კიბერბულინგი
I. რა არის კიბერბულინგი?
კიბერბულინგი (Cyber Bullying) არის ერთი ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მიერ, ციფრული კომუნიკაციის საშუალებით (მობილური ტელეფონი, ტაბლეტი, კომპიუტერი, ინტერნეტი და ა.შ.), სხვა ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის დამცირება, მათ შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელება, პერსონალური მონაცემების არანებაყოფლობითი გამჟღავნება, დაცინვა, ადევნება, შეურაცხყოფა, შევიწროება, ემოციური და ფსიქოლოგიური ზეწოლა, მუქარა, დაშინება, რაც მის/მათ გულისტკენას, გაბრაზებას, შეშინებას და/ან წყენას იწვევს.
ვინ არიან კიბერბულინგში ჩართული სუბიექტები?
კიბერბულინგის ძირითადი არხებია:
- სმს/ მოკლე ტექსტური შეტყობინება;
- ონლაინ მესენჯერი/ჩათი;
- ელექტრონული ფოსტა;
- სოციალური მედია;
- ონლაინ ფორუმი;
- ონლაინ თამაში.
კიბერბულინგის ფორმები და ტაქტიკა:
კიბერბულინგის მოსალოდნელი შედეგები
- ემოციურ-ფსიქოლოგიური: დეპრესია, უხერხულობა, დარდი, ნერვიულობა, იმედგაცრუება, ბრაზი, აგრესია, თავდაჯერების დაკარგვა, დაბალი თვითშეფასება, შიში - ასეთი ემოციურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა, თავის მხრივ, უარყოფას, ჩაკეტვას, ოჯახში, სკოლაში და მეგობრებთან პრობლემებს, დაბალ აკადემიურ მოსწრებას იწვევს. ზოგ შემთხვევაში მოზარდი აგრესიული - ხოლო მისი ქცევა ძალადობრივი ხდება.
- ფიზიკური: თვითდაზიანება, თვითტკივილის მიყენება, თვითმკვლელობაზე ფიქრი, მცდელობა და აღსრულება.
ზოგიერ ქვეყანაში კიბერბულინგი სისხლის სამართლის დანაშაულია. ქართულ კანონმდებლობაში კიბერბულინგზე სპეციალური ჩანაწერი არ არსებობს, მაგრამ დანაშაულის კვალიფიცირება მუქარის, ადევნების ან თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის შესაძლებელი.
როგორ ამოვიცნოთ კიბერბულინგი?
- მოულოდნელად შეწყვეტს ტელეფონის, კომპიუტერის, სოციალური მედიის გამოყენებას ან ამ პროცესში ნერვიულდება;
- მესიჯის, ჩეთის, სოციალური მედიის გამოყენების ან თამაშის შემდეგ ავლენს გაბრაზებას, იმედგაცრუებას, დეპრესიას, თავის თავში ჩაკეტვას;
- აღარ უნდა სკოლაში წასვლა ან გარეთ გასვლა;
- არ სურს საუბარი, განსაკუთრებით მის ონლაინ აქტივობებზე.
მოზარდი შეიძლება, ახორციელებს კიბერბულინგს, თუ:
- უეცრად კეცავს ეკრანს ან მალავს მობილურ ტელეფონს/ტაბლეტს;
- კომპიუტერს/ტელეფონს/ტაბლეტს მთელი ღამე იყენებს;
- ძალიან ღიზიანდება, თუ კომპიუტერს/ტელეფონს/ტაბლეტს რაიმე მიზეზით ვერ იყენებს;
- არ საუბრობს იმაზე, თუ რას აკეთებს ონლაინ;
- შექმნილი აქვს და იყენებს რამდენიმე ანგარიშს ან აქვს სხვისი სახელზე გახსნილი ანგარიში
როგორ დავიცვათ თავი კიბერბულინგისგან?
პრევენციისთვის:
- დაიცავით კიბერუსაფრთხოების წესები (იხ. კიბერუსაფრთხოება);
- სიფრთხილით მოეკიდეთ პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროვებას, (ოჯახის წევრების სახელები, სკოლა, რომელშიც სწავლობთ, ტელეფონის ნომერი, მისამართი, იმწუთიერი ადგილსამყოფელი და სხვა);
- ტელეფონის, ტაბლეტის, აპლიკაციის, სოციალური მედიის (ფეისბუქი, ინსტაგრამი, ტვიტერი, სნაპჩატი და ა.შ.) კონფიდენციალურობის პარამეტრები (Privacy Settings) დააყენეთ ისე, რომ აკონტროლოთ, ვის შეუძლია თქვენთან დაკონტაქტება, თქვენს პირად სივრცეში (კედელზე) პოსტის ან კომენტარის დატოვება ან მისი გაზიარება. ასევე ყურადღებით აირჩიეთ, ვის ანიჭებთ თქვენს მიერ გავრცელებულ ფოტოებზე, ვიდეოებსა თუ სხვა კონტენტზე წვდომას;
- ყურადღებით მოეკიდეთ, ვის უმეგობრდებით ონლაინ. დაიმეგობრეთ მხოლოდ ის ადამიანები, ვისაც პირადად იცნობთ და ენდობით;
- დაფიქრდით, სანამ რამეს დაპოსტავთ ან დააკომენტარებთ. გახსოვდეთ, ონლაინ სივრცეში არაფერი იკარგება. ერთხელ დაპოსტილი ან დატოვებული კომენტარი სამუდამოდ რჩება და ის შეიძლება, თქვენთვის არასასურველმა პიროვნებამ ნახოს;
- კიბერადევნების თავიდან აცილების მიზნით, თავი შეიკავეთ თქვენი ადგილსამყოფელის გაზიარებისგან. მოგზაურობასთან, კონცერტებთან და ა.შ. დაკავშირებული პოსტები და სურათები მოგვიანებით გააზიარეთ, უმჯობესია სახლში დაბრუნების შემდეგ. გამორთეთ ლოკაციის ფუნქცია (GPS Location Service) და ვიდეოკამერა, როდესაც მას არ იყენებთ.
რეაგირებისთვის:
- არასდროს არ გაავრცელოთ ან მოიწონოთ/დაალაიქოთ კიბერბულინგის შემცველი პოსტი, სურათი, ვიდეო, კომენტარი და ა.შ. ამით თქვენ ბულინგის შემსწრე და შესაძლოა, მონაწილეც ხდებით;
- თუ ინტერნეტსივრცეში თქვენთვის რაიმე მიუღებელს ნახავთ ან წაიკითხავთ, აუცილებლად განაცხადეთ ამის შესახებ;
- არ უპასუხოთ კიბერბულინგს. როდესაც საქმე ეხება შედარებით მსუბუქი ხასიათის კიბერბულლინგს, როგორიცაა სასაცილო სახელის შერქმევა, მსუბუქი შეურაცხყოფა, მწარე ხუმრობა, დაცინვის მარტივი მცდელობა, შეეცადეთ, უპასუხოდ დატოვოთ ასეთი გზავნილები. კიბერ-ბულინგის გამტარებლის/მოძალადის მიზანი ხომ სწორედ თქვენთვის წყენის და ემოციური ზიანის მოყენებაა. თქვენი პასუხი კი მისთვის ნიშანი იქნება, რომ მან მიზანს მიაღწია. უპასუხოდ დარჩენილი მცდელობები მოძალადეს ბულინგის გაგრძელების სურვილს უკარგავს;
- არ წაშალოთ კიბერბულინგის შემცველი მესიჯები და მათი ე.წ. სქრინშოთები შეინახეთ. მნიშვნელოვანია პოსტების, კომენტარების, მესიჯების თარიღების და თანმიმდევრობის დოკუმენტირებაც, რაც საბოლოო ჯამში გამოძიებას სიმართლის და დამნაშავის დადგენაში დაეხმარება, საიტის ადმინისტრაციას კი - ანგარიშის დაბლოკვაში ან სხვა სახის რეაგირებაში;
- გამოიყენეთ კონტაქტის დაბლოკვის ფუნქცია ტელეფონში, სოციალურ მედიაში თუ ე.წ. ჩათის სივრცეებში;
- განაცხადეთ პრობლემის შესახებ. სერვისს პროვაიდერებს, სოციალურ მედიას და ვებგვერდებს მსგავსი პრობლემის გაცხადებისთვის სპეციალური საკომუნიკაციო არხები აქვთ;
- კიბერბულინგის შესახებ აცნობეთ მშობელს, სკოლას, სკოლის უსაფრთხოების სამსახურს (მანდატური), პოლიციას (112).
როგორ ვებრძოლოთ კიბერბულინგს?
მშობლის როლი. ხშირად მშობლები ფიქრობენ, რომ ინტერნეტის მოხმარების აკრძალვა ან მკაცრი კონტროლი გამოსავალი და კიბერბულინგის პრევენციის საშუალებაა. რეალურად შეუძლებელია და არამართებულიცაა, თანამედროვე მოზარდს ინტერნეტით სარგებლობა აუკრძალო, ან 24 საათის განმავლობაში აკონტროლო. საუკეთესო გამოსავალი ამ მხრივაც მშობლისა და შვილს შორის გახსნილი ურთიერთობა და ნდობის ატმოსფეროა. მშობელი ყველაზე უკეთესად გაუგებს შვილს, თუკი იგი მისი პრობლემების, მათ შორის ონლაინ ურთიერთობების შესახებ მოუყვება. მშობელიც, თავის მხრივ, ვალდებულია, მაქსიმალურად გამონახოს დრო შვილთან ურთიერთობისთვის, მოუსმინოს მას და უპირობო სიყვარული და მხარდაჭერა გამოავლინოს. მოზარდს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ მშობელი მას დაეხმარება და სიტუაციას არ დაამძიმებს. თუკი მოზარდის მიმართ უკვე ფიზიკური ზიანის საფრთხე იკვეთება, მშობელი, შვილთან შეთანხმებით, პოლიციას ატყობინებს და დაცვის შესაბამის ზომებს ითხოვს.
როცა მშობელი/სკოლა აღმოაჩენს, რომ მოზარდი თავად ახორციელებს კიბერბულინგს, პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ იგი სოციოპათი ან მოძალადე კი არ არის, არამედ ზოგ ბავშვს თანაგრძნობის უნარი აკლია და შეცდომებს უშვებს. პირველ რიგში, კიბერბულინგის განმახორციელებელს მშობელმა, მასწავლებელმა, მეგობარმა უნდა მიუთითოს, რომ ონლაინ სივრცეშიც ზუსტად ისეთივე ტკივილი და ზიანი შეიძლება მიაყენოს სხვა ადამიანს, როგორც რეალურ ცხოვრებაში და მას ისევე მოუწევს შედეგებზე პასუხისგება, როგორც ეს ფიზიკური ზიანის ან ტკივილის მიყენებისას ხდება.
სკოლის როლი. ყველა ფორმის ბულინგის, მათ შორის კიბერბულინგის საწინააღმდეგო პოლიტიკის და სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება სკოლის პასუხისმგებლობა უნდა იყოს. სკოლას უნდა ჰქონდეს ბულინგის მიმართ გამოკვეთილი ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა, რომლის შემუშავებასა და განხორციელებაში სკოლის უფროსკლასელთა ჩართვა აქტიურად უნდა მოხდეს. როდესაც სკოლას ბულინგის მიმართ მკაცრი პოლიტიკა ექნება შემუშავებული, თითოეულ მოსწავლეს ეცოდინება, რომ მორალური პასუხისმგებლობის გარდა, კიბერბულინგის განხორციელების გამო, მათ მიმართ დისციპლინარული პასუხისმგებლობა აუცილებლად დადგება.
კიბერბულინგთან ბრძოლის შემადგენელია სკოლებში ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების სწავლება. ასევე მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლების აქტივობები, როგორიცაა კიბერბულინგის საწინააღმდეგო პოსტერების დახატვა, ძირითადი საკომუნიკაციო მესიჯების შექმნა და გავრცელება მოსწავლეების ჩართულობით.
II. ონლაინთამაშები და კიბერბულინგის საფრთხე
თანამედროვე თინეიჯერთა დაახლოებით 72% ონლაინ თამაშობს. ვიდეოთამაშების უმრავლესობა მათ საშუალებას აძლევს, ნაცნობ და უცნობ ადამიანებს ეთამაშონ და თამაშის პარალელურად, ჩათის საშუალებით, ონლაინ კომუნიკაცია დაამყარონ. ონლაინ თამაშებს დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. დადებითია გართობა, მეგობრების შეძენა, სოციალიზაცია, სტრატეგიული აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევების განვითარება. უარყოფითია მიჩვევა, დროზე კონტროლის დაკარგვა და ა.შ., ამასთან ალბათობა, რომ ვიდეოთამაში შეიძლება კიბერბულინგის წყაროდ/სივრცედ იქცეს.
ვიდეოთამაშის მომხმარებელი(user) შეიძლება, ანონიმი იყოს, დარეგისტრირდეს ავატარით/ალტერ ეგოთი, რომელიც მოზარდის ალტერნატიულ, “გამოგონილ სახეს” წარმოადგენს. ეს გარკვეულწილად სახალისოცაა, მაგრამ ამით მოზარდებს საშუალება ეძლევათ, ანონიმურად დასცინონ, შეურაცხყოფა მიაყენონ, დაემუქრონ სხვა მოთამაშე მოზარდებს. დამცირების მიზეზი შეიძლება გახდეს თუნდაც ის, რომ მოთამაშემ რაღაც კარგად ვერ გააკეთა ან დამარცხდა. ასევე ხშირია შემთხვევა, როდესაც ერთის დაცინვა ჯგუფურ კიბერ-ბულნგში გადაიზრდება, რაც შესაძლოა, მსხვერპლის თამაშიდან გაგდებითაც დასრულდეს, ან ბულინგმა სოციალურ მედიაში და კომუნიკაციის სხვა არხებშიც გადაინაცვლოს. მოთამაშეთა და შესაბამისად, კიბერბულინგის გამტარებელთა ანონიმურობა მოძალადის იდენტიფიკაციას ართულებს, რის გამოც, ონლაინ თამაშები პედოფილების და სხვა კიბერმოძალადეებისთვის მომავალი მსხვერპლის მოძებნის ან მსხვერპლთან ურთიერთობის ადგილიცაა. კიბერდამნაშავემ თამაშის დროს შესაძლოა, გაავრცელოს რაიმე ბმული, რომელზე გადასვლაც იმ მოთამაშის კომპიუტერში შეღწევის (ან შეღწევის განცდის გაჩენის) და მონაცემებით მანიპულირების შესაძლებლობას აძლევს.
ონლაინ თამაში-გამოწვევები
კიბერბულინგის თვალსაზრისით, ონლაინ თამაშების კიდევ უფრო მძიმე ფორმაა ე.წ. თამაში-გამოწვევები (Challenge), რომლებიც ბოლო ათწლეულის მანძილზე შეიქმნა და ბავშვთა თვითდაზიანებები და თვითმკვლელობები გამოიწვია. ასეთი თამაში-გამოწვევებია:
- "ლურჯი ვეშაპი",
- "მომო",
- "ჩარლი-ჩარლი",
- "მარილისა და ყინულის გამოწვევა",
- "დარიჩინის გამოწვევა" და სხვა.
თამაში-გამოწვევების იდენტიფიცირება შემდეგი მახასიათებლებით შეიძლება:
- ის არ წარმოადგენს კლასიკური გაგებით ონლაინ - თამაშს, რომელიც შეიძლება მედიამატარებლით იყიდებოდეს ან ონლაინ ვრცელდებოდეს;
- რეგისტრაცია საჭირო არ არის და, შესაბამისად, მოთამაშე ანონიმურია;
- არ აქვს წინასწარ განსაზღვრული, გაწერილი წესები;
- თამაშს გარკვეული მისტიური ხასიათის მისია და იდეოლოგია აქვს;
- მონაწილეთა რეკრუტირება სოციალური ქსელების მეშვეობით ხდება;
- მსხვერპლის შერჩევის პროცესში, პოტენციური მსხვერპლის შესახებ ინფორმაციის შესწავლა წინდაწინ ხდება, რა დროსაც ყურადღება ემოციურ ფონს ექცევა, როგორიცაა მარტოობის შეგრძნება, თვითმკვლელობაზე ფიქრი, დეპრესია, დაბალი თვითშეფასება, რაღაც საინტერესოს და მისტიურის ძიება, ნიჰილიზმი, რომელიც დაკვირვების ობიექტის სოციალური მედიის პროფილიდან ადვილად შესამჩნევია;
- თამაშის პროცესში მსხვერპლსა და მოძალადეს შორის შესაძლოა, მეგობრული ურთიერთობა დამყარდეს, რაც მსხვერპლისგან დამატებითი პერსონალური და სენსიტიური ინფორმაციის მიღების და შემდგომ მის წინააღმდეგ გამოყენების ალბათობას ქმნის;
- როდესაც მსხვერპლი თამაშში ერთვება, მას ასევე უქმნიან განცდას, რომ გამოყენებული პლატფორმა მავნე ვირუსული პროგრამით - “მალვეარი” - არის ინფიცირებული (შესაძლოა, ზოგიერთ შემთხვევაში, ეს ასეც იყოს) და ადმინისტრატორს მის სენსიტიურ ინფორმაციაზე წვდომა აქვს. მსხვერპლი თავს მძევლად გრძნობს და იმედოვნებს, რომ, დავალებების შესრულების შემთხვევაში, მის შესახებ მაკომპრომეტირებელი მასალები არ გამოქვეყნდება;
- თამაშის ადმინისტრატორი მონაწილეებს დავალებებს რეგულარულად აძლევს. დავალებები შესაძლოა, დასაწყისში იყოს მარტივი, როგორიცაა გარკვეული ჟანრის მუსიკის მოსმენა ან საშინელებათა ფილმის ნახვა, ხოლო შემდეგში თანდათან ართულებს და მოიცავს ისეთ გამოწვევებს, რომელთა გადალახვაც მოზარდებს უბრალოდ ხიბლავთ და საკუთარი თავის რწმენას უძლიერებს. აქცენტი კეთდება ღამისთევაზე, საშინელებათა ჟანრის ფილმებზე და მოზარდის ფსიქიკისათვის დამანგრეველ სხვა ფაქტორებზე;
- რომელიმე რთულად შესრულებად დავალებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მსხვერპლს აშანტაჟებენ, რომ მის შესახებ მეტად სენსიტიური პერსონალური ინფორმაცია გამოქვეყნდება, რომელზეც თითქოსდა ადმინისტრატორს წვდომა აქვს, ან მსხვერპლს ოჯახის წევრის/საყვარელი ადამიანის სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებიან. "მომოს" შემთხვევაში წყევლის შემცველი მუქარის მესიჯებიც გამოვლინდა;
- თამაშის ბოლო ფაზაში კი ეს დავალებები თვითდაზიანებასა თუ სხვა სახიფათო ქმედებებში გადადის, რაც საბოლოო ჯამში სუიციდით შეიძლება დასრულდეს.
როგორ დავიცვათ თავი თამაში-გამოწვევებისგან?
თამაშში ჩართვა ან მასზე უარის თქმა, ან მისი ნებისმიერ დროს შეწყვეტა მოთამაშეზეა დამოკიდებული.
III. კიბერბულინგი ჟურნალისტების წინააღმდეგ
ხშირად კიბერბულინგის სამიზნეები ჟურნალისტებიც ხდებიან.
კიბერბულინგი ჟურნალისტების წინააღმდეგ სხვადასხვა ფორმით ვლინდება:
- ყალბი ინფორმაციის მიწოდება. ჟურნალისტების რეპუტაციის შელახვის მიზნით მათ ცრუ ინფორმაციას აწვდიან, რომ ყალბი ამბავი გაავრცელებინონ.
- კიბერსაფრთხეები. ჟურნალისტებს ემუქრებათ კიბერსფრთხეებიც (ონლაინ თვალთვალი, ვირუსები, კომპიუტერული შეტევა და სხვ.), რომლებიც ჟურნალისტური წყაროების კონფიდენციალურობის, მათი პერსონალური ინფორმაციის ან გამოუქვეყნებელი მასალის წინააღმდეგაა მიმართული.
- შევიწროება და ფსიქოლოგიური ძალადობა. ჟურალისტების წინააღმდეგ ინტერნეტ სივრცეში ხშირად მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია მათ შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების თუ ზიანის მიყენების მუქარის ფორმით.
მაგალითები
მაგალითი 1. ლურჯი ვეშაპი
კიბერი კიბერბულინგი
მაგალითი 4. ფინელი ჟურნალისტის ჯესიკა აროს კიბერბულინგი
კიბერი