სავარჯიშო 1.5. გაფუჭებული ტელეფონი

მონაწილეები მოსმენილ ამბავს ერთმანეთს ჯაჭვურად გადასცემენ, ზუსტად ისევე, როგორც ეს საბავშვო თამაშშია (გაფუჭებული ტელეფონი). ისინი სწავლობენ, თუ როგორ მოიპოვონ დამატებითი ინფორმაცია სხვა წყაროებისაგან.

მიზანი

იმის გააზრება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინფორმაციის წყაროს ცოდნა და რამდენად მარტივია, ინფორმაციის გადაცემისას, განსაკუთრებით ცაიტნოტის პირობებში, გამოგრჩეს არსებითად მნიშვნელოვანი დეტალი, ამით შეცდომაში შეიყვანო გარშემო მყოფები და გაავრცელო ჭორები.


ხანგრძლივობა

20 წთ.


მეთოდი

ჯგუფური მუშაობა


აღჭურვილობა

პროექტორი, ხმის დინამიკები. ამ სავარჯიშოს შესრულება ტექნიკური აღჭურვილობის გარეშეც შესაძლებელია: ასეთ შემთხვევაში, მონაწილეებს სავარჯიშოს დასრულების შემდეგ ტექსტი ურიგდებათ, ან მას ტრენერი კითხულობს.


წყარო: MediaNavigator.org


დავალება:
ტრენერი სთხოვს მონაწილეებს, გაერთიანდნენ 3-5 კაციან ჯგუფებად. ერთი ჯგუფი ადგილზე რჩება, დანარჩენი - ტოვებს აუდიტორიას. ტრენერი ადგილზე დარჩენილ ჯგუფს ტექსტს უკითხავს და 60 წამის განმავლობაში (ინიშნავს დროს) მოსმენილი ამბის გადმოცემას სთხოვს.

აუდიტორიაში დანარჩენ მონაწილეებს უხმობენ და ჯგუფი, რომელმაც “პირველწყაროსაგან” მიიღო ინფორმაცია, მოსმენილ ამბავს ჰყვება. მეორე ჯგუფი ინფორმაციას მესამეს უყვება, მესამე - მეოთხეს და ა.შ.

ბოლო ჯგუფი “ამბავს დეტალურად” უკვე მთელ აუდიტორიას უყვება. მონაწილეები იგებენ, თუ რა დარჩა თავდაპირველი ამბიდან, მისი ოთხჯერ მოყოლის შემდეგ.

ტრენერი კითხულობს/აჩვენებს “რეპორტაჟს” ეკრანზე და წარმართავს დისკუსიას თემაზე, რატომ უნდა მიმართოს არა მარტო რედაქციამ, არამედ მედია მომხმარებელმაც ინფორმაციის რამდენიმე წყაროს.

კითხვები მონაწილეებისათვის:

  • რატომ არის მართებული “ასჯერ მოსმენილს ერთხელ ნანახი სჯობს?”
  • გადმოცემისას იკარგება თუ არა ინფორმაცია და როგორ?
  • როგორ ცვლის/ტოვებს მედია ინფორმაციას ტექსტის ერთმანეთისგან გადაწერისას?
  • რატომ სჯობს წყარო იყოს იდენტიფიცირებული, ვიდრე ანონიმური? როგორ შევამოწმოთ წყაროს სანდოობა?


განხილვის შემდეგ ტრენერს შეუძლია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ მონაწილეებს შეეძლოთ მონათხრობის ჩაწერა და ინფორმაციის დაზუსტება (როგორც წესი, თამაშის დროს ასე არ ხდება). დასასრულს, ტრენერი სემინარის მონაწილეებს აცნობს, რომ ამბის პირველწყაროდ ჰერბერტ უელსის ნაწარმოების “სამყაროთა ომის” სიუჟეტი იყო გამოყენებული (იხ. დამხმარე მასალა).


რჩევები ტრენერს:
სავარჯიშომდე მოამზადეთ რეპორტაჟის ტექსტი (ამობეჭდეთ ან ეკრანზე საჩვენებლად მოამზადეთ).

მნიშვნელოვანია, მონაწილეებს განუმარტოთ, რომ სანდო წყარომაც კი (ნებისმიერი გამოცემა ან ტელეარხი, ცნობილი რეპორტიორი ან ექსპერტი), სხვადასხვა მიზეზის გამო, შეიძლება, დაამახინჯოს ინფორმაცია ან თავად აღმოჩნდეს შეცდომაში შეყვანილი. წიგნიერმა მედია მომხმარებელმა ყურადღება უნდა გაამახვილოს იმ გარემოებაზე, ეყრდნობა თუ არა ჟურნალისტი წყაროს, როგორი და რა წარმომავლობისაა ეს წყაროები. გახსოვდეთ, რომ ღიად იდენტიფიცირებული წყარო ყოველთვის სჯობს “ინფორმირებულ წყაროს” და “ანონიმურ წყაროს”. თუ წყაროს სანდოობასთან დაკავშირებით ეჭვი ჩნდება, აუცილებელია სხვა წყაროების მოძიება და მაგალითად, იმის გარკვევა, გაშუქდა თუ არა იდენტური ამბავი საინფორმაციო სააგენტოებსა და სხვა მედიებში (და რომელში, კონკრეტულად).


ჩამოტვირთე დამხმარე მასალა 2


ჩამოტვირთე დამხმარე მასალა 3