2018 წლის 7 თებერვალს ონლაინ-გამოცემამ “საქართველო და მსოფლიო” გამოაქვეყნა მასალა, სათაურით “მაპატიე, მუსტაფა!”. მასალაში ნათქვამია, რომ ევროკავშირში ფლეშმობი #Sorry იხვეჭს პოპულარობას, რომლის ფარგლებშიც გერმანელი, შვედი, დანიელი და სხვა ევროპული ქვეყნების ქალები მათზე მოძალადე მიგრანტებს მიტევებას სთხოვენ. მასალაში მოყვანილია აქციის ორგანიზატორის, ბრიტა ბორგის კომენტარი. მისი თქმით, მიგრანტები მათ ცხოვრების წესის, ჩაცმის სტილის სხვა კუთხით დანახვასა და იმის გათვითცნობიერებაში დაეხმარნენ, რომ დროა შეიცვალონ. მასალას თან ახლავს ფოტო, რომელზეც გამოსახულია ახალგაზრდა ქალი ქალი ბანერით “Sorry Mustafa.”
გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ფოტო 2014 წელს უკრაინაშია გადაღებული. მასზე უკრაინელი ქალია გამოსახული, რომელიც უკრაინელი სამხედროების მდგომარეობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიაში მონაწილეობდა. ორიგინალ ფოტოზე კი ბანერზე შემდეგი წარწერაა: “გცივა? იფიქრე მათზე, ვიც სანგრებში ზის.” კამპანიის მონაწილეები უკრაინელი ჯარისკაცებისთვის თბილ ტანსაცმელს აგროვებდნენ.
საძიებო სისტემა: Google Image Search
ორიგინალ ფოტოზე, ბანერზე რომელიც ქალს უჭირავს ხელში “Sorry Mustafa”-ს მაგივრად შემდეგი წერწერაა “გცივა? იფიქრე მათზე, ვიც სანგრებში ზის.” თავად ფლეშმობი ჰეშთეგით Sorry არცერთ სოციალურ ქსელში არ იძებნება, ხოლო ბრიტა ბორგი, რომელიც “საქართველო და მსოფლიო”-ს მასალაში აქციის ორგანიზატორად იყო მოხსენიებული, შვედი მომღერალია. იგი 2010 წელს გარდაიცვალა.
შემდგომი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ინფორმაცია ევროპელი ქალების აქცია #sorry-ს შესახებ რუსული მედიისა და სოციალური ქსელების მეშვეობით 2018 წლის 1 თებერვალს გავრცელდა. ყალბი ინფორმაცია გაყალბებული ფოტოს თანხლებით რუსულმა სააგენტოებმა 360tv.ru, Новые Известия, panorama.pub, e-news.su და სხვ. გაავრცელეს.