მაგალითი 1. სერ პოლ მაკკარტნი ჟურნალ “ჰელლოუს წინააღმდეგ”

საჩივარი: დიდი ბრიტანეთის პრესის საჩივრების კომისიას სერ პოლ მაკარტნიმ მიმართა და 1998 წლის მაისში ჟურნალ “ჰელლოუში” მისი და მისი ოჯახის წევრების ფოტოების გამოქვეყნების ფაქტი გააპროტესტა. ფოტოები პარიზის ნოტრ დამის ტაძარში მუსიკოსის და მისი შვილების ყოფნას ასახავდა. პუბლიკაცია იუწყებოდა, რომ ტაძარში მაკარტნებმა სანთელი გარდაცვლილ მეუღლეს და დედას ლინდა მაკარტნის დაუნთეს და მისთვის ილოცეს. ფოტოები გამოქვეყნდა სათაურით “მეუღლე ლინდას გარდაცვალებიდან ერთი თვის თავზე სერ პოლ მაკკარტნი შვებას შვილებთან ეძებს”.


სერ პოლ მაკკარტნის შეფასებით, ეს პუბლიკაცია იყო მის პირად ცხოვრებაში ჩარევა და მისთვის სულიერი ტრავმის მიყენება. მუსიკოსმა განაცხადა, რომ არც მან და არც მისი ოჯახის წევრებმა არაფერი იცოდნენ მიმდინარე გადაღებებზე და რომ `ოჯახისათვის ურთულეს პერიოდში ფოტოებზე უნებართვოდ აისახა მათთვის უაღრესად პირადი მომენტები. მოსარჩლის აზრით, არ არსებობდა რაიმე არგუმენტი, რომელიც ამ ფო- ტოების გამოქვეყნებას გაამართლებდა.

ჟურნალის რედაქტორმა კომისიას განუცხადა, რომ აღნიშნული მასალა რედაქციამ ფოტო სააგენტოსგან მიიღო და ფოტოები მეტად შთამბეჭდავი იყო, რადგან ოჯახის წევთა ურთიერთობა მკითხველში გულწრფელ თანაგრძნობას იწვევდა.

 

გადაწყვეტილება: კომისიამ მხარი დაუჭირა სერ პოლ მაკარტნის საჩივარს და პრაქტიკის კოდექსის მე-3 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მე-5 (სხვის მწუხარებასა და პირად განცდებში შეჭრა) მუხლების დარღვევა დაადგინა.


მოტივაცია: კომისიამ განიხილა და არადამაკმაყოფილებლად სცნო ჟურნალის რედაქტორის პირველი არგუმენტი იმის თაობაზე, რომ ფოტოები ფოტო სააგენტოდან მოიპოვეს, რადგან რედაქტორი ნებისმიერ შემთხვევაში აგებს პასუხს გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე. კომისიამ ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია რედაქტორის მტკიცება, რომ ტაძარში გადაღებული ფოტოები ჟურნალში მასთან შეუთანხმებლად დაიბეჭდა.


კომისიამ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ არ შეიძლებოდა აღნიშნული მასალის გამოქვეყნებას საფუძვლად საზოგადოებრივი ინტერესი დადებოდა. კომისიამ გაიზიარა სერ პოლ მაკკარტნის შეფასებები იმის თაობაზე, რომ ფოტოების გამოქვეყნება სიღრმისეული შეჭრა იყო მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაში და აღნიშნა, რომ სალოცავები სწორედ ის ადგილია, სადაც ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება, მარტომ ილოცოს და ჟურნალისტებმა პატივი უნდა სცენ პიროვნების ამ უფლებას, როგორც ამას პრაქტიკის კოდექსის ნორმა მოითხოვს.

3. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა

  1. ნებისმიერი ადამიანის პირადი დაოჯახური ცხოვრება, საცხოვრებელი სახლი, ჯანმრთელობა და პირადი მიმოწერა ხელშეუვალია. პუბლიკაციაში დასაბუთებული უნდა იყოს ნებისმიერი პიროვნების პირად ცხოვრებაში დაუკითხავად შეჭრის აუცილებლობა.
  2. მიუღებელია ცალკეული პირებისთვის ტელეობიექტივით ფოტოსურათის გადაღება კერძო ადგილებში, თუ არ არსებობს თავად ამ პირთა თანხმობა. შენიშვნა: კერძო ადგილი წარმოადგენს საჯარო ან კერძო სა კუთრებას, სადაც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დასაბუთებული მოლოდინი არსებობს.

5. სხვის მწუხარებასა და სულიერ განცდებში შეჭრა:

საჭიროა სიფრთხილისა და თანაგრძნობის გამოჩენა იმ შემთხვევების გაშუქებისას, რომლებიც პიროვნულ მწუხარებასა და სულიერ განცდებს უკავშირდება. თუმცა არ უნდა მოხდეს ამ ნორმის ინტერპრეტირება, როგორც ერთგვარი შეზღუდვა სამართლებრივი პროცესების გაშუქებაზე.