თემები

მედიის მფლობელობის და დაფინანსების გამჭვირვალობა

დემოკრატიულ საზოგადოებაში მედიის საკუთრებისა და დაფინანსების გამჭვირვალობა ძლიერი პლურალიზმის აუცილებელი ინსტრუმენტებია. მედია პლურალიზმის ფართო გაგება, სხვა საკითხებთან ერთად, ეკონომიკურ განზომილებასაც მოიცავს, რამაც შესაძლოა, მედია გამოცემების სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფის და ფუნქციონირების რისკები შექმნას. მფლობელობისა და დაფინანსების წყაროების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია შესაძლებლობას გვაძლევს, მედია ბაზრის სიცოცხლისუნარიანობა შევაფასოთ და განვსაზღვროთ, თუ რამდენად ახდენენ გავლენას სარედაქციო გადაწყვეტილებებზე პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები, მათ შორის მედია საშუალებების მფლობელები და რეკლამის დამკვეთები.

“მედია პლურალიზმისა და მედია მფლობელობის გამჭვირვალობის შესახებ” ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია CM/Rec(2017x)xx, მედია გამოცემების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობის უზრუნველყოფისა და მედიის ანგარიშვალდებულების გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, წევრი სახელმწიფოებისათვის სპეციალურ კრიტერიუმებს ადგენს. ევროპის საბჭო წევრ სახელმწიფოებს ისეთი კანონმდებლობის მიღებისა და განხორციელებისაკენ მოუწოდებს, რომელიც შემდეგი ინფორმაციის გამჟღავნების ვალდებულებას დააწესებს:

  • მედიის შემოსავლების წყაროების, მათ შორის სახელმწიფოს და დაფინანსების სხვა მექანიზმების, ასევე (სახელმწიფო) რეკლამის შესახებ;
  • სხვა მედია საშუალებებთან ან სარეკლამო კომპანიებთან, პოლიტიკურ პარტიებთან ან სახელმწიფოსთან არსებული სტრუქტურული ან სახელშეკრულებო თანამშრომლობის შესახებ, მათ შორის სახელმწიფოს მიერ დაკვეთილ რეკლამასთან მიმართებით.

ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებულ სახელმძღვანელო პრინციპებში მოცემულია რამდენიმე რეკომენდაცია წევრი სახელმწიფოებისათვის იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გახდეს მედიის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი საზოგადოებისათვის, მათ შორის ადგილობრივ კანონმდებლობაში შესაბამისი დებულების ინტეგრირების გზით.

  • სახელმძღვანელო პრინციპი #1: მედიის შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობა: “ეს უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ დაცული იყოს იმ პირთა ან ორგანოების უფლებები და ლეგიტიმური ინტერესები, რომელთაც კანონით გამჭვირვალობის ვალდებულება აქვთ. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გამჭვირვალობის ვალდებულების დაბალანსებას ვაჭრობისა და ინდუსტრიის თავისუფლების პრინციპთან მიმართებით, ასევე მონაცემთა დაცვის, კომერციული საიდუმლოების დაცვის, მედიის ინფორმაციის წყაროს კონფიდენციალობის და სარედაქციო საიდუმლოების დაცვასთან მიმართებით.” 
  • ამავდროულად, ასეთი კანონმდებლობის შემუშავების წინაპირობა სხვადასხვა ტიპის მედია საშუალებების მიმართ (სამაუწყებლო, ბეჭდური და ონლაინ მედია) განსხვავებული რეგულაციებისა და პოლიტიკის არსებობას გულისხმობს. რეკომენდაციის მიხედვით, ვალდებულებების ზღვარი შეიძლება ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით განისაზღვროს, როგორიცაა მედია საშუალების კომერციული ხასიათი, ფართო აუდიტორიაზე წვდომა, სარედაქციო კონტროლის განხორციელება, გამოცემის ან ტრანსლაციის სიხშირე და სისტემატურობა და სხვ. 

 

სამაუწყებლო მედია

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების მოდელები

 

ონლაინ მედია

 

ბეჭდვითი მედია