პუბლიკაციები

თარიღი: 16 აგვ. 2017

მედიაწიგნიერების გზამკვლევი, როგორ ვებრძოლოთ მანიპულაციას და ყალბ ინფორმაციას, 2017

თანამედროვე ტექნოლოგიებმა ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და ინფორმაციის ავრცელების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გააფართოვა, რამაც უფრო პლურალისტური გახადა მედია. თუმცა, სოციალური მედიის შესაძლებლობების გამოყენება ხშირად დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მიზნით ხდება, რასაც შეცდომაში შეჰყავს მედიის მომხმარებელი. წინამდებარე გზამკვლევი მედიის განვითარების ფონდმა მედიაწიგნიერების პროგრამის ფარგლებში მოამზადა. გამოცემის მიზანია, დაეხმაროს მედიის მომხმარებლებს აღიჭურვონ უნარებით, რაც მათ ყალბი ინფორმაციის გადამოწმებაში და დეზინფორმაციასთან გამკლავებაში დაეხმარება. გზამკვლევი 10 საკითხს მოიცავს და შემდეგ თემებს ფარავს: სოციალური მედია და ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამოწვევები; მანიპულაციები და ყალბი ინფორმაცია სოციალურ ქსელებში, ტელევიზიასა და ბეჭდურ მედიაში; ვების გადამოწმების, საარქივო მასალების მოძიების, პიროვნების იდენტიფიცირების, ფოტოს, ვიდეოს, youtube-ის ვიდეოების გადამოწმებისა და ტროლების იდენტიფიცირების პრაქტიკული ხერხები და გზები. იმედს გამოვთქვამთ, რომ აღნიშნული გზამკვლევი დაეხმარება ასევე აკადემიურ წრეებს, განსაკუთრებით ჟურნალისტიკისა და კომუნიკაციის მიმართულებით, ინფორმაციის გადამოწმებისა და პროპაგანდასთან ბრძოლის პრაქტიკული უნარების სწავლების თვალსაზრისით. გამოცემაზე მუშაობდნენ: სოფო გელავა, დალი ქურდაძე, ლიზა გორდაძე, ქეთი გიგაშვილი რედაქტორი: თამარ კინწურაშვილი
ავტორი:სოფო გელავა, დალი ქურდაძე, ლიზა გორდაძე, ქეთი გიგაშვილი
თარიღი: 27 დეკ. 2016

ანტიდასავლური პროპაგანდა, 2016

კვლევა წარმოადგენს მედიის განვითარების ფონდის (MDF) ერთწლიანი მედია მონიტორინგის შედგების ანალიზს, რომელშიც მიმოხილულია 2016 წელს ქართულ მედიაში გამოვლენილი ანტიდასავლური გზავნილები და დეზინფორმაცია, რომელსაც როგორც მედია საშუალებები, ასევე სხვა წყაროები – პოლიტიკური კლასი, სასულიერო პირები, სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები და საზოგადოების ცალკეული წარმომადგენლები ავრცელებდნენ. ანალოგიური კვლევა მედიის განვითარების ფონდმა 2014-2015 წლებში ჩაატარა. კვლევა საქართველოს გაეროს ასოციაციასთან (UNAG) პარტნიორობით, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერა" ფარგლებში განხორციელდა. ანგარიში 2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. შესავალ ნაწილში წარმოდგენილია კვლევის მთავარი მიგნებები, მეთოდოლოგია, და ერთიანი რაოდენობრივი მონაცემები წყაროების მიხედვით. მეორე ნაწილში მიმოხილულია პროპაგანდის მეთოდები და რუსული წყაროები. ბოლო ნაწილში განხილულია ის შემთხვევები, რომლებიც პროექტის „მითების დეტექტორის" ფორმატში გამოვლინდა. ავტორი: თამარ კინწურაშვილი მკვლევარები: დალი ქურდაძე, სოფო გელავა მედია მონიტორინგი: თამარ გაგნიაშვილი, სოფო გოგაძე, ხატია ლომიძე, რომან ბაინდურაშვილი, თამარ სოფრომაძე, თინა გოგოლაძე, ირაკლი ცხადაძე, მარიამ ცუცქირიძე, ნათია გოგელია, ნათია გოგოლაშვილი
ავტორი:თამარ კინწურაშვილი; მკვლევარები: დალი ქურდაძე, სოფო გელავა