მაგალითი 4. ფინელი ჟურნალისტის ჯესიკა აროს კიბერბულინგი

ფინელი გამომძიებელი ჟურნალისტი ჯესიკა არო, პრორუსი პროპაგანდისტების მიერ მის წინააღმდეგ აგორებული ფართომასშტაბიანი დისკრედიტაციის მსხვერპლი მას შემდეგ გახდა, რაც ჟურნალისტმა კრემლის ტროლების შესახებ სტატიების წერა 2014 წლის სექტემბერში დაიწყო.

მასობრივი ინტერნეტკამპანია ტროლების, ფეიკ-პროფილებისა და პრო-რუსული პროპაგანდისტების მონაწილეობით ჯესიკა აროს გამოხატვის თავისუფლების ხელყოფაში სდებდა ბრალს. ჟურნალისტი ელექტრონული ფოსტით ასობით რუსულენოვან წერილს, სატელეფონო მუქარასა და შეტყობინებას იღებდა. ჟურნალისტის მადისკრედიტირებელი მეილები ეგზავნებოდა ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებს, ფინურ მედიასა და კოლეგებს სამსახურში. მაგალითად, ერთ-ერთი სატელეფონო მუქარა, რომელიც უკრაინული ნომრიდან განხორციელდა, მხოლოდ ტელეფონის ყურმილში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმით შემოიფარგლებოდა. ჟურნალისტს 20 წლის წინ გარდაცვლილმა მამამაც „მისწერა" შეტყობინება, თითქოს „თვალყურს ადევნებდა" შვილს. იუთუბზე პოპულარული გახდა ჯესიკა აროზე დაწერილი სიმღერა და ვიდეორგოლი, რომელიც მას ე.წ „რუსეთის ტროლების არმიის ჰიბრიდული ომის დეპარტამენტმა" მიუძღვნა. ვიდეოში სპეციალურ კოსტიუმსა და პარიკში გამოწყობილი მსახიობი ჯესიკა აროს განასახიერებს, რომელიც „ნატოს ნდობით აღჭურვილი პირი", „ამერიკის ტროლი" და „ბონდის გოგონაა" რუსული ტროლების და ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ.

2018 წლის ოქტომბერში ფინეთის სასამართლომ ჯესიკა აროზე ონლაინ თავდასხმისთვის პრო-კრემლინური ტროლები გაასამართლა. მათ შორის იყვნენ ფინელი მამაკაცი, რომელიც წლების მანძილზე აროს ცილს სწამებდა და შეურაცხყოფდა ონლაინ სივრცეში; ილია იანიტსკინი - ულტრა მემარჯვენე, კრემლინური ვებსაიტის MV-Lehti-ს დამფუძნებელი, რომელსაც 22 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა; ჯოან ბაკმანი,რომელსაც 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლოს განმარტებით, ბაკმანი სხვა პირებს აროზე თავდასხმისკენ ახალისებდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით ამ და სხვა პირებს ასევე 136 000 ევროს გადახდა დაეკისრათ, რაც ჯესიკა აროსა და სხვა ორ მსხვერპლზე გადანაწილდება.