნა;
- კონკრეტული გზავნილის გავრცელება და მხარდაჭერა;
- სხვა მომხმარებლის შევიწროვება და დისკრედიტაცია;
- ხელოვნური “მოწონებების” (Like-ების) და გამომწერების (Follower-ების) გაზრდა.
რატომ იყენებენ ტროლებს და ბოტებს?
-
დაარწმუნონ რაიმე საკითხის მართებულობაში;
-
მოახდინონ გარკვეული თემატიკის ან ამბის ირგვლივ ადამიანების მობილიზება;
-
მოიპოვონ კონკრეტული იდეოლოგიისადმი ფართო მასების მხარდაჭერა;
-
შეცდომაში შეიყვანონ მომხმარებელი;
-
განახორციელონ მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა.
აღნიშნული მიზნების მისაღწევად, ყალბი პროფილები და ავტომატიზებული ანგარიშები ავრცელებენ შესაბამის კონტენტს, შედიან ინტერაქციაში რეალურ მომხმარებლებთან და ცდილობენ სამიზნე აუდიტორიის ღირებულებათა სისტემა, აღქმები, ემოციები, მოტივაცია და დისკურსი შეცვალონ.
როგორ ამოვიცნოთ ბოტები Twitter-ზე?
ბოტების, ანუ ავტომატიზებული ანგარიშების იდენტიფიცირება მხოლოდ ერთი კრიტერიუმის მეშვეობით რთულია. ატლანტიკური საბჭოს Digital Forensic Research Lab (DFRL) -ის თანახმად, არსებობს რამდენიმე მახასიათებელი, რომელიც სოციალურ ქსელ Twitter -ზე ბოტების იდენტიფიცირებაში გვეხმარება.
პოსტების სიხშირე, აქტიურობა - ბოტები ძალიან ბევრს პოსტავენ. რაც უფრო ხშირად პოსტავს ესა თუ ის საეჭვო ანგარიში, მით უფრო სავარაუდოა, რომ ის ბოტია. ოქსფორდის ინტერნეტის ინსტიტუტის გუნდი მიიჩნევს, რომ დღეში 50 პოსტი ის ნიშნულია, რომელიც საეჭვოდ შეგვიძლია მივიჩნიოთ. Digital Forensic Research Lab (DFRL) ამგვარ ნიშნულად დღეში 72 პოსტს მიიჩნევს, თუმცა გამორიცხული არაა, რომ ბოტი გაცილებით ნაკლებსაც პოსტავდეს.წყარო: DFRL; ფოტო: Twitter
ანონიმურობა - უმეტეს შემთხვევებში ბოტების პროფილები რაიმე პერსონალურ ინფორმაციას არ შეიცავს.
პოსტების დუბლირება (Amplification)- ბოტების საინფორმაციო ველი ძირითადად Re-tweet-ების, ანუ გადაზიარებული მასალისგან შედგება, რომელთაც სხვა მომხმარებლები პოსტავენ. ბოტების ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება და ფუნქცია სწორედ რაიმე კონკრეტული გზავნილის ან პოსტის გავრცელებაა. სწორედ ამიტომ, მათ პროფილებზე ძირითადად დუბლირებულ და არა ორიგინალ პოსტებს ვხვდებით.
წყარო: DFRL; ფოტო: Twitter
საერთო კონტენტი: ბოტების ქსელის იდენტიფიცირება ადვილია, თუ შევამჩნევთ, რომ რამოდენიმე პროფილი ერთსა და იმავე კონტენტს დროის მცირე ინტერვალებში აქვეყნებს.
ფოტო: Stopfake.org
Botometer-ი. Twitter-ზე ბოტების ამოსაცნობად სასარგებლო რესურსია Botometer -ი, რომელიც ინდიანას უნივერსიტეტის ქსელური მეცნიერების ინსტიტუტისა (IUNI) და კომპლექსური ქსელებისა და სისტემების კვლევის ცენტრის (CNetS) ერთობლივი პროექტის ფარგლებში შეიქმნა. Botometer -ი Twitter-ზე დარეგისტრირებული მომხმარებლების პროფილს აანალიზებს და აფასებს არის თუ არა ის ბოტი. ამისთვის რესურსი ქულების სისტემას იყენებს. რაც უფრო მაღალია მითითებული პროფილის ქულა, მით უფრო დიდია ალბათობა რომ აღნიშნული მომხმარებლის პროფილი ბოტია.
რესურსით სარგებლობისთვის აუცილებელია ავტორიზაცია Twitter-ზე თქვენი ანგარიშით გაიაროთ. საძიებო ველში ვუთითებთ ჩვენთვის Twitter-ის მომხმარებლის username-ს. Botormeter-ი საშუალებას გვაძლევს, შევამოწმოთ თავად ანგარიში, მისი გამომწერები ე.წ Follower-ები, ასევე მომხმარებლის მეგობრები.
როგორ ამოვიცნოთ ტროლები?
ონლაინ სივრცეში ტროლების აქტივობას რამდენიმე მახასიათებელი აქვს, რაც მათ ამოცნობაში გვეხმარება:
ნაბიჯი #1: დავაკვირდეთ ტროლების მიერ დაწერილ კომენტარებს, რომლებიც:
- კონტექსტიდან ამოვარდნილია - შესაძლოა დისკუსია სრულიად სხვა თემაზე მიმდინარეობდეს, თუმცა ტროლი იმ თემებზე პოსტავდეს, რომელიც მოცემულ საკითს საერთოდ არ უკავშირდება.
- ვრცელია ან პირიქით - შეიცავს რამოდენიმე სიტყვას, მოწოდებას, არასანდო წყაროების ბმულებს - ერთის მხრივ, დისკუსიის დროს ტროლმა შეიძლება კონკრეტულ თემატიკასთან დაკავშირებით ვრცელი კომენტარები დაპოსტოს, რაც რეალურ მომხმარებელზე გავლენის მოხდენის მიზნით, დისკუსიის არასაჭირო ინფორმაციით გადატვირთვას იწვევს. მეორეს მხრივ, ტროლი შესაძლოა, პოსტავდეს რამოდენიმე სიტყვისგან შემდგარ მოწოდებებს, რომელსაც ახლავს არასანდო, ტაბლოიდური, ან უცნობი მედია რესურსების ბმულები.
- აგრესიულია - მათთვის სასურველი პოზიციის დაცვის ან გავრცელების მიზნით, ტროლები რეალურ მომხმარებლებთან ურთიერთობისას, აგრესიულობით გამოირჩევიან. არიან მუდმივად ერთ, რადიკალურ პოზიციაზე, რომელიც არასდროს იცვლება. მნიშვნელობა არ აქვს რამდენად სწორ და დასაბუთებულ არგუმენტს მოიყვანთ ტროლთან კამათისას, მისი მთავარი ფუნქცია საკუთარი პოზიციის დაფიქსირებაა და რაც შეიძლება მეტი მომხმარებლის იმაში დარწმუნებაა, რომ სწორედ მისი პოზიციაა ლეგიტიმური.
- შეიცავს ენობრივ და გრამატიკულ შეცდომებს - იმ შემთხვევაში თუ საქმე გვაქვს ტროლთან, რომელიც სხვა ქვეყანაში ცხოვრობს ან სხვა ენაზე საუბრობს, იგი ხშირად გრამატიკულ შეცდომებს უშვებს ან სხვა ენაზე პოსტავს.
ნაბიჯი #2: გავაანალიზოთ ტროლის პროფილი:
- გამოვიკვლიოთ სექცია “ჩემს შესახებ” (About Me)- სადაც, როგორც წესი, პროფილის მფლობელის შესახებ საკმაოდ მწირი პერსონალური ინფორმაციაა მოცემული. რეალური მომხმარებლები სოციალურ ქსელს სხვა მომხმარებლებთან ინტერაქციისთვის და კონტაქტების დამყარებისთვის იყენებენ. ამისთვის ისინი საკუთარი თავის შესახებ პერსონალურ მონაცემებს უთითებენ, როგორიცაა დაბადების თარიღი, ოჯახის წევრები, სამუშაო ადგილი, განათლება. ონლაინ ტროლებს აღნიშნული მონაცემები მითითებული საერთოდ არ აქვთ, ან არასწორად უთითებენ. მაგალითად, ხშირად ტროლები დაბადების ადგილად აშშ-ს, ხოლო სამუშაო ადგილად Facebook -ს ან ცნობილ ბრენდებსა და კომპანიებს უთითებენ.
- დავათვალიეროთ ფოტოები - ტროლის პროფილის ფოტოზე, Cover-ფოტოსა და ფოტოგალერეაში იშვიათად გვხვდება პერსონალური ფოტოები. უმეტეს შემთხვევებში, პროფილზე განთავსებული ფოტოების რაოდენობა საკმაოდ მწირია ან საერთოდ არაა. იმ შემთხვევაში, თუ საქმე გამოცდილ ტროლთან გვაქვს, შესაძლოა, პროფილზე სხვისი პირადი ფოტოები იყოს განთავსებული. ამის გამოსავლენად შეგვიძლია, გუგლის ფოტოების საძიებო სისტემა Google Image Search-ს მივმართოთ, რომელშიც ავტვირთავთ ტროლის პროფილზე განთავსებულ ფოტოებს და მოვძებნით ამ კონკრეტულ ფოტოზე ხომ არაა გამოსახული სხვა პიროვნება ან საჯარო პირი.
- დავათვალიეროთ ვიდეოები - სოციალური ქსელის მომხმარებლების დიდ ნაწილს პროფილზე განთავსებული აქვს ვიდეოები, სადაც შესაძლებელია მათი საცხოვრებელი, სამუშაო, სასწავლებელი ადგილის, მეგობრების ან თავად ამ პიროვნების იდენტიფიცირება. ტროლების უმეტესობას პროფილზე ამგვარი ვიდეოები ატვირთული არ აქვს.
- შევისწავლოთ მეგობრები - უმეტესწილად, ტროლებს ბევრი მეგობარი არ ჰყავთ, თუმცა შესაძლოა შევხვდეთ ტროლებსაც, რომელთაც პირიქით - ათასობით მეგობარი ჰყავთ. თუ ტროლების მეგობრების სიაში უცხოელები ჭარბობენ, ხოლო ადგილობრივები მწირად ან საერთოდ არ არიან წარმოდგენილი, სავარაუდოდ, ყალბ პროფილთან გვაქვს საქმე.
- ყურადღება მივაქციოთ სიახლეების ველში განთავსებულ მასალებს - დავაკვირდეთ გაზიარებულ კონტენტს, ფოტოებს, ვიდეოებს. ტროლები ძირითადად კონკრეტული იდეოლოგიის და გზავნილის შემცველ სტატუსებს აქვეყნებენ, რომლებიც მათი განწყობების და პოზიციების შესახებ ინფორმაციას შეიცავს. ტროლების სიახლეების ველში ხშირად შეხვდებით დეზინფორმაციული, ტაბლოიდური და უცნობი მედია საშუალებების ბმულებს.
ნაბიჯი #3: მონიშნეთ ყალბი პროფილი, რათა თავადაც დაეხმაროთ სხვებს მის ამოცნობაში:
- ხშირად ესა თუ ის ყალბი პროფილი სხვა მომხმარებლის მიერ უკვე იდენტიფიცირებულია, როგორც ტროლი, რაც დამატებით გვეხმარება მათ ამოცნობაში. იმისათვის, რომ თავადაც შეიტანოთ წვლილი ონლაინ სივრცის ტროლებისგან დაცვაში, გადამოწმების შემდეგ თავადაც დატოვეთ კომენტარი, რომელიც სხვა მომხმარებელსაც მისცემს ტროლის იდენტიფიცირების შესაძლებლობას.
Facebook პროფილების ანალიზი: საძიებო სისტემები
ონლაინ ტროლების იდენტიფიცირების დროს, მომხმარებლის პროფილის შესწავლისას, მნიშვნელოვანია მის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მოძიება. ამ პროცესის ეფექტიანობის გაზრდისა და დროის დაზოგვის მიზნით, შეგვიძლია, გამოვიყენოთ ღია ონლაინ რესურსები, რომლებიც Facebook-ზე დარეგისტრირებული ამა თუ იმ მომხმარებლის პროფილის სიღრმისეული ანალიზის საშუალებას უმოკლესი დროის განმავლობაში იძლევა.
Facebook Graph Search (Graph.tips) სასარგებლო საძიებო სისტემაა, რომელიც, მომხმარებლის შესახებ, ფეისბუქის კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად, ღია მონაცემებს გვაწვდის. გარდა ამისა, Facebook Graph Search საშუალებას გვაძლევს, საძიებო სისტემაში ერთდროულად ორი ან მეტი მომხმარებლის მონაცემები ჩავტვირთოთ და შედეგად მათი კავშირები გამოვავლინოთ.
Facebook Graph Search -ის საძიებო სისტემა გვთავაზობს ჩამონათვალს, საიდანაც ჩვენთვის საინტერესო კრიტერიუმის ამორჩევა შეგვიძლია:
-
მომხმარებლის მიერ მოწონებული ან გამოქვეყნებული ფოტოები, ვიდეოები, პოსტები;
-
სხვადასხვა პოსტებზე, ვიდეოებსა და ფოტოებზე მის მიერ დატოვებული კომენტარები;
-
კონტენტი, სადაც ის სხვა მომხმარებლებმა მონიშნეს (tags);
-
მოწონებული გვერდები;
-
გამოყენებული აპლიკაციები;
-
დაწესებულებები რომელსაც ის ესტუმრა;
-
ღონისძიებები, რომელსაც დაესწრო
-
ნათესავები და მეგობრები.
ორი ან მეტი მომხმარებლის მითითების შემთხვევაში, საძიებო სისტემა საშუალებას გვაძლევს მოვძებნოთ:
-
მათ მიერ მოწონებული ფოტოები, Facebook გვერდები;
-
ადგილები, რომლებსაც მომხმარებლები ესტუმრნენ;
-
პოსტები და ფოტოები, სადაც დატოვეს კომენტარები;
-
ფოტოები, რომლებზეც ისინი სხვა მომხმარებლებმა მონიშნეს;
-
საერთო Facebook ჯგუფები;
-
ღონისძიებები, რომლებსაც დაესწრნენ.
ამგვარი ძიება მომხმარებელთა შორის საინტერესო კავშირების დადგენის საშუალებას გვაძლევს, რაც მათი პროფილების ცალ-ცალკე გაანალიზების შემთხვევაში რთული იქნებოდა.
როგორ დავარეპორტოთ ყალბი ანგარიში?
ყალბი ანგარიშის იგივე ტროლის დასარეპორტებლად სულ რამდენიმე ნაბიჯია საჭირო:
-
შევდივართ საეჭვო ანგარიშის პროფილზე, ვაკლიკებთ ზედა მარჯვენა კუთხეში მდებარე სამწერტილს და შემოთავაზებული ოფციებიდან ვირჩევთ “მხარდაჭერის მიღება ან პროფილის გასაჩივრება”.
-
“მხარდაჭერის მიღება ან პროფილის გასაჩივრება”-ზე დაკლიკების შემდეგ გახსნილ ფანჯარაში ვირჩევთ “ყალბ ანგარიშს” და ვაკლიკებთ.
-
როგორ მოვიქცეთ თუ პროფილი სხვის იდენტობას იპარავს?
იმ შემთხვევაში, თუ პროფილი სხვის ვიზუალურ იდენტობას იპარავს, მაშინ მონიშნეთ “საკუთარი თავის გასაღება სხვა ადამიანად”. ასევე ქვემოთ უნდა მიუთითეთ, თუ ვის იდენტობას იპარავს აღნიშნული პროფილი: თქვენს, მეგობრის თუ რომელიმე საჯარო პირის?
იმ შემთხვევაში, თუ ანგარიში თქვენი მეგობრის ან საჯარო პირის იდენტობას იპარავს, შესაბამის ველში ამ პირის ვინაობა უნდა მიუთითოთ.
-
შეკითხვაზე, ეწინააღმდეგება თუ არა პროფილის ქმედება ფეისბუქის საზოგადოებრივ სტანდარტებს, შემდეგი გრაფა უნდა მონიშნოთ: “მე ვთვლი, რომ ეს კონტენტი არღვევს Facebook-ის საზოგადოების სტანდარტებს”.
-
მას შემდეგ, რაც პროფილს დაარეპორტებთ, ფეისბუქი შეგატყობინებთ, რომ თქვენი შეტყობინება მიღებულია და ის განხილვაშია. განხილვამდე ფეისბუკი ასევე რამდენიმე ოფციას გთავაზობთ: კერძოდ, დარეპორტებული პროფილი დაბლოკოთ, ან გამოწერა გაუუქმოთ ან მეგობრებიდან წაშალოთ, რაც ინდივიდუალურად თქვენი გადასაწყვეტია.