თემები

მედიის თვითრეგულირება

მედიის თვითრეგულირება საზოგადოების პასუხისმგებლობის მოდელის შემადგენელია, რომლის თანახმად, ერთი მხრივ, მედია საშუალებები თავისუფალი უნდა იყვნენ, როგორც სახელმწიფო მფლობელობაში ყოფნისგან, ასევე სახელმწიფო კონტროლისაგან, მეორე მხრივ, მედია არ უნდა იყოს მხოლოდ კომერციულ მოგებაზე ორიენტირებული ინსტიტუტი და უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას საზოგადოების ყველა სოციალური ჯგუფის წინაშე, ითვალისწინებდეს მათ საჭიროებებსა და მოთხოვნებს. 


საზოგადოების პასუხისმგებლობის მოდელი გულისხმობს, რომ მედია ანგარიშვალდებული იყოს საზოგადოების წინაშე და მოახდინოს რეაგირება მედია მომხმარებლის პრეტენზიებზე მედია შინაარსთან დაკავშირებით. საზოგადოებასა და მედიას შორის თანამშრომლობა თომას ჰობსის “სოციალური კონტრაქტის” პრინციპებს ეფუძნება: ვინაიდან ადამიანის ინტერესებზე გავლენას არა მხოლოდ მისი ქმედება, არამედ სხვა ადამიანთა ქმედებებიც ახდენს, მნიშვნელოვანია ადამიანები ერთმანეთში შეთანხმდნენ წესებზე და არ დაარღვიონ ეს წესები; ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია გარკვეულ ქმედებაზე, ამასთანავე ანგარიშვალდებულია აღნიშნული ქმედების შედეგებზე; პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი შედარებით ავტონომიურია ან თავისუფალია მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც მის სამუშაოს უკავშირდება, გარე ზეწოლისა და გავლენის გარეშე. ავტონომიურობა კი პროფესიონალიზმის განსაზღვრებაში ცენტრალურია.

ჟურნალისტებს აქვთ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ამბების გაშუქების პასუხისმგებლობა, რომლის ნაწილია ობიექტური თვალსაზრისის სამართლიანად და დაბალანსებულად წარმოდგენა. ანგარიშვალდებულება დაკავშირებულია ისეთი ქმედებების გაკიცხვასთან ან წახალისებასთან, რომლებიც, როგორც წესი, აღიარებულ პასუხისმგებლობას უკავშირდება. მედიის წარმომადგენლების ეთიკური ქმედება უკავშირდება მათ მორალურ ვალდებულებებს:

  • საკუთარი თავის წინაშე - რათა დაიცვას საკუთარი რეპუტაცია;
  • კლიენტების წინაშე - დაიცვას კონტრაქტი და კლიენტების სახელით იმოქმედოს პროფესიონალურად;
  • ორგანიზაციისა და დამქირავებლის წინაშე - იმოქმედოს ორგანიზაციის მიზნებისა და პოლიტიკის შესაბამისად;
  • პროფესიისა და პროფესიონალი კოლეგების წინაშე - დაიცვას პროფესიული სტანდარტები და რეპუტაცია;
  • საზოგადოების წინაშე - გაითვალისწინოს საზოგადოებრივი საჭიროებები და მოთხოვნები.

მედიის მიერ მიღებულ ეთიკურ გადაწყვეტილებებს გავლენა აქვს ადამიანთა დიდ რაოდენობაზე, პროფესიონალიზმის მნიშვნელოვანი კომპონენტი კი არის ორიენტირება საზოგადობრივ სამსახურზე. საზოგადოებრივი სამსახურის ეთიკის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოვლინებაა ჟურნალისტური თვითრეგულირების მექანიზმების არსებობა.

ჟურნალისტური თვითრეგულირება მნიშვნელოვანია, რადგან:

  • ის იცავს სარედაქციო დამოუკიდებლობას;
  • ამცირებს სახელმწიფოს ჩარევას;
  • ხელს უწყობს მედიის ხარისხის გაუმჯობესებას და პროფესიისადმი სანდოობის გაზრდას;
  • მედიის ანგარიშვალდებულების დემონსტრირებაა;
  • საშუალებას აძლევს საზოგადოებას, იცოდეს, თუ რას უნდა მოელოდეს ობიექტური და კეთილსინდისიერი მედიისგან;
  • საშუალებას აძლევს საზოგადოებას, ხელი მიუწვდებოდეს მედიაზე.

არსებობს 3 ტიპის თვითრეგულირება:

  • ინსტიტუციონალიზებული - პრესის საბჭოები;
  • არაინსტიტუციონალიზებული - მედია საშუალებების შიდა რეგულაციები, ინდივიდუალური ომბუდსმენები;
  • შერეული რეგულირება - კანონის საფუძველზე მარეგულირებელთან ან მაუწყებლებთან შექმნილი გასაჩივრების კომისია.

ინსტიტუციონალიზებული რეგულირება - პრესის საბჭო

 

არაინსტიტუციონალიზებული რეგულირება

 

შერეული რეგულირება