ისტორიის გაყალბება
ისტორიის გაყალბება პროპაგანდის ერთ-ერთი გვრცელებული მეთოდია, რა დროსაც დაინტერესებული მხარე, პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ისტორიული ფაქტების უარყოფას და წარსულის რევიზიას ახდენს. ამ მიზნით ისტორიული დოკუმენტების, სტატისტიკის, წყაროების გაყალბება, ხო ლო არასანდო წყაროების ლეგიტიმურად წარმოჩენა ხდება. ისტორიით მანიპულირება მეტწილად პოლიტიკურ მიზნებს - საზოგადოების მობილიზება, მტრის ხატის შექმნა, მოწინააღმდეგის დემონიზება, ძლიერების ილუზიის შექმნა და სხვა - ისახავს. აკადემიურ სივრცეში ამ მეთოდს “ნეგაციონიზმს”, “უარყოფას” და “რევიზიონიზმს” უწოდებენ.
ისტორიული რევიზიონიზმი (ნეგაციონიზმი)
ისტორიული რევიზიონიზმი მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტების უარყოფის, დაკნინების ან უგულვებელყოფის გზით, ისტორიის გადაწერის და ხელახალი ინტერპრეტირების მცდელობაა.
ისტორიით მანიპულირების 4 ძირითადი კატეგორია შეიძლება გამოვყოთ:
-
ავტორიტარული რეჟიმების მიერ ჩადენილი დანაშაულებების უარყოფა ან გამართლება;
-
ავტორიტარი მმართველების გაიდეალება/რომანტიზება;
-
ისტორიული ტრავმების გაღვივება;
-
წარსულის მიმართ ნოსტალგიის გაღვივება.
ავტორიტარული რეჟიმების მიერ ჩადენილი დანაშაულების უარყოფა ან გამართლება
ავტორიტარული რეჟიმების მიერ ჩადენილი დანაშაულების უარყოფა ისტორიული ნეგაციონიზმის მთავარი მიმართულებაა. ეს მეთოდი არა მხოლოდ თანამედროვე პროპაგანდისტების, არამედ თავად დიქტატორების მიერაც გამოიყენებოდა. არცერთ ავტორიტარ მმართველს არ სურდა, რომ მასობრივი დანაშაულებების შესახებ ინფორმაცია გავრცელებულიყო. ისტორიის უარყოფა მხოლოდ წარსულის მოვლენებს არ ეხება, როგორიცაა, მაგალითად, ჰოლოკოსტის უარყოფა. უარყოფის მაგალითია ასევე ბაშარ ალ-ასადის მიერ სირიაში სამოქალაქო პირების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური თავდასხმის ფაქტის ეჭვქვეშ დაყენება.
მაგალითები:
1. გოლოდომორის უარყოფა
2. კატინის მოვლენების გაყალბება
3. ასადის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების უარყოფა
თუ გარკვეული ჯგუფები მასობრივ დანაშაულებს უარყოფენ და ისტორიიდან მისი კვალის წაშლას ცდილობენ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ მოვლენებს არ უარყოფენ, თუმცა სხვადასხვა მიზეზით ამართლებენ. ამ მეთოდის ნაწილია ასევე კონტრბრალდებები ( whataboutism) და ტრივიალიზაცია.
კონტრბრალდებები (Whataboutism) არის ტექნიკა, რომელიც ბრალდებებზე ან რთულ საკითხებზე პასუხის გაცემის ნაცვლად ან საპირისპირო ბრალდებებს აყენებს, ან სხვა საკითხზე გადააქვს აქცენტი, რაც არასწორი შედარებებისა და მანიპულაციური მორალური მსჯელობების გზით, კრიტიკის ობიექტიდან ყურადღების გადატანას ან/და ამ ობიექტის გამართლებას ცდილობს.
ტრივიალიზაცია მომხდარის გაუფასურება/გაუბრალოებას გულისხმობს.
მაგალითები:
1. სტალინის და 1937 წლის რეპრესიების გამართლება;
2. საბჭოთა ჯარების მიერ ლიტვას ოკუპაციის გამართლება;
3. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის გამართლება
დიქტატორების და ავტორიტარული რეჟიმების გაიდეალება/რომანტიზება
ხშირია, როგორც დიქტატორების, ასევე ავტორიტარული რეჟიმების გაიდეალება. ეს არა მხოლოდ პროპაგანდისტული ჯგუფებისთვის, არამედ პოპ-კულტურისთვისაც არის დამახასიათებელი, როდესაც, მაგალითად, ფიდელ კასტროს, ჩე გევარას, კომუნისტური სიმბოლოების სხვადასხვა ფორმით რომანტიზება ხდება, იქნება ეს მაისურები, ვიზუალური მიმბაძველობა თუ სხვა. ქართული რეალობისთვის საბჭოთა ლიდერების რომანტიზებაა დამახასიათებელი.
მაგალითები:
1. სტალინის ეკლესიების აღმშენებლად და რელიგიურ პიროვნებად წარმოჩენა
2. ლავრენტი ბერიას გაიდიალება
3. მუამარ კადაფის იდეალიზება, რომ მან სოციალურად დაცული სახელმწიფო შექმნა
ისტორიული ტრავმების გაღვივება
ფსიქოლოგები და სოციოლოგები ისტორიულ ტრავმას განმარტავენ, როგორც მრავალთაობიან ტრავმას, რომელსაც კონკრეტული კულტურული ჯგუფები განიცდიან. ისტორიული ტრავმა კუმულაციური და კოლექტიურია და სხვადასხვა კულტურულ ჯგუფებში ემოციურ და ფსიქოლოგიურ მანიფესტაციას ახდენს. ფსიქო-სოციალურის გარდა, ისტორიულ ტრავმას პოლიტიკური განზომილებაც ახასიათებს, როდესაც კონკრეტული ჯგუფების წინააღმდეგ ისტორიული ტრავმების გაღვივება პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება. ამ მეთოდის სამიზნე ყველა ის ქვეყანაა, სადაც ქვეყნებს შორის უნდობლობისა და დაძაბულობის დასათესად შესაბამისი ნიადაგი არსებობს.
ისტორიული ტრავმის გაღვივებისთვის დამახასიათებელია წარსულის მოვლენების და პრობლემების თანამედროვე კონტექსტში გადმოტანა და კონკრეტული ეთნიკური თუ ეროვნული ჯგუფის, ასევე სახელმწიფოს წინააღმდეგ ემოციურ ნიადაგზე შუღლის გაღვივება. ამ დროს ხშირად სიძულვილის ენის გამოყენება და რეალური პრობლემებიდან ყურადღების წარსულზე გადატანა, ასევე ცალკეული ჯგუფების წინააღმდეგ საზოგადოების მობილიზება ხდება.
ისტორიული ტრავმის გაღვივების ნარატივების მაგალითები:
1. საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შემთხვევაში, სამცხე-ჯავახეთში თურქეთის ჯარს განათავსებენ, რასაც ეთნიკურ სომხებსა და თურქებს შორის კონფლიქტი მოჰყვება;
2. თუ რუსეთი ოკუპანტია, თურქეთიც ოკუპანტია;
3. 2021 წელს ყარსის ხელშეკრულებას ვადა გასდის, რუსეთი აღარ იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლოანობის გარანტი და აჭარის ტერიტორია კვლავ თურქეთის ნაწილი გახდება.
4. აღმოსავლეთ კარპატეთი უკრაინის შემადგენლობაში არ უნდა იყოს, ამიტომ მას ავტონომია ეკუთვნის.
5. უკრაინა პოლონეთის ისტორიული მტერია. დღეს უკრაინაში ფაშიზმი მძვინვარებს, ხოლო ხელისუფლებაში იმ ადამიანების შთამომავლები არიან, ვინც პოლონელების მასობრივი მკვლელობები განახორციელა
წარსულის მიმართ ნოსტალგიის გაღვივება
საბჭოთა კავშირის მიმართ ნოსტალგიის გაღვივება და ისტორიული ფაქტების გაყალბების გზით არასწორი წარმოდგენების შექმნა პროპაგანდის ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც განსაკუთრებით აქტიურად საბჭოთა წარსულის მქონე ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც გამოიყენება. ამ მეთოდის ნაწილია საბჭოთა ძლიერების წარმოჩენა და ტოტალიტარი ლიდერების მხოლოდ მათ მიერ გატარებული სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების ჭრილში განხილვა, ამ რეფორმების იდეალიზება. მკვიდრდება წარმოდგენები, რომ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში საქართველო ძლიერი და განვითარებული სახელმწიფო იყო. ამ დროს ხდება ფატების და სტატისტიკური მონაცემების უარყოფა ან კონტექსტის გარეშე აუდიტორიისთვის მიწოდება.
მაგალითები:
1. სტალინი ყველაზე დემოკრატიული მმართველი იყო,
2. საბჭოთა კავშირში სიტყვის თავისუფლება დაცული იყო,
3. სტალინმა ჭიათურა ააშენა
როგორ მოვახდინოთ ისტორიის გაყალბების შემთხვევების იდენტიფიცირება და გადამოწმება?
ისტორიის გაყალბების შემთხვევების გამოსავლენად და გადასამოწმებლად მნიშვნელოვანია მასალაში მოყვანილი წყაროების კრიტიკული გაანალიზება და წყაროების სანდოობის შეფასება. როგორც წესი, ამ დროს მასალის ავტორები ან 1) არასანდო წყაროებს იყენებენ, ან 2) კონტექსტის გარეშე ავთენტური წყაროების მანიპულაციურ ინტერპრეტირებას ახდენენ.
-
არასანდო წყაროებად უცნობ, სანდო რეპუტაციის არმქონე და სპეციალურად შექმნილ რესურსებს იყენებენ. მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ-ენციკლოპედია Wikipedia საკმაოდ ცნობილი და დამკვიდრებული რესურსია, თავად ამ პლატფორმის ფორმატიდან გამომდინარე, ის სანდო წყაროდ ვერ ჩაითვლება, რადგან Wikipedia-ზე განთავსებული სტატიის რედაქტირება ნებისმიერ პირს ნებისმიერ დროს შეუძლია. ამ გარემოების გამო თავად Wikipedia უთითებს საკუთარ გვერდზე, რომ ის სანდო წყაროდ ვერ ჩაითვლება, რადგანაც იქ განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა, დამუშავების პროცესში იყოს ან არ შეესაბამებოდეს სიმართლეს. აღსანიშნავია, რომ Wikipedia მოხალისეობრივი პროექტია და ის მუდმივად არ კონტროლდება. როგორც წესი, Wikipedia-ს სტატიებში თითოეულ ინფორმაციას სქოლიოში წყარო აქვს მითითებული. გადადით ამ წყაროებზე, შეამოწმეთ მათი სანდოობა და დარწმუნდით ინფორმაციის სიზუსტეში.
-
ხშირია, როდესაც ისტორიული წყაროები თუ დოკუმენტები, რომლებსაც მასალაში უთითებენ, ავთენტურია, თუმცა მათი ანალიზი და ინტერპრეტირება მანიპულაციურად, კონტექსტის დამახინჯებით ხდება, ან ინფორმაცია ცალმხრივად არის წარმოდგენილი. ამის ერთ-ერთი მაგალითია უკრაინაში საბჭოთა ხელისუფლების მიერ ხელოვნურად მოწყობილი დიდი შიმშილობის (გოლოდომორი) იმის საფუძველზე უარყოფა, რომ სამოქალაქო რეესტრში (ЗАГС) გარდაცვალებათა რაოდენობა შიმშილობის მსხვერპლთა რაოდენობას არ შეესაბამება და ის საგრძნობლად ნაკლებია. ამ მტკიცებაში გამოტოვებულია ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტები, რომ ЗАГС-ი მონაცემებს სრულფასოვნად არ აღწერდა, ხოლო სტატისტიკის ცენტრალური სამმართველოს მოსახლეობის განყოფილების უფროსის მოადგილე მიხაილ კურმანი 1937 წელს, მოსახლეობის საყოველთაო აღწერის გაყალბების მოტივით, სტალინმა დააპატირმა და 10 წლით საკონცენტრაციო ბანაკში გადაასახლა.
აშშ-ის ჰოლოკოსტის მემორიალურმა მუზეუმმა ისტორიული წყაროების შეფასების მოკლე გზამკვლევი გამოაქვეყნა. ისტორიული მოვლენების აღწერისას პირველადი და მეორადი წყაროები გამოიყენება. მათი ანალიზის დროს ყურადღება უნდა მიაქციოთ 3 ასპექტს: სანდოობას, კონტექსტი და პერსპექტივა.
1. სანდოობა. სანდო წყარო:
-
არ ეყრდნობა ერთ წყაროს და იყენებს მრავალ დადასტურებულ წყაროს, განსაკუთრებით პირველად წყაროებს, ანუ დოკუმენტებს უშუალოდ იმ პერიოდიდან, როდესაც თქვენთვის საინტერესო ისტორიული მოვლენა მოხდა.
-
ციტირებს წყაროებს დეტალურად და არ ცდილობს მათ მიჩქმალვას.
-
ითვალისწინებს თითოეული წყაროს მოტივაციასა და ლოგიკას.
-
ახდენს მოვლენის დოკუმენტირებას მოწმეთა ჩვენებების დასადასტურებლად.
გაიაზრეთ, რატომ დაიწერა კონკრეტული ტექსტი, ვინ არის მისი ავტორი, ვინ არის ტექსტის სამიზნე აუდიტორია, არის თუ არა ის მიკერძოებული, მიჰყვება თუ არა ტექსტი ლოგიკურ მსჯელობას.
2. კოტექსტი. სანდო წყარო:
-
ყურადღებას ამახვილებს მოვლენის გარემოებებზე, ქრონოლოგიაზე და გონივრულობაზე.
-
იკვლევს პოლიტიკურ გარემოებებს და ფიზიკურ გეოგრაფიას.
3. პერსპექტივა. სანდო წყარო:
-
თავს არიდებს ანაქრონისტულ (ქრონოლოგიურად შეუსაბამო) მსჯელობას და არ ხსნის მოვლენას შემდგომი პერსპეტივის გათვალისწინებით.
-
ხსნის მოვლენას იმ დროს არსებული ინფორმაციის, ტექნოლოგიებისა და სოციალური ჩვევების და არა 21-ე საუკუნის სტანდარტების საფუძველზე.