რბილი ცენზურა
რბილი ცენზურა ანუ არაპირდაპირი სახელმწიფო ცენზურა სახელმწიფოს მხრიდან მედიით მანიპულირებას და მის კონტროლს არა პირდაპირი და ძალადობრივი მეთოდებით, არამედ ირიბი ზეწოლის მექანიზმებით გულისხმობს.
რბილი ცენზურა გამოიყენება ხელისუფლების და მისი საქმიანობის პოზიტიურად გაშუქების წასახალისებლად და იმ მედიების წინააღმდეგ, რომელთაც კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა აქვთ. ასეთი პრაქტიკა გულისხმობს სახელმწიფო ინსტიტუტების და წარმომადგენლების, მათი საქმიანობისა და პოლიტიკის საკითხების გაშუქებაზე გავლენის მოხდენას, მედიაში სახელმწიფოს ხარჯების მანიპულაციური გადანაწილების გზით. ეს შეიძლება იყოს რეკლამის განთავსება, სუბსიდირება, მედიასთან დაკავშირებული სხვადასხვა სერვისების შესყიდვა; ნებართვების, ლიცენზიების შერჩევითი გაცემა; რეგულაციების შერჩევითად გავრცელება; ცალკეული მედია საშუალებების სიცოცხლისუნარიანობის ხელოვნურად შენარჩუნება; კონკრეტული მედია საშუალების შინაარსის წახალისება ან პირიქით, მათზე მწვავედ რეაგირება.
რბილი ცენზურის 5 კატეგორია
1) სახელმწიფო რეკლამა; 2) მედიის სუბსიდირება; 3) დაფინანსებული ინფორმაცია; 4) ქრთამი და მოსყიდვა; 5) ზეწოლის სხვა ადმინისტრაციული საშუალებები.
- სახელმწიფო რეკლამა გულისხმობს საბიუჯეტო სახსრების გამოყენებით, სახელმწიფო ტენდერების გამოცხადებასა და მედიაში შესყიდვების განხორციელებას სახელმწიფო პოლიტიკის ან სერვისის პოპულარიზაციისათვის, საინფორმაციო კამპანიის წარმოებისათვის. სახელმწიფო რეკლამირების ბოროტად გამოყენება შესაძლებელია, როდესაც რეკლამირება კონკრეტული თანამდებობის პირის ან პარტიის პოპულარიზაციას ემსახურება, ან რეკლამის განთავსება მედიის სარედაქციო შინაარსზე გავლენის მოხდენის მიზნით ხდება.
- მედიის სუბსიდირება გულისხმობს კონკრეტული მედია საშუალების საბიუჯეტო სახსრებით დაფინანსებას. ფარული სუბსიდირება არის სუბსიდირების ფორმა, რომელიც ფორმალურად არ წარმოადგენს სუბსიდიას, თუმცა შინაარსით იმავე მიზანს ემსახურება.
- დაფინანსებული “ინფორმაცია”. დაფინანსებული შინაარსი ვრცელდება, როგორც ახალი ამბავი, რა დროსაც მედია საშუალებასთან გარკვეული საკითხების მიკერძოებული გაშუქება ფინანსურად ფორმალიზებულია.
- ქრთამი და მოსყიდვა. ჟურნალისტებს, რედაქტორებს და მედია საშუალებებს, გაშუქების შერბილების ან შეცვლის მიზნით, გარკვეულ სარგებელს სთავაზობენ.
- ზეწოლის სხვა ადმინისტრაციული საშუალებები. ლიცენზირების, აუდიტის ან საგადასახადო მექანიზმების და სხვა ადმინისტრაციული ინსტრუმენტების შერჩევითად გამოყენება, რაც შესაძლოა, რბილ ცენზურას სცილდებოდეს, ჰქონდეს პირდაპირი ცენზურის სახე და კრიტიკული და დამოუკიდებელი ხმების ჩახშობას ისახავდეს მიზნად.
რბილი ცენზურა მტკივნეულად მოქმედებს მედიაზე. რესურსებისა და რეკლამის მიკერძოებული, გაუმჭვირვალე გადანაწილებით და სხვა ფინანსური ინსტრუმენტებით ახალი ამბების გაშუქებაზე გავლენის მოხდენამ შეიძლება, გამოიწვიოს თვითცენზურა, რომელიც შეზღუდავს ინფორმაციის გავრცელებას, ხოლო მედია, ერთი შეხედვით, მოჩვენებითად თავისუფალი იქნება.
რბილი ცენზურის მექანიზმების გამოყენება მზარდია და მედიის კონტროლის საკმაოდ ეფექტიან საშუალებას წარმოადგენს. ეს მექანიზმები არის ნაკლებადხილული და დრამატული, რამდენადაც პირდაპირი ცენზურა, რომელსაც ხშირ შემთხვევაში საკმაოდ უხეში ფორმები აქვს, სწრაფად იქცევს პრესის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დამცველი ჯგუფების ყურადღებას. რბილი ცენზურა კიდევ უფრო საშიში და შემაშფოთებელია, რადგან საზოგადოებას, რომელსაც არ მიეწოდება კონკრეტული ინფორმაცია, საერთოდ წარმოდგენა არ აქვს ამ ინფორმაციის არსებობის შესახებ. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია იმ ორგანიზაციების დაინტერესება, რომელთაც ამ ტიპის გავლენების კვლევისა და გამოაშკარავების უნარი და კვალიფიკაცია აქვთ. მნიშვნელოვანია რბილი ცენზურის გავლენის კვლევა და მისი აღმოფხვრის მცდელობა.
რბილ ცენზურაზე საუბრისას სულ უფრო აქტუალური ხდება ონლაინ მედია, რადგან ონლაინ მედიის როლი თანამედროვე, ტექნოლოგიურად განვითარებულ საზოგადოებაში მზარდია. ონლაინ მედიის გაფართოებით ქვეყნების უმეტესობის მედია სტრუქტურა მთლიანად იცვლება. ონლაინ მედიის ფუნქციონირება გაცილებით ნაკლებ ფინანსურ და ადმინისტრაციულ სირთულესთან არის დაკავშირებული, ვიდრე სატელევიზიო ან რადიო მაუწყებლობის, რასაც თან ახლავს, როგორც დადებითი, ასევე ნეგატიური შედეგები. სახელმწიფოს მიერ ონლაინ საინფორმაციო სააგენტოების მომსახურებით სარგებლობა ზოგიერთ ქვეყანაში დამკვიდრებული პრაქტიკაა და ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია დაკვირვება, ხომ არ იყენებს ხელისუფლება ამ სერვისს არა სახელმწიფო, არამედ პარტიული ან კერძო ინტერესებისათვის.
WAN-IFRA-ს რეკომენდაციები
- კანონმდებლობითა და რეგულაციებით უზრუნველყოფილი უნდა იყოს ოფიციალური რეკლამის გამჭვირვალე და სამართლიანი განთავსება, ხოლო კანონმდებლობა უნდა აღსრულდეს სრულყოფილად.
- უნდა დამკვიდრდეს აუდიტორიის გაზომვის მიუკერძოებელი სისტემა, რომელიც სერტიფიცირებულ სტანდარტებს დაეფუძნება და უზრუნველყოფს, რომ რეკლამის განაწილება ტექნიკურ კრიტერიუმებზე იყოს დამოკიდებული.
- მედიის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის განკუთვნილი ნებისმიერი სახის სახელმწიფო დაფინანსება უნდა გაიცეს საჯარო კონკურსის პირობებში, რომელიც გამჭვირვალობის და არადისკრიმინაციული მიდგომის პრინციპებს დაეფუძნება და ყველა მედიისთვის თანაბარ პირობებს უზრუნველყოფს.
- მედიისათვის გამოყოფილი ყოველი სახელმწიფო დაფინანსება უნდა იყოს გამჭვირვალე, ექვემდებარებოდეს აუდიტსა და ანგარიშგებას.
- იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ორგანოები ან თანამდებობის პირები, რეკლამის განთავსებისას, არღვევენ სახელმწიფო თანხების პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენების აკრძალვას, კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს სადამსჯელო მექანიზმებს.
- ნებისმიერი დაფინანსებული შინაარსი მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს სარედაქციო მასალისაგან, რაც მომხმარებლისათვის უნდა იყოს ცალსახად აღქმადი.
- მედია-მენეჯერებისა და ჟურნალისტების ქცევის კოდექსი უნდა ითვალისწინებდეს რბილი ცენზურის გავლენის თავიდან არიდების მექანიზმებს.